GE
26 ივლისი, 2022 11:55

„დაფიქრებულა, როდისმე გმირი რომ გახდებოდა?“ – რას წერს მამაზე კონკურსის „ჩემი წიგნი“ გამარჯვებული მოსწავლე რატი რატიანი

უკრაინის ომში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, დავით რატიანის შვილი, რატი რატიანი IX კლასის მოსწავლეთათვის გამართული კონკურსის „ჩემი წიგნის“ გამარჯვებული გახდა. კონკურსი საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ მიერ ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა შეექმნათ წიგნის გარეკანის დიზაინი, ნაწარმოების შინაარსის მიხედვით უნდა მოეფიქრებინათ სათაური და დაეწერათ წინასიტყვაობა, თუ რის შესახებ იქნებოდა წიგნი.

რატი რატიანმა წიგნს „გზა გმირობამდე“ დაარქვა და მისი წინასიტყავობა მამას მიუძღვნა:

„ეს წიგნი იქნება ძიება, თუ სად, როდის და როგორ იბადება ადამიანში გმირი. ამაზე მამაჩემის, დავითის გმირობამ დამაფიქრა. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ, რომ გმირებად იწოდებიან ქართლოსი, ჰაოსი და მათი შთამომავლები. აგრეთვე, ბიბლიური პერსონაჟი, დავითი. ნეტავ, რომელი ხაზის შთამომავალია მამაჩემი? ალბათ დავითის, რადგან ყველა ქრისტიანის წინაპარი ის არის. დაფიქრებულა, როდისმე გმირი რომ გახდებოდა?! არა მგონია, რადგან გმირობა, ხშირ შემთხვევაში, იგივე სიკვდილია და როდის იყო, კარგი ვაჟკაცი სიკვდილზე ფიქრობდა? ამ წიგნში ზოგიერთი თავდადებული თავის ისტორიას მოყვება. იმ გრძნობებსაც გაგვიმხელენ, როდესაც თვალი დახუჭეს და გაიფიქრეს, რომ მათთვის ძვირფას ადამიანებს ვეღარ ნახავდნენ. ინანეს? კარგად მოვუსმინოთ, რა ხდებოდა მათ გულებში გმირობის შემდეგ…“

რატი რატიანი თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. კონკურსით გათვალისწინებული წიგნის დიზაინის შექმნით მან I ადგილი დაიკავა და მიიღო 300 ლარიანი ვაუჩერი. რატი რატიანმა კონკურსის შედეგად მიღებული საპრიზო თანხის ნაწილით, სკოლის ბიბლიოთეკისთვის, მხატვრული ლიტერატურა შეიძინა.

ასევე იხილეთ:

მოსწავლეების მიერ ასომთავრული ასოებით შესრულებული „დედა ენის“ ამბავი

„ჩემი მამიკო მესაზღვრეა, მეგონა, წამოვიდოდა უკრაინაში და ძალიან ვინერვიულე“ – მეორეკლასელი ბავშვების განცდები ომზე

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში