„შედეგი, საქმიანობა, მართვა, ნება, ჩვენ“ – განათლების სისტემის პრობლემების საფუძვლები

ავტორი: გიორგი კაკაბაძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს სკოლის დირექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების (პროფკავშირის) დამფუძნებელი და სსიპ ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის –„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ფარგლებში.
დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში (ბოლო 30 წელს ვგულიხმობ) არც ერთ მესვეურს განათლების სისტემისას, პროლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერს, მასწავლებელს, მოსწავლეს ან მშობელს არ შეუფასებია ჩვენი განათლების სისტემა დამაკმაყოფილებლადაც კი. არც შემცდარან, რადგან ყველა, განათლების სისტემის მიერვე გამოქვეყნებული თუ ნაკლებად ან საერთოდ არგამოქვეყნებული, საერთაშორისო თუ შიდა კვლევა ადასტურებს იგივეს.
იცვლებიან მთავრობები, ხელისუფლებები, ხელმძღვანელი პირები ხელისუფლებებთან ერთად ან ხელისუფლებათა შიგნით, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება ან ერთი პრობლემა მეორეთი ნაცვლდება ან ერთი პრობლემის მოგვარება სხვა ახალ პრობლემებს ბადებს.
აქ მინდა, პოზიტივებით დავიწყო, რომლებიც ფაქტებს წარმოადგენენ და მათი არდასახელება უბრალოდ არაეთიკურად კი არა, მკითხველის მოტყუების და რეალობიდან გადაყვანის მცდელობად ჩამეთვლება და სავსებით სამართლიანადაც.
ფაქტია, რომ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება უდავოთ სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილებაა. „ბუკების“ (კომპიუტერების) უფასოდ დარიგება, აგრეთვე, კარგი ნაბიჯია. განათლების სისტემის დაფინანსების ზრდა უდავოთ დადებითია. მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, მიუხედავად ზრდის ან ხეფასის მოცულობის კრიტიკისა, არ შეიძლება უარყოფით მოვლენად ჩაითვალოს. დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურაზე და მასწავლებელთა გადამზადებაზეც რაც, თავისთავად, ცუდს არაფერს ნიშნავს. კიდევ შეიძლება დასახელება სხვა ისეთი ფაქტების, რომლებიც, თავის თავად ანუ მთლიანი კონტექსტის გარეშე, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ყველა ამ დეტალს თუ სისტემის მთავარი ამოცანა – მოსწავლის აღზრდა-განათლების ხარისხი ადგილიდან არ იძვრის?!
თუმცა ამ დეტალებს ერთი ფუნქციის შერულება მაინც შეუძლიათ. ამ დეტალებით შეგვიძლია შევადაროთ და ვიმსჯელოთ, როგორი იყო, მათი მიხედვით დროის ის პერიოდი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ სხვანი და სხვანი, მაგრამ ვფიქრობ ხვდებით, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შეფასება სისტემის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე მოხდენილი ეფექტით უნდა გაიზომოს. ამ მიმართულებით კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წინ ვერ წავიწიეთ.
რაშია საქმე?
განათლების მიღების მოტივაცია აღარ აქვთ ბავშვებს და მშოლებს? – არა. ყოველწლიურად სკოლადამთავრებულთა აბსოლტური უმრავლესობა ცდილობს სწავლის გაგრძელებას. მათი მშობლები ყველაფერს იკლებენ და ხშირად სესხებსაც იღებენ, რათა შვილებს სწავლის გაგრძელების საშუალება მისცენ.
საქართველოში არ არსებობს ცოდნის და გამოცდილების გამომუშავების და გადაცემის ტრადიცია და კულტურა? – არა. ეს რომ არ გვქონოდა ან ახლაც არ გვქონდეს, ვერც აქამდე მოვიდოდით იმ ათასწლეულებიდან, რომლებიდანაც მოვდივართ და ვერც ახლა ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ვართ.
სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ მიაჩნიათ განათლება პიორიტეტულად? – არა. ყველა, ყოველთვის განათლებას ასახელებდა და ასახელებს პიორიტეტბს შორის ერთერთ უზენაესად მაინც, მაგრამ, მეორე მხრივ, მიზეზები რომ არ არსებობდეს ისეთ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებოდით, როცა არსებული არავის მოგვწონს და წინ მაინც ვერ მივიწევთ?
ჩვენ ვთანხმდებით, რომ არ გვაქვს სასურველი შედეგები. ვიცით, რომ აღზრდა და განათლება კომპლექსური საკითხია და მისი მწყობრში მოყვანა, აგრეთვე, ადეკვატურად კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს. მიდგომებმა უნდა უზრუნველყონ ეპოქისთვის, ეროვნული იდენტობისთვის, მოსწავლის მშობლებისთვის, სახელმწიფოსთვის და თვითონ მოსწავლის მიდრეკილებებისა და მისწრაფებებისთვის ადეკვატურად აღზრდილი და განათლებული ადამიანის ჩამოყალიბება და ამავე დროს, ყველა დაინტერესებული მხარის მოლოდინი უნდა გამართლდეს. თუ ეს მოლოდინები ერთმანეთს ცდება ან წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, მშვიდობიანი, კომპრომისზე ორიენტირებული მექანიზმების საშუალებით და პრიორიტეტების ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგების გზით უნდა შედგეს კონსესუსი დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომელიც კონკრეტული მოსწავლისთვის გახდება მისი, პირადი თვითრეალიზების საუკეთესო გზა. ამას მოითხოვს კანონმდებლობაც, საერთაშორისო შეთანხმებებიც, რომელთა მონაწილეც ჩვენი ქვეყანაა, ზნეობაც, მორალიც, ევოლუციაც და ღმერთიც.
აქ მინდა მოგახსენოთ, რომ სპეციალურად წავედი განზოგადებისკენ და კონტექსტის გაფართოვებისკენ, რათა ეს განწყობა შევინარჩუნოთ, დავშორდეთ დეტალებს და მოვახდინოთ ფოკუსირება იმ ზოგად კონტექსტზე, საიდანაც უნდა დავხედოთ კონკრეტიკას, რათა სრულად დავინახოთ დეტალები, მათი ურთიერთკავშირი, მიმართებები მათ შორის და აქედან წარმოშობილი პრობლემები.
ახლა კი უბრალო ლოგიკას გავყვეთ. რახან გვაქვს შედეგები, რომლებიც არავის გვაკმაყოფილებს და ამავე დროს ფაქტია, რომ ნამდვილად რაღაცას ვსაქმიანობთ შედეგების მისაღებად გამოდის, რომ არ ვსაქმინობთ ისე, როგორც საჭიროა საიმისოდ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.
აქ ჩნდება კითხვა, იქნებ გვინდა, მაგრამ არ ვიცით, რა საქმიანობით დავკავდეთ ან/და როგორ ვაკეთოთ ეს საქმე ისე, რომ სასურველი შედეგი დადგეს?
დიახ ბატონებო და ქალბატონებო, ნამდვილად ასეა. სწორედ ამიტომ გვჭირდება სისტემური მართვა, რომელიც გაითვალისწინებს საქმიანობის მასშტაბურობას და კომპლექსურობას, დაადგენს სისტემაში არსებულ კომპეტენციების დონეებს საფეხურების მიხედვით, გამოყოფს პრიორიტეტებს, შექმნის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს, პროცესის მონიტორინგის ეფექტურ მექანიზმებს, გეგმის მოქნილად ცვლილების სტრატიგიებს, ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებით მიიტანს შედეგებს და მათი ეფექტიანობის გაზრდის გზებს შემსრულებლებამდე და ხელს შეუწყობს შემსრულებლების ანუ უშუალო, მიზნობრივი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ინფორმირებულობას და ზოგადად მათი კომპეტენციების ზრდას დ.ა.შ. ამ ყველაფერს კი მართვა ეწოდება.
იქნებ მართვის კომპეტენციები, ტრადიციები ან კულტურულ-გენეტიკური ფსიქოტიპი არ გვაქვს? გვაქვს. ჩვენი უნივერსიტეტები არა მარტო რეგიონიდან, არამედ მის ფარგლებს გარედანაც ახდენენ სტუდენტების აკუმულირებას სხვადასხვა სახის და ხარისხის მენეჯმენტის ფაკულტეტებზე. ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთაც იღებენ განათლებას მენეჯმენტის მიმართულებებით მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებში და საკმაოდ წარმატებულებიც არიან იმ ქვეყნებში. ისტორიას რომ გადავხედოთ, ჩვენი ერის შვილები, საზღვარგარეთ, საკმაოდ ხშირად იპყრობდნენ მმართველობის მწვერვალებს და ეს ტენდენცია ახლაც შეინიშნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთ ფაქტებს და ტენდენციებს ადგილი ჰქონდა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში. ისიც საგულისხმოა, რომ ხშირად ეს წარმატებული ქართველები უუფლებო ტყვეების პოზიციებიდან იწყებდნენ მოღვაწეობას და დიდი მმართველების რანგში ამთავრებდნენ. ამდენად, თუ შევქმნით პირობებს, კომპეტენტური და მოტივირებული მენეჯერების პრობლემა არ გვექნება, მაგრამ აქ კიდევ ერთი კითხვა ისმის.
პირობები რომ შეუქმნათ და საქმე მაინც არ გააკეთოს?
მაშინ უნდა გაუშვათ და სხვა მოვიყვანოთ. ესეც ხომ შესაქმნელი პირობების ნაწილია? იმისთვის, რომ შევამოწმოთ აკეთებს თუ არა საქმეს მის მიერვე, მენეჯერის კონკურსზე წარმოდგენილი გეგმით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ჩვენს მიერ იქნება მოწონებული სხვების გეგმებთან შედარებით.
კარგი მენეჯერისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მის შერჩევას, დანიშვნას, საქმიანობის შედეგებზე დაკვირვებას და წახალისება-გათავისუფლებას კი მხოლოდ ნება სჭირდება. ჯანსაღი, სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული, კეთილი ნება.
საიდან მოვიტანოთ ან ვის და როგორ გამოვუმუშავოთ ჩვენ ასეთი ან თუნდაც მსგავსი ნება?
ხომ კარგი შეკითხვაა? მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკითხვაში აქცენტი გაკეთებულია სიტყვაზე „ნება“ მასში გადამწყვეტად მნიშვნელოვანი სიტყვაა „ჩვენ“.
დიახ, ჩვენმა ჩართულობამ. ვინც დაინტერესებულები ვართ სისტემის ეფექტიანობით. სისტემის მესვეურებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა დ.ა.შ. უნდა უზრუნველვყოთ ჯანსაღი ნების კონსოლიდირება. საბოლოო ჯამში დეცენტრალიზაციის და თვითდემოკრატიის არსიც ხომ უფლება-მოვალეობების გადანაწილება და ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღებაა და სხვა არაფერი.
სხვათა შორის, სკოლის დირექტორის დონეზე ასეც არის. კანონმდებლობით, სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს. მისი ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო და სააღმზრდელო საქმიანობას ეხება სასკოლო საზოგადოებასთან ანუ სამეურვეო საბჭოსთან, პედაგოგიურ საბჭოსთან და დისციპლინურ კომიტეტთან ურთიერთობით მიიღება. ამ ინსტიტუციებში კი გაერთიანებული არიან მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. მართალია, აქაც რეგულაციები და მექნიზმები დახვეწას საჭიროებენ. მაგალითად; სასკოლო სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც სკოლამ უნდა წარმართოს სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უნდა შეითანხმოს სამეურვეო საბჭომ და შემდეგ დაამტკიცოს პედაგოგიურმა საბჭომ. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი ვერ დაიწყება. სასწავლო პროცესზე კი დირექტორი ერთპიროვნულად აგებს პასუხს. რა ხდება მაშინ, როცა შეთანხმება ან დამტკიცება არ ხერხდება, არსად წერია. გამოდის, რომ დირექტორს კონესესუსის მისაღწევად ანუ სასკოლო გეგმის დასამტკიცებლად, კომპრომისებზე წასვლის ვალდებულება აქვს სამეურვეო და პედაგოიურ საბჭოებთან. მაშინ რატომ აგებს პასუხს იმაზე, რაც მას არ დაუგეგმავს და მისი ინიციატივა არ ყოფილა? ან რატომ შეიძლება ეწოდოს მმართველი ან/და ლიდერი პირს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს იმ საკითხებში, რომელთა ეფექტურად განხოციელებისთვისაც ეს ლიდერის როლი დააკისრეს?
მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დეცენტრალიზაცია და დემოკრატიული მართვის პრინციპები, კანონმდებლობის, მექანიზმების და რეალური ქმედებების სახით, სკოლის დირექტორის ზემოთ აღარ ვრცელდება. ჩართულობაზე ყველა ხელისუფლების ყველა მინისტრი ბევრს საუბრობს ხოლმე, მაგრამ არავინ ქმნის ამის რეალურ მექნიზმებს. მეტიც, არსებული მექანიზმების ამუშავებასაც ხელს უშლიან და შესაბამისად, პროცესებში დაინტერესებული პირების და მათი წარმომადგენლების ჩართულობა არ ხდება. შესაბამისად, ჯანსაღი ნება ვერ ყალიბდება, შესაბამისად არ იქმნება პირობები კარგი, მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერებისთვის ანუ მმართველებისთვის, შესაბამისად, მართვა სცოდავს და როგორც შედეგი, შემსრულებლების კომპეტენციები, მოტივაცია და საქმიანობა ვერ დებს სასურველ შედეგებს.
ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება და ძალიან ცუდ შედეგებამდეც მივედით, რაც ჩვენი ბრალია და თუ ავადმყოფობას არ ვაღიარებთ მკურნალობა ვერც კი დაიწყება. უნდა მოვითხოვოთ ჩართულობა. ჩართულობის არსებული მექნიზმების ამუშავება და ახალი, ეფქტური მექანიზმების შექმნა.
მინისტრებმა კი ჩართულობის არსებული მექანიზმების ამუშავებას ხელი არ უნდა შეუშალონ და ახალი მექანიზმებიც უნდა შექმნან და დანერგონ. სხვა შემთხვევაში დირექტორის დონეზე დემოკრატია, ისიც დაუკონკრეტებელი და თან ზემოდან სატელეფონო ზარზე აწყობილი არაფრის მომტანია და ეს ურყევმა ავტორიტეტმა, დრომ დაადასტურა.
=
რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
-
„დღეს მოსწავლის შეფასება ხელის შემშლელი უფროა, ვიდრე ხელის შემწყობი“ – დაჩი ნანობაშვილი გამოსავალის შესახებ by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლა – როგორ ითანამშრომლებენ ყაზახეთი და საქართველო განათლების მიმართულებით by ARIS.GE-განათლება
-
„თებერვლის ბოლოდან ყურადღებით იყავით“ – როდის დაიწყება გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2025 წლის აბიტურიენტებისთვის by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე