GE

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით პორტუგალიაში მასწავლებლებმა მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს

პორტუგალიელმა მასწავლებლებმა მასობრივი, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, 14 იანვარს, დემონსტრაცია სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ლისაბონში გაიმართა.

ათი ათასობით მასწავლებელი საპროტესტო ბანერებით ხელში ითხოვდა პორტუგალიის განათლების მინისტრის, ჟოაო კოსტას გადადგომას.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საპროტესტო დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტი სკოლის მასწავლებელი გამოვიდა.

მასწავლებელთა პროტესტი 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და როგორც უცხოური მედია წერს, პორტუგალიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტია ბოლო წლების განმავლობაში.

დემონსტრაციაზე გამოსული პედაგოგები ამბობენ, რომ მათი ამჟამინდელი ხელფასები ძალიან დაბალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გაზრდილია ცხოვრების ხარჯები. Reuters-ის ცნობით, პორტუგალიაში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მასწავლებლები თვეში, დაახლოებით, 1 100 ევროს გამოიმუშავებენ, მაგრამ საუკეთესო მასწავლებლების ხელფასიც კი 2 000 ევროზე დაბალია.

მასწავლებლების ნაწილი 2022 წლის დეკემბრიდან ნაწილობრივ გაფიცულია, რის გამოც ქვეყანაში ზოგიერთი სკოლა დახურეს კიდეც. საპროტესტო აქციების ახალი ტალღა 16 იანვრიდან არის დაანონსებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური