GE

ვინ რომელ საათზე შევა მე–11 კლასის საატესტატო გამოცდაზე – პასუხი მოსწავლეებს

მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდები მომავალ კვირაში დაიწყება და ისინი კატის გამოცდას 4 საგანში ჩააბარებენ, ესენია – ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. მე–11 კლასის გამოცდებიც დილის 09:00 საათზე დაიწყება და დღის განმავლობაში მოსწავლეები ელექტრონულ ტესტირებაზე სხვადასხვა ნაკადად შევლენ.

საგამოცდო განრიგი უკვე ცნობილია, თუმცა EDU.ARIS.GE –ს არაერთმა მოსწავლემ მომართა კითხვით – რომელ საათზე მოუწევს მას გამოცდაზე შესვლა, როდის და სად შეძლებენ მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ბართის აღებას, სადაც გამოცდების განრიგი და დრო იქნება მითითებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ბარათებს, რომელზეც საათებიც იქნება მითითებული, სკოლის ადმინისტრაცია არიგებს. მათივე თქმით, აღნიშნული ბარათები ჯერ ხელმისაწვდომი არც სკოლებისთვისაა.

„შესაბამისი ბაზების გახსნა სკოლებისთვის, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოსთვის მოხდება, რის შემდგომაც სკოლა თავად დაიწყებს მოსწავლეებისთვის საატესტატო ბარათების დარიგებას, სადაც გარდა თარიღებისა, გამოცდის ადგილი და დრო იქნება მითითებული“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE –ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

11 ივნისს მე-11 კლასის მოსწავლეებს წინასაგამოცდო პრეტესტი ჩაუტარდებათ, ხოლო 12 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებენ. მოსწავლეებისთვის გამოცდა 4 საგანში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) ჩატარდება. ამ საგნების სწავლას მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს ასრულებენ.

ამასთან, მოსწავლე, რომელიც რომელიმე საგანში ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, აღნიშნულ გამოცდას მომდევნო წელს, მე-12 კლასის დასრულებისას დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად ჩააბარებს.

მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი – 2017-2018 სასწავლო წელი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური