GE
3 ოქტომბერი, 2022 16:41

ერთ სკოლაში ბიბლიოთეკად გადააკეთეს, მეორეში ამოქოლეს – ქუთაისის საცურაო აუზების ამბები

ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ერთ დროს საცურაო აუზები ფუნქციონირებდა და მოსწავლეებს იქ ცურვის გაკვეთილები უტარდებოდათ. ზოგ სკოლაში კი, საცურაო აუზს, თავიდანვე ბუტაფორიული დანიშნულება ჰქონდა. ქუთაისის მოსახლეობა უკვე კარგა ხანია ჩივის, რომ საჯარო სკოლებში არსებული საცურაო აუზები ნაგავსაყრელებად და საწყობებად არის გადაქცეული.

როგორც ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორები EDU.ARIS.GE-სთან ყვებიან, ბევრი ეცადნენ, აუზებისთვის პირვანდელი ფუნქცია დაებრუნებინათ, თუმცა ამაოდ, რის შემდეგაც, ზოგ სკოლაში სხვა მიზნით გამოიყენეს, ზოგან კი ისე ამოქოლეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არაფერი უკითხავთ. მთავარი მიზეზი კი, რის გამოც აუზებმა ფუნქციონირება ვერ შეძლებს, მისი მოვლა-შენახვის თანხებია.

ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან თავიდაშვილი ამბობს, რომ მათი სკოლის ეზოში მდებარე საცურაო აუზი მთლიანად ამორტიზირებულია, სკოლაში ახლა რემონტი იწყება და აუზის დემონტაჟია დაგეგმილი.

„თავის დროზე, აუზი ფუნქციონირებდა ჩვეულებრივ რეჟიმში და ბავშვებს ჰქონდათ ცურვის გაკვეთილები. ღია ტიპის აუზი იყო და გვერდით არის ასევე შენობა-ნაგებობა, სადაც საშხაპეები იყო განთავსებული, ექთანიც ჰყოლიათ… თავის დროზე ეს სკოლა ცნობილი იყო იმით, რომ საცურაო აუზი ჰქონდა. ახლა მხოლოდ ჩონჩხია დარჩენილი და იქ თუ მოქმედი აუზი იყო ადრე, ვერც მიხვდებით. მე მე-7 წელია, რაც ამ სკოლაში ვარ და ასეთი დამხვდა. 90-იანი წლებიდან გაჩნდა პრობლემები. მაშინ, ერთი პერიოდი, ისე წვიმდა სკოლის შენობაში, როგორც ადრე. მერე, სკოლის კურსდამთავრებულებმა, შემოწირულობებით მოახდინეს სპორტული დარბაზის და შენობის დაზიანებული ნაწილის გადახურვა. ორი წლის წინაც გავუკეთეთ ხელახალი გადახურვა მთელს სკოლას, მაგრამ აუზის არც აღდგენის და არც შენახვის სახსრები სკოლას არ აქვს. რა დონის ჰიგიენა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, ყველამ ვიცით. მშობლები იყვნენ დაინტერესებულები, რომ აქ გაკეთებულიყო სარეაბილიტაციო ცენტრი და გვინდოდა, აუზი იჯარით გადაგვეცა, სადაც დღის პირველ ნახევარში ისარგებლებდნენ მოსწავლეები, დღის მეორე ნახევარში კი მას შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქცია ექნებოდა, მაგრამ სამინისტრომ არ მოგვცა იჯარით გადაცემის უფლება”, – გვითხრა რუსუდან თავიდაშვილმა.

ქუთაისის კიდევ ერთი, 33-ე საჯაროს კოლის დირექტორი, მარინა ისკაკოვა ამბობს, რომ მათი სკოლის რეაბილიტაციისას ეზოში არსებული საცურაო აუზი ისე ამოქოლეს, მათთვის არავის არაფერი უკითხავს. რემონტის დროს გადააკეთეს საკლასო ოთახებიც, რამაც სკოლას პრობლემები შეუქმნა.

„როდის აშენდა არ ვიცი, მაგრამ ამ აუზს არასოდეს უმუშავია. აშენების დღიდან გაუმართავი იყო. ეს იყო ღია აუზი, რომელშიც წყალი არასოდეს ჩაუსხამთ. მხოლოდ ამოთხრილი იყო და კაფელი ჰქონდა ამოკრული. ათასწლეულის ფონდი, „მილენიუმი“, რომ შემოვიდა ჩვენთან, პროექტში გათვალისწინებული იყო მხოლოდ სკოლის რეაბილიტაცია. აუზი არცერთ საკადასტრო ნახაზში არ ფიქსირდებოდა არასდროს და რეაბილიტაციის დროს სრულად ამოავსეს სამშენებლო ნარჩენებით. მანამდე, რამდენჯერმე მივმართე განათლების სამინისტროს, რომ გვინდოდა, აუზი აგვემოქმედებინა, მაგრამ სამინისტრო და თვითმმართველობა ერთმანეთს აბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ამის სახსრები და მერე მეც შევეშვი ამ თემას. არადა, დირექტორად რომ დავინიშნე, 8 წლის წინ, დიდი იმედი მქონდა, რომ მხარდაჭერა მექნებოდა და აღვადგენდი. ქუთაისში მხოლოდ ერთ ადგილას არის აუზი და ბევრი მოსწავლე ვერ სარგებლობს ამ ფუფუნებით, რაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს მარინა ისკაკოვა.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მშობლებიც ცდილობდნენ აუზისთვის რეაბილიტაციის ჩატარებას, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს. ვინ გადაწყვიტა, რომ აუზი ამოევსო, დირექტორმა არ იცის.

„2019 წელს, რეაბილიტაცია რომ დაიწყო, სკოლიდან გავედით და რომ დამთავრდა, შემოვედით. ეზოც შედის სკოლის პროექტში, მაგრამ ჩვენს მოსაზრებებს არასდროს არავინ ითვალისწინებს. სკოლის რეაბილიტაცია რომ დამთავრდა, ეზოს რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სააგენტომ გააგრძელა და მაშინ ამოივსო აუზიც. „მილენიუმმა“ ყველა ოთახი თავის ჭკუაზე გადაჭრეს და გადმოჭრეს. ზოგი კლასი დააპატარავეს. გვითხრეს, რომ ამერიკული სტანდარტით იმუშავეს. ზოგი ოთახი დააპატარავეს, ზოგი გაზარდეს, ზოგ ადგილას კედელი ვერ ჩამოიღეს და მერე თავი დაანებეს. მათთვის პრიორიტეტი ფოიეს და ოთახების განათება იყო. სამაგიეროდ, 6 საკლასო ოთახი ისე დააპატარავეს, 20 ბავშვიც ვერ ეტევა კლასში. იმ ოთახებში ადმინისტრაციული კაბინეტები განვათავსეთ. ერთი ოთახი საერთოდ უმოქმედოდ გვაქვს“, – მოგვიყვა სკოლის დირექტომა.

ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში დახურული საცურაო აუზი იყო, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებდა. სკოლის დირექტორი, გიორგი ოსაძე ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ამ ფართის ბიბლიოთეკად გადაკეთება გადაწყვიტა და ეს სურვილი სკოლის რეაბილიტაციის დროს განახორციელა.

„სკოლა 1981 წელს არის აშენებული. მეორე კორპუსში დაპროექტებული იყო დახურული აუზი. 90-იანი წლებიდან ეს აუზი აღარ ფუნქციონირებდა. მოგეხსენებათ, საცურაო აუზის მოვლა-პატრონობას რა რაოდენობის თანხები სჭირდება… როდესაც მოხდა სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს, „მილენიუმის“ პროექტით, ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან აუზის ფუნქციონირება შეუძლებელი იყო, მომხდარიყო ამ ტერიტორიის ათვისება და უნივერსალური ბიბლიოთეკის გაკეთება. ეს იყო ჩვენი სკოლის ინიციატივა. აუზის ტერიტორია ბიბლიოთეკად იქცა და ასეთი ტიპის ბიბლიოთეკა სხვა არცერთ სკოლას არ აქვს. თუ არ იცით, რომ ამ ადგილას აუზი ფუნქციონირებდა, ვერ მიხვდებით”, – გვითხრა გიორგი ოსაძემ.

ასევე იხილეთ:

სკოლის ამბავი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში დაიკეტება – „ლაბორატორიებით და სხვა ტექნიკით აღჭურვა არ შედის ამ დაფინანსებაში“

„ერთი პროექტორი გვენატრება“ – დუშეთის სოფლის სკოლის ამბავი

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში