GE
16 მარტი, 2022 16:02

182-ე სკოლის VI კლასელებმა ინტელექტუალური თამაშები შემქმნეს და მასწავლებლებზე გამოსცადეს

თბილისის 182-ესაჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტერაქტიული თამაშების ანალოგები შექმნეს და მასწავლებლები ათამაშეს. მათ შორის იყო სკოლის დირექტორი ეკა თაბუაშვილი, რომელმაც „მეექვსე კლასელზე ჭკვიანის“ ტიტული მოიპოვა.

„ხარ თუ არა 6 კლასელზე ჭკვიანი“, „მელომანი“, „ვინ არის ჭკვიანი“ – ეს იმ თამაშების ჩამონათვალია, რომელიც მე-6 კლასელმა მოსწავლეებმა ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგის, თამუნა შავლოხოვის ხელმძღვანელობით, პროგრამა Power Point-ით შექმნეს.

როგორც მასწავლებელი ამბობს, პროექტი მიზნად ისახავდა, პროგრამა Power Point-ის გაცნობას, არა მხოლოდ როგორც საპრეზენტაციო პროგრამის შესაძლებლობებით, არამედ სხვა რაკურსით მის წარმოჩენას, როგორც თამაშების შექმნის პროგრამას მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით.

„ბავშვებს აქვთ ხოლმე მოლოდინი, რომ იციან უკვე ეს პროგრამა და თავიდან მის მიმართ ინტერესი დაბალია. ამიტომ, ვცდილობ, სხვა კუთხით მივაწოდო, რომ უფრო მეტად დავაინტერესო. ვასწავლი ისეთ დეტალებს, რაც ნელ-ნელა გვეხმარება, რომ ამა თუ იმ თამაშის გაკეთება შევძლოთ. რადგან ამ ასაკის მოსწავლეებისთვის უფრო მეტად აქტუალური, საინტერესო და სახალისოა კომპიუტერული თამაშები, მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით და თამაშების კეთებით შეისწავლეს პროგრამა Power Point, რომლის ფარგლებშიც, ერთად შევქმენით სამი სატელევიზიო ინტერაქტიული თამაშების ანალოგი, როგორებიცაა: „ხარ თუ არა 6 კლასელზე ჭკვიანი“, „მელომანი“, „ვის უნდა ოცი ათასი“.  „ვის უნდა ოცი ათასს” შევუცვალეთ სახელი და დავარქვით „ვინ არის ჭკვიანი“, – გვითხრა თამუნა შავლოხოვმა.

თამუნა მასწავლებელი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები დაეუფლნენ არა მხოლოდ პროგრამა Power Point-ს, არამედ გაიცნეს და განივითარეს სხვა და სხვა აპლიკაციებთან მუშაობის უნარები. ისწავლეს ვიდეო მონტაჟი, ფოტოების დამუშავება და ა. შ. ბავშვებმა წაიკითხეს და მოიძიეს თამაშისთვის საინტერესო კითხვები.

„ანიმაციებზე გადავედით და ვარჩევდით, რა ხდებოდა, როგორი თანამიმდევრობა უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს. ანიმაციის დეტალებიც რომ გავიარეთ, ეს ცოდნა გადმოვიტანეთ ამ კონკრეტულ პროექტში. საბოლოო ჯამში, სახალისო თამაშები გამოგვივიდა, რომლებიც სკოლაშიც ვითამაშეთ. პედაგოგებსაც გავაცანით, თუ როგორ ააგეს ბავშვებმა თამაში და მათთან ერთად ვათამაშეთ კიდეც. ვათამაშეთ როგორც სკოლის დირექტორი, ისე სხვა მასწავლებლები. ბავშვებმა კი წამყვანების როლებიც მოირგეს. დირექტორმა ითამაშა „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანში“ და, რა თქმა უნდა, ის არის მეექვსე კლასელზე ჭკვიანი. სხვა მასწავლებლებმა ითამაშეს „მელომანი“, რომლებმაც გამოიცნეს მოსწავლეების მიერ შერჩეული მელოდიები“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს თამუნა შავლოხოვმა.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში