GE

ყალბი დოკუმენტების, მათ შორის ყალბი დიპლომებისა და სერტიფიკატების დამზადება-გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც დღეს, 15 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბრალდებული, რომელსაც ქ. თბილისში გააჩნდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს.

საგამოძიებო მოქმედებების პროცესში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები. ასევე, ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულების ყალბი ბეჭდები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური