GE

წარჩინებული სტუდენტები 500-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ – ახალციხის მერიის გადაწყვეტილება

ახალციხელი წარჩინებული სტუდენტები, მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებენ.

ამის შესახებ ვკითხულობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში დამტკიცებულ სტიპენდიის გაცემის წესში, რომელიც დღეს, 2 თებერვალს გამოქვეყნდა

დოკუმენტის თანახმად, სტიპენდიის ოდენობა ერთ წარჩინებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500 ლარს (დარიცხული). მას ასევე გადაეცემა სერტიფიკატი და მითითებულია, რომ წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე გადაერიცხება.

„სტიპენდიის გაიცემა სტუდენტებზე მოხდება სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

იმისთვის, რომ სტუდენტმა სტიპენდიის აღება შეძლოს მან  განსაზღვრული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

წარჩინებულ სტუდენტად ჩაითვლება პირი, რომელიც:

არის საქართველოს მოქალაქე; განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა; აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური