„კიდევ ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის მოწმე გავხდებით“ – ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის გამოწვევები სააშკარაოზე გამოდის
ავტორი: თეა ქარჩავა, ისტორიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი, განათლების სისტემის წარმომადგენელი- ისტორიის ექსპერტი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.
(ინსტიტუციური და მეთოდიკური-შინაარსობრივი პრობლემები)
მკითხველს მოეხსენება, რომ სასკოლო სისტემა 10+ 2 ფორმატზე გადადის რამაც ფორმალური განათლებაში საგნობრივი სტრუქტურისა და შინაარსის ცვლილება მოითხოვა. ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმები და ცვლილებები საზოგადოებისთვის და პედაგოგებისთვის ახალი არ არის. თუმცა სისტემამ ეროვნული სასწავლო გეგმაში- სწავლა-სწავლების პროცესის განმსაზღვრელ დოკუმენტში გაწერილი მოცემულობისა და საკლასო ოთახში წარმართული პროცესის დაახლოების მიმართულებით დიდად ვერ წაიწია წინ. ამჟამად თავს ვალდებულად მივიჩნევ, მიმდინარე ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის არაჯანსაღად წარმართულ პროცესი სისტემის შიგნიდან, სპეციალისტის თვალით დაგანახოთ და გამოვთქვა სამწუხარო ვარაუდი, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის განხორციელების მოწმე გავხდებით.
არაკომპეტენტური კადრები და პროცესის არასწორი მართვა
ინსტიტუციური, შინაარსობრივი, მეთოდიკური და მენეჯმენტის მიმართულებით არსებული მწვავე პრობლემები
ალბათ, სჯობს მივყვეთ თანმიმდევრულად: ნებისმიერ საჯარო უწყებაში არის მუშაობის გარკვეული სპეციფიკა, ერთგვარი ვერტიკალი და ამ ვერტიკალში მოწოდებული დავალებებიც, რომელთა სულისკვეთებას რიგითი სპეციალისტები შეიძლება არ იზიარებდნენ ან არ ეთანხმებოდნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სამინისტროში სწრაფად იცვლებიან მინისტრებიცა და მოადგილეებიც, არსებითია საშუალო რგოლის (დეპარტამენტის უფროსები) ხელმძღვანელებს, მით უფრო თუ ის შინაარსობრივი სამუშაოს შემსრულებელი რგოლის ხელმძღვანელია, ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლების საკითხებზე ფართო ხედვა და ელემენტარული კოლეგიალური უნარები. როცა ეს არსებობდა, სპეციალისტებთან ჯანსაღი ურთიერთობითა და თანამშრომლობით ბევრი არასასურველის არიდებაც ხდებოდა, ასევე – სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღწეოდა საგანმანათლებლო სივრცეში. სიახლე არ არის თუ ვიტყვი, რომ საჯარო უწყებები დგას თავდადებულ და კეთილსინდისიერ სპეციალისტებზე.
14 წელი ვმუშაობდი ისტორიის ექსპერტის პოზიციაზე საკუთრივ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კერძოდ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში ისტორიის სწავლა-სწავლების განსაზღვრის, საგნობრივი სტანდარტების შემუშავება – დანერგვის მიმართულებით, ანუ ფორმალურ განათლებაში ისტორიის დისციპლინის (გარკვეული პერიოდი, სანამ ამ ტიპის პოზიცია არსებობდა, საზოგადოებრივი მეცნიერებებისაც) კურატორი ექსპერტი გახლდით.
წლების მანძილზე ჩვენი დეპარტამენტის შიგნით მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტის – ეროვნული სასწავლო გეგმაზე მუშაობის სპეციფიკა ისეთი იყო, რომ ითვალისწინებდა ფორმალური განათლების განმსაზღვრელი ყველა საგნის ექსპერტების ჩართულობას, ე.წ. მრგვალი მაგიდის პრინციპით. საერთო ჩართულობით მიიღებოდა გადაწყვეტილება ფორმატზე, მეთოდოლოგიაზე და შემდეგ, საგნობრივი სპეციფიკაციის შენარჩუნებითა და საერთო ყალიბის დაცვით აისახებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. შეიძლება გარეშე ადამიანისთვის არაა საინტერესო, რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თუმცა განათლების სპეციალისტებს მოეხსენებათ, რომ საგნობრივი სტანდარტები ის ბაზაა, რაზე დაფუძნებითაც, უპირველესად უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი სკოლებში, შემუშავდეს პედაგოგთა ტრენინ-გმოდულები თუ საგამოცდო პროგრამები, დაიწეროს სახელმძღვანელოები. ისიც ყველას მოეხსენება, რომ თუ რაიმე ამ მიმართულებით საზოგადოებრივ ნეგატიურ დამოკიდებულებას მიიღებს – მაშინვე ხელის გამოშვერა ხდება ეროვნული სასწავლო გეგმისგან, რომ აი, სტანდარტში ასე ეწერა. ამდენად, მისი მნიშვნელობა ეჭვგარეშეა და დარგის სპეციალისტების მასში ჩართულობის საჭიროებაც ეჭვგარეშეა.
დარგის სპეციალისტი (საგნობრივი ექსპერტი), ამავდროულად, მოიაზრებოდა ერთგვარ ხიდად, მედიატორად, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუციისა, და მეორე მხრივ, ფართო გაგებით, თავის სექტორთან, რომ მიღწეულიყო საზოგადოებრივი ინტერესი და კონსენსუსი განათლების საკითხების ირგვლივ კონკრეტულ საგანში. ძალიან მნიშვნელოვანია და საქმე უკეთესად მიდის, თუ სექტორი და სახელმწიფო უწყება თანამშრომლობას ახერხებს. უშუალოდ ისტორიის სტანდარტებსა და რესურსებზე მუშაობის გარდა, წლები ვაშენებდი ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რასაც უნდა უზრუნველეყო უწყებისა და ისტორიკოსთა პროფესიულ წრეებთან და ასოციაციასთან თანამშრომლობა, რათა ისტორიის ადეკვატური მიზნების შესაბამისი სწავლა-სწავლების ხარისხიანის აწევისთვის მიგვეღწია ყველას ერთად, ეროვნული ცნობიერების და იდენტობის განმსაზღვრელი საგნის სწავლება ყოფილიყო მეტად თანამედროვე, ოდესმე ისტორია მხოლოდ ფაქტების და წლების დასწავლასთან არ ასოცირებულიყო და არ დარჩენილიყო მოსწავლე, რომელიც იტყოდა, რომ ეს საგანი არ უყვარს და ა.შ.
განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები გამოუსწორებელი ოპტიმისტები თუ არ არიან, ხვალ და ზეგ თუ ელოდებიან უცბად შედეგს, სხვისი მოსმენა, შენიშვნებზე, კრიტიკის მიმღებლობა და სწორი რეაგირების უნარი თუ არ აქვთ, სხვაგან უნდა იმუშაონ. თუმცა აქ გამოვლენილ ოპტიმიზმს ისე განვმარტავდი, როგორც საუკეთესოდ ჩამოაყალიბა ჩერჩილმა – „მე ოპტიმისტი ვარ. როგორღაც არ აქვს განსაკუთრებული აზრი, რომ რაიმე სხვა ვიყო’’. ამიტომ, ჯიუტად მივყვებოდი გასაკეთებელს და ვაკეთებდი. ვწუხვარ, თუ სექტორის საჭიროებებს ეს იმდენად ვერ სწვდებოდა, რამდენადაც საჭიროა, მაგრამ ერთი ადამიანის კვალობაზე მართლა მცდელობას არ ვაკლებდი და სანამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა მქონდა, მგონია რომ ისტორიისა და ზოგადად, საზოგადოებრივ მეცნიერებების მიმართულებით, რაღაცებს ვაზღვევდით (სადაც გარე ინტერვენციების მცდელობები ყოველთვის აქტუალურია ხოლმე), რაღაცების პრევენციას ვახდენდით და ვცდილობდით, რომ სწორი მიმართულებით გვემოძრავა.
თუმცა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ამჟამინდელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც მწირი კომპეტენცია და სუსტი მენეჯერული უნარები აქვს, საკუთარ პროფესიულ სისუსტეებს ვერტიკალში ნებისმიერი დავალების შესრულებით აბალანსებს, თუნდაც ეს დავალება დღეს ერთი იყოს, ხვალ მეორე და სრულიად უაზროდ იფლანგებოდეს ფინანსური რესურსი, არ მიიღწეოდეს დაგეგმილი საგანმანათლებლო მიზნები. „დავლაგდით ამასთან და ამასთან“ – მისი საყვარელი ფრაზაა, ამ კატეგორიებით აზროვნება – ნორმა. ამგვარი მენეჯერის პირობებში, ეროვნული სასწავლო გეგმის შემქმნელ და დამნერგავ ჯგუფში პრობლემები მალევე გაჩნდა. საკუთრივ დეპარტამენტშიც წინა პლანზე წამოიწიეს ამბიციურმა ადამიანებმა, შეიკრა უცნაური ალიანსები, ერთპიროვნული ინსტრუქციების გაცემა დაიწყო და თანამშრომლობითი ფორმატი უარყო ხალხმა, რომელიც ხელმძღვანელის ფავორიტთა ვიწრო წრეში ჩაეწერა.
ინსტიტუციური, შინაარსობრივი, მეთოდიკური და მენეჯმენტის მიმართულებით არსებულმა მწვავე პრობლემებმა არაერთი კვალიფიციური კადრი დააკარგვინა დეპარტამენტს – რამდენიმე კვალიფიციური საგნობრივი ექსპერტი წაგვივიდა, დარჩენილების მდგომარეობა ყველა საქმიანი შენიშვნის, რეკომენდაციის ან დათვლილი რისკების კვალდაკვალ, ეტაპობრივად დამძიმდა; ახლად მოსული თანამშრომლების მიღება ან წახალისება ხდება უპირობო ლოიალობის ნიშნით; დეპარტამენტი კლასიკურ კლიენტელას დაემსგავსა. შესაბამისად, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება, ადეკვატური რეფლექსია, უწყებრივი ეთიკა დავიწყებას მიეცა და ექსპერტული მოსაზრებების გვერდის ავლით არაერთი საქმე გაფუჭდა (მაგალითისთვის, ძვირადღირებული „ახალი სკოლის მოდელიც’’ კმარა, რის ირგვლივაც – 2023 და 2024 წელს ორი, უწყების გარეთ ჩატარებული კვლევები გვარწმუნებს, საგნობრივი ექსპერტების პრევენციული რეკომენდაციები რამდენად რელევანტური იყო).
საგნის ექსპერტების გარიდება
კომპეტენტური სპეციალისტების ჩამოშორება სწავლა-სწავლების პოლიტიკის განსაზღვრისგან
მიუხედავად ამ ფილტრაციისა, 3-4 წელი იქნება დეპარტამენტში ზოგადადაც აიღეს კურსი საგნობრივი სპეციალისტების (ექსპერტი), როგორც დარგის პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელის, საქმიანობის უკიდურესი შეზღუდვისკენ. გადაწყდა – ფორმალური განათლების განმსაზღვრელი ყველა საგანზე, მისთვის საჭირო ფორმატზე, რესურსებზე, სექტორთან ვისთან ითანამშრომლონ იმ საკითხზეც კი – ექსკლუზიური უფლებამოსილება ორიოდე პირმა აიღოს – მერე რა, თუ ყველა საგანი არ იციან, მერე რა თუ სექტორში სათანადო ნდობით არ სარგებლობენ. ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფისთვის, დეპარტამენტში დასაქმებული საგნობრივი ექსპერტების ეტაპობრივი გარიდების მექანიზმი შემდეგია – ჯერ ”ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა“ -დან საგნის კურატორი ექსპერტები გაგვამწესეს ქვეპროგრამაში – „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და მხარდაჭერა ქართულენოვან სკოლებში“.
როდესაც ამაზე პრეტენზიები გამოითქვა, მივიღეთ ბუნდოვანი პასუხები, რომ რა მნიშვნელობა აქვს სახელს და ა.შ. 2025 წლის იანვარში კი, ისე რომ არავითარი აუცილებელი წინაპირობების ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია, ეს ქვეპროგრამა სამინისტროდან გადატანილი აღმოჩნდა სსიპ „მასწავლებლის სახლში’’. საგნის კურატორი ექსპერტები გაათანაბრეს კონკრეტული საგანმანათლებლო საჭიროებისთვის დაქირავებულ ე.წ. „პროდუქტზე მიბმულ“ (ანუ დროებით) ექსპერტებთან და სრულად ჩამოგვაშორეს საგნის სწავლა-სწავლების პოლიტიკის განსაზღვრას. იმაზე დაკვირვებით, თუ რა ტიპის ქვეპროგრამები შენარჩუნდა სამინისტროში – ფრიად უცნაურად გამოიყურება, რომ სწორედ “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და მხარდაჭერა ქართულენოვან სკოლებში“ საჭიროებდა ამ კონკრეტულ მომენტში რეორგანიზაციას. მით უფრო, რომ სამივე საფეხურზე საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება არ დასრულებულა- სამუშაო ვერსიებია შექმნილი, რამაც წესით, ფართო განხილვების ფორმატში, ვალიდაცია უნდა გაიაროს.
როგორი იყო საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი 2024 წელს
ტყუილები და საზოგადოებისა თუ სპეციალისტებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რელევანტურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად
ცალკე აღწერას იმსახურებს, თუ როგორი მენეჯმენტის პირობებში მიმდინარეობდა საგნობრივ სტანდარტების რევიზია 2024 წელს. მანამდე ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი, ე.წ. ადმინისტრაციული თავიდან საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაიკარგა. დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სათანადო არგუმენტები ვერ მოიშველია ან არ იბრძოლა დოკუმენტის არსებითი საკითხების დაცვისთვის. ამ მხრივ, პრობლემები გზადაგზა იჩენს თავს. თუმცა, ამჯერად მე ესგ-ის მეორე თავის კონტენტის – საგნობრივი სტანდარტების მიმართულებით მინდა ვისაუბრო. 2024 წელს ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი ესგ-ის რევიზიას ცუდი სასტარტო პირობებით იწყებდა – 2023 წლის მიწურულს უსახელოდ იყო დამთავრებული „ახალი სკოლის მოდელი’’, რომელიც დათქმულ ვადებზე ადრე შეწყდა, მაღალბიუჯეტიანი პროექტის დიდი მიზნები მიუღწეველი დარჩა, მდგრადობა პრაქტიკულად ნულის ტოლია და უფრო ადრეც და უფრო სავალალოდაც დამთავრდებოდა, მისთვის „მაშველი რგოლი“ სკოლების ავტორიზაციის პროცესზე მიბმა რომ არ გამხდარიყო. ეს, ასე ვთქვათ, „გადაკვალიფიცირება’’, გაიოლდა ზოგადი განათლების კურატორი მოადგილის მხარდაჭერით, რომელიც პარალელურად, გარკვეული პერიოდი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორიც იყო, სადაც სკოლების ავტორიზაციის საბჭო მუშაობდა. კრიტიკოსები არც განათლების საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებაში გვაკლდა და არც შიგნით – სპეციალისტებსა და ქოუჩებში, რომელთაგან ბევრმა ჩათვალა, რომ მათი შრომა ისე გაატარა საცერში სისტემამ, რომ ლოგიკურ ნიშნულამდე საქმე ვერ მიიყვანა.
რადგან სახარბიელო სტანდარტი არ გვქონდა – ჩემთვის გასაგები, მეტიც, მოსაწონიც კი აღმოჩნდა როცა გავიგე, რომ საგნობრივ სტანდარტებზე უნდა ემუშავა გაფართოებულ კომისიას, სადაც საგნობრივი შიდა ექსპერტის, მესამე თაობის ესგ-ის დანერგვაში ჩაბმული სპეციალისტების, სსიპ-ების – „მასწავლებლის სახლისა“ და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების, ასევე აკადემიური წრეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლით იყო დაკომპლექტებული. პასუხისმგებლობის გადანაწილება, საერთო-სექტორული ჩართულობა ნამდვილად კარგი იქნებოდა იმიჯის აღსადგენად. მუშაობა იანვარში დავიწყეთ და ვადებიც მჭიდრო იყო – უწყების მაშინდელი პირველი პირის განცხადებით, 2024 წლის გაზაფხულის სემესტრს არ უნდა გასცდენოდა სამივე საფეხურის საგნობრივი სტანდარტების დაწერაც და დამტკიცებაც. თუმცა მალე გამოიკვეთა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და მისი მხარდამჭერებისთვის გაფართოებული კომისიის მოწვევა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო – ეიმედებოდათ ის წინააღმდეგობები, რაც არსებობს ხოლმე სამინისტროსა და სსიპ-ებს შორის, რაც არსებობს სამინისტროსა და პროფესიულ სექტორს შორის , ვისთანაც თანამშრომლობა ბოლო წლებში მინიმალიზებული იყო. ფიქრობდნენ, კომისიებში იჩხუბებენ, იდავებენ, საერთო შეთანხმებამდე ვერ მივლენ, კომისიის მუშაობა ვადებშია ჩატეული, დავითხოვთ და ისე გადავაკეთებთ პროდუქტს, როგორც ჩაფიქრებული იყო. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან შიდა საუბრებში სტანდარტების დამტკიცების ვადამ უცნაურად და გეგმაზომიერად წლის ბოლოსკენ გადაიწია. პროცესის გაწელვა აშკარად სახეზე იყო. თუმცა, ამ გეგმიდან ამოვარდნილი აღმოჩნდა ისტორიის და „ჩვენი საქართველოს’’ საგნებზე მომუშავე კომისია, ისტორიკოსებმა ყველა სექტორიდან თანამშრომლობის და საქმისადმი პროფესიული მიდგომის მაღალი ხარისხი აჩვენეს. როგორც ისტორიის ექსპერტს, შემიძლია ვთქვა, რომ დათქმულ ვადებში (ადრე გაზაფხულზე) კომისიას კომპრომისული და სექტორული ჩართულობით შემუშავებული სამივე სტანდარტის (დაწყებითზე – ჩვენი საქართველო; საბაზო და საშუალო საფეხური -ისტორია) სამუშაო ვერსიები ჰქონდა და შეფასების კომპონენტზე ფსიქოლოგთან უკუკავშირისთვისაც მზად იყო და საჯარო განხილვებისთვისაც. ისტორიკოსთა ეს უნისონი მიუღებელი გამოდგა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც აშკარად სურდა დროის გაწელვა და იგივე ვითარება, რაც ბევრ სხვა ჯგუფში.
საინტერესო ისაა, რომ როცა პრაქტიკულად სამუშაოს უდიდესი ნაწილი შესრულებული გვქონდა, მას მერე გადმოგვეცა ყველა საგნობრივ ჯგუფებს კურიკულუმის ექსპერტის მხრიდან ე.წ. ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც თურმე განგვისაზღვრავდა სტანდარტის ამოსავალ პრინციპებსა და ფორმატს და რომელიც რადიკალურად ცვლიდა სტანდარტების სტრუქტურას. იმის ნაცვლად, რომ ჯერ ჩარჩო-დოკუმენტი შემდგარიყო, ყველა შიდა საგნობრივი ექსპერტის ჩართულობით განხილულიყო, იმგვარი სტრუქტურა შემუშავებულიყო, რომ გენერალური ხაზის დადგენის მიუხედავად, ყველა საგნის საჭიროებებს მორგებოდა, მოგვივიდა ქაოსური დოკუმენტი, რომლის შინაარსიც კარგად აჩვენებდა ძირეულ ფუნდამენტურ ხარვეზებს: – 1. სტანდარტის შემოთავაზებული ფორმატი არ ეყრდნობა ეროვნული სტანდარტების საერთაშორისო გამოცდილებას (ბუნებაში არ არსებობს ამ ფორმატის ეროვნული სტანდარტი), არ ითვალისწინებს შიდა კვლევების შედეგად გამოვლენილ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში არსებულ მეთოდიკურ თუ შინაარსობრივ სირთულეებს და გამოწვევებს, მასწავლებლების წუხილებს; 2. ცნებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის არასწორად თავს მოხვევას აქვს ადგილი (არაერთი მცდელობა, რომ მოგვეპოვებინა რაიმე მეცნიერული, თეორიული დასაბუთება – საიდან არის ნასესხები ე.წ. სამიზნე ცნების (დიდი კონცეპტის) იმგვარი ფუნქციონალური დატვირთვა, მხოლოდ ცნების შეფასება, რაც ჩარჩო-დოკუმენტში ჩაწერეს, ჩვენ ვერ მივიღეთ და ვერც მივიღებდით, რადგან, მას ასეთი სახით, თეორიული ბაზისი არ გააჩნია);
3. „ახალი სკოლის მოდელის’’ ფარგლებში დანერგვის ინსტრუმენტის მაგვარ ცხრილს (ანუ დანართებში გასატანს, რადგან მეთოდიკის კომპონენტი სტანდარტებიდან ამოღების გადაწყვეტილება იყო მიღებული), რის მუდმივ ცვალებადობაც იქცა თავის დროზე პედაგოგების გაღიზიანების მიზეზი, ერქმევა სტანდარტი, ხდება სავალდებულო. 4. მანიპულაციური დამოკიდებულებები – რადგან ვითხოვდით დასაბუთებას, რით აიხსნებოდა სტანდარტის ამგვარი სტრუქტურის აუცილებლობა – ხელს იშვერდნენ სასკოლო კურიკულუმების განვითარების აუცილებლობისკენ და საერთაშორისო სკოლების კურიკულუმებისკენ. ერთი ტყუილი აქ ისაა, რომ ამის ექვივალენტი ვერ გვანახეს, მაგალითად ისტორიაში, და მეორე ის – რომ საერთაშორისო სკოლის კურიკულუმი (ასეთი ფორმატი რომ ჰქონდეს სკოლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე) მაინც სასკოლო კურიკულუმის რანგში უნდა იყოს განხილული და არა ეროვნული სტანდარტის რანგში. ეს შეიძლება არ იცოდნენ პედაგოგებმა, მაგრამ ესმის ნებისმიერ განათლებისა და განსაკუთრებით სასწავლო გეგმების (ეროვნული, სასკოლო) სპეციალისტებს. ამდენად, ძნელია არ ივარაუდო, რომ ის რაღაც წინასწარი „დალაგებული“ სქემის ნაწილი ხდება.
5. ყველაზე თვალშისაცემი, ალბათ, თვალში ნაცრის შეყრა – შემოთავაზებული სტრუქტურა (თავისი შინაარსობრივი კომპონენტით) არც მეტი არც ნაკლები, სკოლებისთვის თავისუფლების მინიჭების მოთხოვნით ეგიდით გვეწოდება. კერძო სკოლებისთვის ისედაც, ესგ-ის მეორე თავი (სტანდარტები) საერთოდაც აღარ არის სავალდებულო, მხოლოდ ადმინისტრაციული ნაწილით უნდა იხელმძღვანელონ. რაიმე კვლევაზე დაფუძნებულ მტკიცებულებებს – რომელი საჯარო სკოლები ითხოვენ იმგვარ „თავისუფლებებს“ რაც მერე თავად შეუქმნით პრობლემებს, ჩვენ ვერავინ მოგვცემდა, რადგან ასეთი კვლევა ბუნებაში არ არსებობს. ცალსახად უნდა ითქვას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, დაგეგმილი ცვლილებების ფორმატში, სკოლას არ სთავაზობს სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ სწავლების სტრუქტურას. ერთიანი, განუსაზღვრელი სამოქმედო სივრცე საფეხურის შიგნით (დაწყებითსა და საბაზო საფეხურზე), მოწოდებული სრული თავისუფლების ეგიდით, ქაოსის წინაპირობა და ზედმეტი რისკია. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის არსებული რეალიების გათვალისწინებით, სასკოლო საფეხურის შიგნით ერთიანი, განუსაზღვრელი სამოქმედო სივრცე ჯერ უნდა მოისინჯოს სკოლის ზედა საფეხურზე და მიმღებლობის შემდეგ – ეტაპობრივად განივრცოს სკოლის ქვედა საფეხურებზე.
სტანდარტის კომპონენტების მკაფიოობა და იოლად გასაგები ფორმატი არსებითად სჭირდებათ განათლების სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლებს (გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საფეხურებრივი შეფასებები, ხოლო „მასწავლებლის სახლმა“ პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგები უნდა მოარგოს ამ ყალიბს); ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესიდან ეს ორი სსიპ ვერ და არ უნდა იყოს ამოვარდნილი, ეს მთლიანობაში სისტემას აზიანებს. არ შეიძლება ეროვნული სტანდარტი აეწყოს ისე, რომ ის სკოლების ავტორიზაციისთვის უკვე დასწავლილი ინსტრუმენტის „გამართლება“ იყოს და გამოიყურებოდეს როგორც ჩავარდნილი პროექტის რებრენდინგი, თანაც იმგვარად, რომ პედაგოგებისთვის ის კომპონენტები იყოს უფრო გართულებული, რომელთა შემეცნება და შესაბამისად, რელევანტურად სწავლება უჭირდათ „ახალი სკოლის მოდელი“ -ს (ანუ, მესამე თაობის ესგ-ის) დანერგვის ფარგლებში. ასევე, უცნაურად გამოიყურება სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სრული უნისონი სამინისტროს მხოლოდ ერთ სსიპ-თან (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმართავს სკოლების ავტორიზაციის პროცესს) და დანარჩენი ორი სსიპ-ის ექსპერტული მოსაზრებების იგნორირება.
ბევრს მოეხსენება, რომ ავტორიზაციის პროცესში წინასწარ განსაზღვრული ფორმით სასკოლო კურიკულუმის მოთხოვნამ (იმას თავი რომ დავანებოთ, რომ როგორ შეიძლება თავისუფლების მინიჭებად ჩაითვალოს სასკოლო კურიკულუმისთვის უნიფიცირებული ფორმის სავალდებულოობა), თუკი ის შინაარსობრივად არ ესმით ის პედაგოგებს, გარკვეულწილად პროცესის პროფანაცია გამოიწვია – კოპი-პეისტით მოქმედება და სხვა სასკოლო გეგმის გადმოწერა და ავტორიზაციაზე წარდგენა ხომ ჩვეული პრაქტიკა იყო; ამას ემატებოდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ბიზნეს ჯგუფები/ინდივიდები ფულადი საზღაურის ნაცვლად როგორ უდგენდნენ სკოლებს კურიკულუმებს; საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგი გამომცემლობას სასკოლო კურიკულუმების კრებულიც კი შეუქმნიდა და ჰყიდის. სასკოლო კურიკულუმი რომ ამა თუ იმ სკოლის ინდივიდუალურ კულტურას უნდა აჩვენებდეს და კონკრეტული სკოლის მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებითა და სწავლების პროცესში ჩართული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით იქმნებოდეს – ეს იდეა დავიწყებულია.
ისტორიის საგნის „გაპრავებული“ სტანდარტი ამბავი და წნეხს დაყოლილი ექსპერტები
ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტისა და ავტორიზაციის საბჭოს წინასწარ აწყობილ სქემას რომ ერგება ეროვნული სტანდარტები, განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იმ მაგალითითაც გამოიკვეთა, რაც ისტორიის ჯგუფის თავს დატრიალდა – ვინაიდან საკუთარი მოსაზრებებს არგუმენტირებულად და ხმამაღლა ვიცავდით ისტორიის დისციპლინასთან მიმართებაში – მთელი ჯგუფი ისტორიკოსების დაითხოვეს, ხოლო მე როგორც საგნის კურატორს შემომთავაზეს – რასაც გადააკეთებდნენ ან ის „გამეპრავებინა“ პედაგოგებთან და დაინტერესებულ პირებთან, ან ყველანაირი ფუნქციას მოკლებული, ჩუმად ვმჯდარიყავი. ისტორიის ექსპერტად კი ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე მოგვევლინა.
ვინაიდან საკუთრივ ისტორიის ჯგუფი და მთლიანად კომისიაც ვერაფერს გავხდით დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ფავორიტებთან არგუმენტებით რაიმეს დასაბუთებისას, მე არაერთგზის ვითხოვე დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უზრუნველეყო (რადგან ექსპერტები ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ) ყველა საგნობრივი კურატორი ექსპერტის შეხვედრა და დაწერილი სტანდარტების მაგალითზე, საკუთარი საგნის პერსპექტივიდან, ნაგვიანევად და იმპერატიულად შემოთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტი კვლავ მრგვალი მაგიდის პრინციპით განგვეხილა. ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამის საპირისპიროდ, დეპარტამენტში სათითაოდ იბარებდნენ საგნის კურატორ ექსპერტებს, ეუბნებოდნენ რომ ყველა სხვა კოლეგამ ასე გადააკეთა, როგორც გთავაზობთ, შენღა დარჩი და უნდა შეცვალო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კულუარულად და პირად საუბრებში ჩემთან არაერთმა სპეციალისტმა აღიარა, რომ არ მოსწონდა არც სამუშაოს შესრულების პროცესი, და არც თავსმოხვეული სტრუქტურა, წნეხს პრაქტიკულად ყველა დაჰყვა. ზოგი ამბობს, რომ მათთვის ფორმატი ხელსაყრელია, ზოგი ამბობს რომ სტანდარტს მათ საგანში დიდად მაინც არავინ წაიკითხავს და ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, ზოგიც – იაზრებს რისკებს, მაგრამ მაინც არ უღირს ნერვების წყვეტა.
მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიკოსები ერთ აზრზე ვიდექით და ამიტომ საგნის კურატორმა ექსპერტებმა (ისტორიასა და ჩვენი საქართველოს მიმართულებით) მივმართეთ კურატორ მოადგილეს, რომელიც დაგვპირდა არა მხოლოდ ვითარების გარკვევას და ჩვენი არგუმენტების მოსმენას, თუ რატომ ზიანდება შინაარსობრივადაც და მეთოდიკურადაც ჩვენი საგნები, არამედ იმასაც კი – რადგან განსხვავებული ხედვა არსებობს, ორ ვერსიად განგვეხილა სტანდარტები უმთავრეს ბენეფიციარებთან – პედაგოგებთან და განათლების სპეციალისტებთან. სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მან მოგვატყუა, დრო გაწელა, არასდროს აღარ შეგვხვდა და მეტიც, პროფესიული ღირსებაც შეგვილახა, ვინაიდან მაშინ როცა ჩვენ მას ველოდით, მან უზრუნველყო რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას რამდენიმე საგულდაგულოდ ფილტრაციით შერჩეული ლოიალური პედაგოგი საიდუმლოდ დაებარებინა და გადაკეთებული სტანდარტის „გაპრავების“ პროცესი წამოეწყო. სექტორის სრული ჩართულობით დაწერილი სტანდარტის საჯაროდ განხილვაში მონაწილეობისთვის ისტორიის კომისიის უკლებლივ ყველა წევრი იყო მზად, ასევე მზად იყო მიღებული უკუკავშირის შედეგად გადაემუშავებინა და საბოლოო ფორმა მიეცა სტანდარტისთვის. ამდენად, არაპროფესიონალურია მისი მხრიდან უპირობო ლოიალობა იმ პიროვნებებისადმი, რომელთა ერთპიროვნულმა და არამართებულმა გადაწყვეტილებებმა არა მხოლოდ ისტორიის საგანთან მიმართებაში, არამედ ზოგადი განათლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმის მიმართულებით არასასურველი შედეგებამდე მიგვიყვანა და ამით განათლების სამინისტროს ინსტიტუციური რენომე საკმაოდ შეილახა.
საჯარო განხილვის სამინისტროსეული გაგება
რა სახის მახინჯი ფორმებით მიმდინარეობს საჯარო განხილვები
ცალკე განხილვა ეკუთვნის იმას, თუ როგორ ესმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საჯარო განხილვის ფენომენი. შემოდგომაზე, ყველა საგნის მიმართულებით დაიბარეს საგულდაგულოდ შერჩეული რამდენიმე მასწავლებელი, არ აჩვენეს სტანდარტები მთლიანობაში, „ამუშავეს“ იმ კომპონენტზე, რაც მასწავლებელს ყველაზე უკეთ ესმის და აინტერესებს (შინაარსი), იგნორირება მოახდინეს იმის, რაც არც ესმის კარგად და რაც გამოწვევაა – არ აუხსნეს, რას ნიშნავს საგნის მთლიანად ცნებაზე „ჩამოკიდება“; ცნების როგორც საგნობრივი ღერძის იმავდროულად სხვა საგნებთან ხიდებად გამოყენება და.ა.შ. შიდა ექსპერტებს არ მოაწვევინეს მათი პროფესიული ასოციაციებიდან წარმომადგენლები, აუკრძალეს პედაგოგებს სტანდარტების თან წაღება, რომ დამოუკიდებლადაც წაეკითხათ, ყოველგვარი დომინაციის გარეშე.
საჯარო განხილვის პროცესი 2025 წლის იანვრიდან გაგრძელდა, მიმდინარეა და მახინჯი ფორმები კვლავ შეინარჩუნა. მასწავლებლებს ამორჩევით იბარებენ ონლაინ განხილვაზე, განხილვამდე სამუშაო ვერსია გაგზავნილი არ არის, რომ წინასწარ ჯერ წაიკითხოს პედაგოგმა და არგუმენტებით ჩაებას განხილვაში. დიდწილად სადაც პერსონალურად არ იცნობენ პედაგოგებს, არასამუშაო დროს უგზავნიან პედაგოგებს ონლაინ ჩაბმის შეთავაზებას და მოსაფიქრებლად 2-3 საათს აძლევენ, სკოლის დირექტორებსაც ლიმიტირებულ დროს აძლევენ, რომ საგნობრივი სტანდარტების განხილვაზე დამსწრე პედაგოგების სია გადასცეს; ვისთანაც შემთხვევით დარეკეს და თანხმობა მიიღეს ასისტენტებმა, ფილტრაციის შემდეგ უარით ისტუმრებენ; პედაგოგები სხვა საგანზე გამოთქვამენ დასწრების სურვილს, თუმცა საგნობრივი ჯგუფის მომიჯნავე საგანზე იბარებენ, რომელსაც არ ასწავლის. ეს ყოველივე იწვევს პროცესისადმი უნდობლობას. მეორე და მესამე რევიზიებს მე მოვესწარი სამინისტროში მუშაობისას, მსგავსად მართული პროცესი პირველად ვხედავ. სამწუხაროდ, ვერასდროს ვერ გახდა საგნობრივი გზამკვლევი მასწავლებლისთვის საგნის სწავლა-სწავლებისთვის ორიენტირი. თუმცა, ეროვნული სასწავლო გეგმის მეოთხე რედაქციაზე მუშაობის პროცესი იმდენად არაჯანსაღია მთლიანობაში, რომ მძაფრდება რისკი – კიდევ ერთხელ საგნის არსი დაიკარგოს, შინაარსი ფორმას გადაჰყვეს და კვლავაც ფურცელზე დაწერილი მოცემულობა სხვა იყოს და საკლასო პროცესი სხვა, რაც ასე აზიანებს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეს.
რადგან საკითხი – თუ რას, რატომ და როგორ ვასწავლით ისტორიაში, მაღალი რეზონანსულობით გამოირჩევა, ზრდის დისციპლინაზე და მის ექსპერტზე წნეხს. რა პროცესებიც აღვწერე, ამ სამუშაო ვითარებისა და არაკოლეგიალურ დამოკიდებულების გათვალისწინებით, ინსტიტუციაში ბუნებრივია, მხარდაჭერის იმედი არ უნდა გქონდეს. საგნის ინტერესები, მოსწავლის ინტერესები და პედაგოგის საჭიროება მარტივად გადადის უკანა პლანზე. ხოლო თუ კლიენტელის პირობებში – უშუალო ხელმძღვანელს პატრონად, ხოლო შენს თავს ყმად არ განიხილავ, მარგინალიზაცია გარანტირებული გაქვს. ბოლო სამი წელი გეგმაზომიერად პრობლემა მექმნებოდა საქმიანობის განხორციელების მიმართულებით, ცდილობდნენ ჩემს საქმიანობაში უხეშ ჩარევას, ან პროცესებისგან იზოლირებას; ჩემთან ერთად, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული წრეებთან ურთიერთობების მინიმალიზების და ერთპიროვნულად და არაფორმალურად დისციპლინის პოლიტიკის მართვას, რაც ცუდად აისახებოდა საგნის პოზიციონირებაზე. ვითარების რამდენადმე გადარჩენა და გამოსწორება სექტორის ჩართულობით ხდებოდა. ამგვარი დამოკიდებულებით ისტორიის გარდა საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკის სხვა საგნებიც ზარალდებიან. საზოგადოებრივ მეცნიერებების საგნების ყველა პროფესიულ ჯგუფებს/ასოციაციებს ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ აქვთ წუხილები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩემს დისციპლინას რომ დავუბრუნდეთ, მაშინ როცა ისტორიის მიმართულებით რისკები არაერთგზის ვერ იქნა დათვლილი, რამაც როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო საზოგადოებების, პოტენციური ავტორებისა და პროფესიული ასოციაციის თუ განათლების სპეციალისტების ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვია (2021 წლის ზედა საფეხურის სტანდარტის პერიპეტიები, როცა სექტორში საჯაროდ განხილული სტანდარტის შინაარსი, რომელზე დაყრდნობითაც უკვე სახელმძღვანელოები იწერებოდა, მოულოდნელად გადაკეთდა, თითქოსდა მინისტრის პერსონალური კარნახით; 2024 წელს მე-12 კლასის საქართველოს ისტორიის რესურსებთან დაკავშირებული პერიპეტიები და მეორე სემესტრში პედაგოგების საკუთარი თავის ანაბარა დატოვება და ა.შ. – სათითაოდ ეკუთვნის სტატია რამდენიმე მათგანს და ალბათ დავწერ კიდეც).
ისტორიკოსებს ცუდად ახსოვთ დასამტკიცებლად გამზადებული ეროვნული სასწავლო გეგმის ისტორიის სტანდარტის (ზედა საფეხურის) შინაარსობრივი ცვლილებების მცდელობა ამ სამიოდე წლის წინ, (რასაც სექტორში ხმაურის შემდეგ კომპრომისული გადაწყვეტილება -საგნის ორად გაყოფა მოჰყვა, თავის მხრივ, სწავლების პროცესში ახალი პრობლემების წარმომშობი). ამჯერად კი, კიდევ უფრო ნეპოტისტური გარემოსა და ორკესტრირებული წინააღმდეგობის ფონზე, როცა ფაქტობრივად ვერ ვახორციელებ საგნის ექსპერტის მოვალეობას, ლოგიკურად ვუშვებ იმ რისკს, რომ ისტორიის სწავლება გარე ჩარევების გამო სავალალო დღეში აღმოჩნდება. საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, ამჯერად ბევრად მეტი რისკია შინაარსიც კიდევ უფრო შეიცვალოს (განსაკუთრებით უახლესი ისტორიის ნაწილში) როგორც საბაზო, განსაკუთრებით კი – საშუალო საფეხურზე. მაშინ როცა პედაგოგებთან ერთიანი კონცეპტუალური ღერძი უნდა იყოს დისციპლინისა წარდგენილი, ნიშანდობლივია, რომ ზედა საფეხურზე საუბარი გეგმაზომიერად მინავლდა ყველა საგანში.
ყოველთვის მჯეროდა და მჯერა რომ საჯაროობა, გახსნილობა და ჩართულობა სჭირდება განათლების სისტემას. კვლავაც უნდა მოვუწოდო ისტორიკოსთა თემს – იაქტიუროს საგნის ინტერესების დასაცავად, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერს ვესაუბრო კომისიის ნამუშევრის მართებულობაზე, რათა შემდგომ გადაკეთებულ ვერსიაში, რასაც თავს ახვევენ მასწავლებლებს, პლაგიატიც ამოიცნონ და იმ მიზეზებშიც გაერკვნენ, რატომ და რა არის შეცვლილი შინაარსობრივად. საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკის საგნები განსაკუთრებით ზარალდებიან იმგვარ ვითარებაში, რაც მოგახსენეთ, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ნებისმიერი საგნის პედაგოგს დაარწმუნებს, რომ მხოლოდ მეთოდიკის და ფორმატის შეთანხმება-არშეთანხმებაზე არ ეხება.
=
რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს
- რა ცვლილებებს დაამტკიცებს პარლამენტი განათლების მიმართულებით საგაზაფხულო სესიაზე – გეგმის დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და მოადგილეს მასწავლებლობის უფლება ექნებათ – რა ცვლილება შედის კანონში 2025 წელს by ARIS.GE-განათლება
- როდის ექნებათ სტუდენტებს საკუთარი შენობა – ახალი სპორტის უნივერსიტეტი დიღომში უნდა განთავსდეს by ARIS.GE-განათლება