„ადამიანები ანადგურებენ ეკოსისტემას და ამას ნორმად აღვიქვამთ“ – მოსწავლე, რომელმაც ესეების კონკურსი მოიგო
ესეების კონკურში, რომლის სახელწოდებაც იყო „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“, დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, მარიამ ყოჩიაშვილმა გაიმარჯვა.
მარიამი 15 წლის არის. ტყესთან და ბუნებასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. გვიყვება, რომ მის სკოლაში ეკოკლუბი ფუნქციონირებს და მეგობრებთან ერთად ბუნების დაცვა მისი პრიორიტეტია.
„სკოლაში გვაქვს ეკოკლუბი და საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები გარემოს დაცვით ღონისძიებებში. გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებული ვიყავი ამ საკითხებით, გადავწყვიტე, აღნიშნულ კონკურსშიც მიმეღო მონაწილეობა. გული მწყდება, როდესაც ვხედავ, როგორ უკიდია ტყეს ცეცხლი, გული მწყდება ასევე გაჩეხილი ტყის დანახვაზე და ა.შ. ჩვენი ეკოკლუბის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაც დამეხმარა ამ ესეს დაწერაში. ვთვლი, რომ თითოეული ადამიანის როლი ტყის მოვლისა და შენარჩუნებაში ძალიან დიდია და მინდოდა, ეს ყველაფერი ესეში გადმომეცა. მინდოდა, სიმართლე მომეთხრო“, – უთხრა მარიამმა EDU.ARIS.GE-ს.
„ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, დადებით გავლენას ახდენს ტემპერატურაზე, უსასყიდლოდ გვკვებავს და უამრავ ბუნებრივ მედიკამენტს გვაძლევს, რომლებიც სერიოზულ დაავადებებს კურნავენ… ტყე მხოლოდ ხეები არ არის. დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების გამორჩეული სახეობების უმეტესობა სწორედ აქ ბინადრობს და ვითარდება“, – წერს მარიამი ესეში, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩაატარა.
X კლასის მოსწავლე მიიჩნევს, რომ კონკურსში გამარჯვება გულწრფელობამ მოაპოვებინა. მარიამი ადამიანებს ურჩევს, ტყის საფარისა და ეკოსისტემის განადგურება ნორმად არ აღიქვან.
„ბევრი ბავშვი ცდილობს, ინტერნეტი დაიხმაროს, მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწეროს საკონკურსო ესე. მე კი ის დავწერე, რასაც ნამდვილად ვფიქრობდი და რაც მართლა მაწუხებდა. ვფიქრობ, ეს გახდა მიზეზი ჩემი გამარჯვებისა. ჩემი რაიონის მახლობლად, ვაშლოვანის ნაკრძალში მდებარეობს არიდული ტყე და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ჩვენთვის. ასევე, დედოფლისწყაროში გვაქვს ელიას მთა, სადაც საკმაოდ დიდი ფართობი აქვს ნაკრძალს დათმობილი. ეს ნაკრძალი ხელოვნურია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს რაიონისთვის და მის დასაცავად სხვადასხვა აქტივობებს ვატარებთ. კაცობრიობამ რატომღაც ჩათვალა, რომ ტყის რესურსის გამოყენება უსასრულოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძლება. ადამიანები მიწას ითვისებენ, ანადგურებენ ტყის საფარსა და ეკოსისტემას და ამ „კულტურას“ ნორმად აღვიქვამთ და მას ქვეყანის განვითარებისა და ცივილიზაციის პროცესებს მივაწერთ“, – ამბობს მარიამ ყოჩიაშვილი.
საქართველოს მასშტაბით კონკურსში 105 მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალში 10 მათგანი გადავიდა, ხოლო 3 საპრიზო ადგილიდან პირველი ადგილი მარიამმა დაიკავა.
„ვფიქრობ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, თითოეულმა ჩვენთაგანმა გაიაზროს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის ჩართულობას… უმნიშვნელოვანესია, ხალხს დავანახოთ, თუ რატომ და რისთვის არის მისი ჩართულობა საჭირო და რა სარგებელს მიიღებენ ამ ყოველივედან, რადგან ამ საუკუნოვანი საკითხის მოგვარება მხოლოდ მთავრობას არ შეუძლია. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს საერო დისკუსიები და პრეზენტაციები. სწორედ ჩვენი მოვალეობაა, ავამაღლოთ ცნობიერება საზოგადოებაში… ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობის, მისი მერქნული და არა მერქნული რესურსების სწორი გამოყენებისა და მდგრადი, მაგრამ უსაფრთხო მართვის შესახებ. რასაკვირველია, ამ პრობლემის სრულებით აღმოფხვრა ძალზედ შორს დგას თანამედროვე რეალობისგან. თუმცა, თუ ჩატარდება მონიტორინგები, სხვა და სხვა ღონისძიებები რათა დავიცვათ ტყე დაავადებებისგან, დაწესდება ჯარიმები იმათთვის ვინც უდიერად ექცევა ტყეს და შეიქმნება და უფრო ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ხელოვნური, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა რესურსები, როგორიცაა ბრიკეტი, პელეტი, ნამჯა და ა.შ, რომლებიც ჩაანაცვლებენ შეშას და ტყის იმ რესურსებს რის გამოც ხდება მისი გაჩეხვა, საბოლოო შედეგი აღმაფრთოვანებელი იქნება. მართალია, მე ჯერ კიდევ პატარა ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია ტყის დაცვის პროცესებში მონაწილეობის მიღება და ჩართვა“, – წერს გამარჯვებული მოსწავლე ესეში.
ასევე იხილეთ:
ერთ სკოლაში ბიბლიოთეკად გადააკეთეს, მეორეში ამოქოლეს – ქუთაისის საცურაო აუზების ამბები