14 წლის ასაკში განხორციელებული პირველი ფრენა – მფრინავი სკოლის მოსწავლე თბილისიდან
თაზო კაბულაშვილი მე-9 კლასელია, ის ავიაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. სულ რამდენიმე დღის წინ, თაზომ თელავის აეროპორტში პირველი ფრენა შეასრულა. როგორც EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, მისი სიყვარული თვითმფრინავებისა და ფრენების მიმართ დღითიდღე ძლიერდება.
თაზო თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეა და უკვე ზუსტად იცის მომავალში რა პროფესიას დაეუფლება.
“ამ ფრენის გარდა, მე მიმიწვიეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (აეროპორტების გაერთიანებამ) ასევე თბილისის აეროპორტში მოვინახულე უზარმაზარი თვითმფრინავები, ავიკომპანია “ჯეოსქაის” ბოინგ 747 და ბოინგ 737. ჩემთვის მფრინავობა არა მხოლოდ ჰობი ან გატაცებაა, უკვე არის ჩემი დიდი მიზანიც. მინდა, რომ საავიაციო უნივერსიტეტში ჩავირიცხო.
იხილეთ ფოტო:
“თავიდანვე, გარშემო ყველამ იცოდა ჩემი მიზნის შესახებ და ყველას უნდოდა, რომ ჩემთვის ხელი შეეწყო. ერთ-ერთი აღმოჩნდა ჩემი ნათესავი, მიშო ბუბუტეიშვილი, რომელმაც ნატვრა ამისრულა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აეროდრომზე წამიყვანა, სადაც თელავში Tecnam P2008JC-ით ვიფრინე.
თაზომ ახლახანს საკუთარი გვერდიც გააკეთა, რომელითაც თვითმფრინავებისა და აეროპორტების შესახებ მომხმარებლებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის.
მოსწავლე იმასაც გვიყვება, რომ ამ პროფესიას ძირითადად ინტერნეტით და ახლობელი მფრინავების მხარდაჭერით სწავლობს, რადგან საქართველოში არ არის მსგავსი დაწესებულება სადაც ეს კონკრეტული საქმე მის ასაკში შეისწავლება.
EDU.ARIS.GE წარმატებას უსურვებს თაზოს და კვლავ განვაგრძობთ ნიჭიერი, მიზანდასახული მოსწავლეების აღმოჩენას.