GE

„ზოგადი უნარების ტესტების ნიმუშებსა და სწორ პასუხებს ხვალიდან გამოვაქვეყნებთ“

ზოგადი უნარების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის სოფო დოლიძის განცხადებით, 2015 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტების ნიმუშების ვარიანტები, სწორ პასუხებთან ერთად ხვალ გამოქვეყნდება, რაც შეეხება შედეგებს, ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

ზოგადი უნარების ორდღიანი გამოცდა სოფო დოლიძემ Aris.ge-განათლებასთან შეაჯამა.

„ახლა, გამოცდის დასრულების შემდეგ დაიწყება პასუხების ფურცლების სკანირების პროცესი, ყველა ფიქრობს, რომ რადგან უნარების ტესტი მანქანით სწორდება, პასუხები იქნება მეორე დღესვე, თუმცა მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. ჯერ მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის ნამუშევრების სკანირება. ხვალიდან კი გამოვაქვეყნებთ ზოგადი უნარების ტესტების ნიმუშებსა და სწორ პასუხებს. შესაბამისად, თუ აბიტურიენტებს ახსოვთ თავიანთი პასუხები, შეეძლებათ ივარაუდონ, დაახლოებით რა ქულა ექნებათ ზოგად უნარებში“,- განუცხადა სოფო დოლიძემ Aris.ge-განათლებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წელს უნარების გამოცდის შედეგები წინა წლებთან შედარებით გვიან გახდება ცნობილი, სოფო დოლიძე ამბობს:

„ზუსტ თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდება შედეგები ვერ დავასახელებ, ვვარაუდობ, რომ პროცესი არ გაჭიანურდება და დაახლოებით იგივე დროს გამოქვეყნდება, როგორც წინა წელს“. (წინა წელს შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდა. ე.წ.)

სოფო დოლიძის თქმით, ზოგადად, აბიტურიენტების შეფასებით, რთული გამოცდა არ ყოფილა. ზოგადი უნარების ტესტი აბიტურიენტებმა წერეს, როგორც ქართულ ენაზე, ასევე, სურვილის შემთხვებაში აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. გარდა ამისა, წელს იყო სიახლე და აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ჰქონდათ, რომ ზოგადი უნარების ტესტი ინგლისურ ენაზეც შეევსოთ.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შედეგებს ელის წელს აბიტურიენტებისგან, დოლიძის განცხადებით, ტესტი არ გართულებულა და საშუალო სირთულისაა. დამატებითი პროგნოზების გაკეთებისგან კი თავს იკავებს.

აბიტურიენტების უმრავლესობის მტკიცებით, წელს ზოგადი უნარების გამოცდა საშუალოზე მეტი სირთულის იყო, როგორც მათემატიკურ, ისე ვერბალურ ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი მეორე სავალდებულო საგნის გამოცდა ზოგად უნარებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხვალიდან კი აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენებში ჩააბარებენ.

რას ამბობენ ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები – ქართული ენა და ლიტერატურა

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური