„ხშირად, მშობლები გვთხოვენ ვიყოთ მომთხოვნები და მკაცრები, არატრადიციულ მეთოდებს ნაკლებად ენდობიან“
ავტორი: მზეო შველიძე, სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია ,,AIA-GESS’’, სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
კოვიდრეალობამ, რომელმაც აბსოლუტურად ყველა სფეროს, პროფესიის წარმომადგენელი დააყენა ახალი თავსატეხების წინაშე, მასწავლებლებსაც სრულიად ახალი პრობლემები გაუჩინა. ეს გამოწვევები ძველი პრობლემების მასშტაბებსაც აჩვენებს და ახალთან გამკლავების სირთულესაც. სკოლა და სასკოლო სისტემა ავად თუ კარგად დღეს უკვე ონლაინ რეჟიმში მუშაობს, თუმცა მასწავლებლის როლი კვლავ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებს მოსწავლეების მსგავსად უწევთ „საგანგებო მდგომარეობაზე“ გადაწყობა, განსხვავებული ცოდნითა და მიდგომებით მუშაობა (ტექნიკას უნდა აუწყონ ფეხი). წინაღობები მასწავლებლებს ადრეც ბევრი ჰქონდათ, თუმცა ახლა კიდევ უფრო მეტი.
მასწავლებლებს, რომლებსაც გაკვეთილის ჩატარების არატრადიციული სტილი და მეთოდი გვაქვს, ეს მეთოდები კი საპირისპიროა ძველი, ტრადიციული გაკვეთილის, კიდევ უფრო დიდი თავსატეხები გვიჩნდება. გაკვეთილის დაგეგმვა იმგვარად გვიწევს, რომ თანაბრად მოსაწონი იყოს, როგორც ჩვენი მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც. მშობლები არატრადიციულ მეთოდებს ნაკლებ ენდობიან, გაკვეთილი მათთვის აქტიურ მასწავლებელთან ასოცირდება, რომელსაც ძლევამოსილების დემონსტრირებაც შეუძლია და მოსწავლეების სრულად დაქვემდებარებაც საკუთარი აზრებისთვის.
რიგ შემთხვევებში, მშობლებს არ ესმით რა საჭიროა ღონისძიებები, სადაც მასწავლებელი ნებით ამბობს უარს ძალაუფლებაზე, ან ამ ველში შედის ისე, როგორც მოსწავლის თანასწორი, ოღონდ მასზე მეტი ცოდნით (და არა უფლებით). ჯგუფური სავარჯიშოების თუ ფილმების ყურების საჭიროებას მშობლები ხშირად ვერ ხედავენ, ისინი მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ დავალებებს, რომლებიც ინტერპრეტაციის ან ანალიზის ნაცლად გამეორებას მოითხოვს. ეს დიდი გამოწვევაა, რომელთან გამკლავებასაც აქტიურად ვცდილობთ.
ჩვენი გაკვეთილები დღეს საჯაროა მიკროსაზოგადოებისთვის, ოჯახისთვის, ჩვენი მსმენელები ბავშვების გარდა მათი მშობლები, დები თუ ძმები, ბაბუები, ბებიები, ნათესავები, მეზობლები და ხშირად ოჯახის ახლობლებიც არიან.
წარმოუდგენელია, გაკვეთილების ყოველი მათგანის გემოვნების, ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებით ჩატარება. იმ მითების გათვალისწინებით ჩატარებაც, რომელიც გარემოებებს, სოციო-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას მოაქვს. მეორე მხრივ, თუ მასწავლებელი ყველა თავისებურებას სრულად მოერგება, ის აუცილებლად გავა საგანმანათლებლო ველიდან და მოსწავლეს აზროვნების შეწყვეტისკენ უბიძგებს.
ვცდილობთ გეგმაზომიერები ვიყოთ, ბალანსი დავიცვათ ისე, რომ საკუთრივ პედაგოგიურ სტილზე უარი არ ვთქვათ, რადგან მოსწავლეს დავუტოვოთ საკუთარი თვალებიდან ყურების უფლება.
ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები გვთხოვენ, ვიყოთ მომთხოვნები და მკაცრები, ჩვენი გაკვეთილი შემოფარგლული სასკოლო სახელმძღვანელოთი იყოს. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოებიც ნაკლებს საშუალებას იძლევა ინტერპრეტაციისთვის, მათ მთავარ ფუნქციად ინფორმაციის მიწოდება, მექანიკური გამეორება რჩება. ყველა მასწავლებელი, რომელსაც აქვს სათანადო სტატუსი და კვალიფიკაცია, ალბათ, აცნობიერებს რა მიდგომა და რესურსი შეარჩიოს მოსწავლეებისთვის.
ვნებათაღელვას დღეს კიდევ ერთი თემა იწვევს, რომელიც დაკავშირებულია ახალ რეალობასთან, გაკვეთილზე კამერის ჩართვა, არ ჩართვასთან. სამინისტროს რეკომენდაცია ამ მიმართულებით მბრძანებლური ნაკლებადაა, თავისუფლებას უტოვებს, როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს, რომ ეტაპობრივად გამოიყენონ კამერა.
პირადი გამოცდილებიდან ცხადია, რომ მოსწავლის იძულება, მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჩართოს კამერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ გარკვეულ წინაპირობებს, რის გამოც მას არ სურს კამერის ჩართვა, ღირსების შემლახველია. მიუხედავად იმისა, რომ ღიაობა დროის მოთხოვნაა, მოსწავლეს უნდა დავუტოვოთ თუნდაც საკუთარი ცხოვრების ჩვენთვის გადამალვის უფლება. გადამალვის მიზეზები უფრო ყურადსაღებია, ვიდრე ფაქტი, რომ კონკრეტული მოსწავლე კამერას არ რთავს. მიზეზები სხვადასხვაგვარია, თუმცა სოციალური მდგომარეობა საკუთარ როლს თამაშობს. ამ მიზეზით მოსწავლეებს ხშირად არ სურთ იმ ადგილის ჩვენება, საიდანაც ერთვებიან; ზოგს არ აქვს პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი; სახლში ხალხმრავლობაა ან ხმაურია, რადგან სივრცე პატარაა, ადამიანების რაოდენობა კი არც ისე მცირეა;
დიდია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ზეგავლენაც, მოსწავლეები თითქოს არასდროს არიან მარტო, მაგრამ ისინი თავს მარტოსულად გრძნობენ, ხშირად დეპრესიულები არიან. ვაიძულოთ კამერის ჩართვა? ღირს ზედამხედველობას დავუქვემდებაროთ ისინი, ვის ფსიქოლოგიურ მდგომარებასაც ამძიმებს კამერა? ფაქტი, რომ ბავშვი არ რთავს კამერას ხშირად ერთმნიშვნელოვნად ბავშვის სიზარმაცედ აღიქმება. ჩართული კამერა თითქოს ბავშვის აკადემიური მოსწრებისა და მისი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის სინონიმად იქცა.
კლაუსტროფობიულ მდგომარეობაში, მკაცრი, დამსჯელი მასწავლებლის როლი, რომელიც დეტალურად მიუყვება სასკოლო პროგრამას კიდევ უფრო საეჭვოა, მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის კიდევ უფრო დამთრგუნველი. ვიზუალური და აუდიო მასალის გამოყენება, რომელიც მოსწავლეს უბიძგებს ფიქრისკენ ამავდროულად ართობს კიდეც, განტვირთვისა და კონცენტრაციის საშუალებას ერთდროულად იძლევა. მშობლების ნაწილისათვის ყოველგვარი გადახრა სასკოლო პროგრამიდან უკვე შიშს იწვევს, მათთვის ძირითადი რესურსი მასწავლებლისთვის სასკოლო წიგნია და მოსწავლისთვის სასკოლო რვეული. ეს მაშინ, როცა ახლა ისინი ოდნავ თუ პასუხობს პანდემიის გამოწვევებს. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლების წიგნებზე ამის თქმა ნამდვილად შემიძლია.
მაგალითისთვის პრაქტიკული დავალებების მოყვანაც შეიძლება, „მე და საზოგადოების“ მოსწავლის რვეულში არის დავალება, რომელიც მოსწავლეებს ექსკურსიის შესახებ მოყოლას სთხოვს. ეს მაშინ, როცა მოსწავლეებს აღარ ახსოვს ბოლოს როდის იყვნენ ექსკურსიაზე ერთად. მსგავსი კითხვები არის თეატრზე, ლაშქრობაზე, ეს უწყინარი თემები ამ მოცემულობაში ზოგჯერ დეპრესიულ ფონს ქმნის და კიდევ უფრო ართულებს მოსწავლეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გახსენება მათ თრგუნავთ და არ ართობთ.
გამოწვევები, რომელთა წინაშეც მასწავლებლები დღეს ვდგავართ, რა თქმა უნდა, დაძლევადია და მოითხოვს ჩვენი ცოდნის, რესურსისა და მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრას იმ მდგომარეობაში, რომელშიც სამყარო ამ წამსაა. პრობლემები, რომლის წინაშეც მოსწავლეები დგანან მასწავლებლებისთვისაც არანაკლებ ნაცნობია. საერთო სოციალური ფონი თუ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაყოფის ნაცვლად თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობას აძლევთ, მითების ნგრევისთვისაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდნენ მშობლები, რომელთაც დასამარცხებელი ასევე ბევრი ურჩხული ჰყავთ.