ადგილები თბილისში, სადაც ბავშვებს კითხვის სურვილი უღვივდებათ და თავს მეცნიერებად გრძნობენ
EDU.ARIS.GE კვლავ განაგრძობს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას თუ სად შეიძლება წახვიდეთ და განიტვირთოთ ბავშებთან ერთად მომდევნო კვირის განმავლობაში. საუკეთესო კი სწორედ ის ადგილებია, სადაც დასვენებასთან ერთად შემეცნებაც მნიშვნელოვანია.
9-15 აპრილს შეგიძლიათ ესტუმროთ, დაისვენოთ და ისიამოვნოთ:
თოჯინების თეატრს, სადაც 9, 12, 13, 14 აპრილს 12:00 და 14:00 საათზე სპექტაკლ „დედა ენას“ ითამაშებენ. „დედა ენა“ შემეცნებითი ხასიათის, სცენურად ორიგინალური სურათებით გამორჩეული სპექტაკლია. დედა ენის მნიშვნელობა საინტერესო მხატვრული მიგნებებითაა გადმოცემული და ბავშვს ანბანის შესწავლაში დაეხმარება და „დედა ენის“ წაკითხვის სურვილს გაუღვიძებს. სპექტაკლი რეკომენდებულია 4 წლიდან, მისი მხატვრული და შემეცნებითი დონით უფროსებიც ისიამოვენებენ.
10 აპრილს, 12:00 საათზე თოჯინების თეატრი ასევე წარმოგიდგენთ სპექტსკლს „ცირკი”. წარმოდგენა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ ექსპერიმენტს წარმოადგენს, სადაც მოქმედი პერსონაჟების უმრავლესობა მარიონეტების სახით არიან წარმოდგენილნი. სიუჟეტი ერთი პატარა ქალაქის გამორჩეული ჯამბაზის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი პროფესიული ოსტატობით ხიბლავს თანაქალაქელებს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სპექტაკლში მიზანსცენათა სინქრონული მონაცვლეობა მოქმედების განვითარების ერთიან ლოგიკას მიჰყვება, რაც დასასრულს სიკეთისა და სიყვარულის მაღალზნეობრივ იდეალებს გამოხატავს. წარმოდგენა რეკომენდირებულია პატარებისთვის 6 წლიდან და უფროსი თაობის მაყურებელთათვის.
კინოთეატრ „კავეა გალერიას“, სადაც 9, 10, 11 და 12 აპრილს 16:45 საათზე შეგიძლიათ დაესწროთ მძაფრსიუჟეტიან, სათავგადასავლო ფილმს „განძის კუნძული“, სადაც მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი, მარკ უოლბერგი და სოფია ტეილორ ალი თამაშობენ. რეკომენდირებულია, ამ ფილმზე ბავშვთან ერთად მშობელიც დაესწროს.
სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ექსპერიმენტორიუმს. ექსპერიმენტორიუმი, რომელიც თბილისში, 9 აპრილის ქ. N5-ში მდებარეობს, ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმი გახლავთ. იქ ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის დაახლოებით 80-მდე ექსპონატია წარმოდგენილი. აქ თავი შეიძლება ნამდვილ მეცნიერადაც კი იგრძნოთ. შეგიძლიათ გაზომოთ თქვენი ყვირილის ძალა, დასხდეთ „ლურსმნებიან“ სკამზე, ასწიოთ მეგობარი ჰაერში, ხელით „დაიჭიროთ“ ელვა, დახატოთ ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით იგრძნოთ თავი როკ-ვარსკვლავად. მუზეუმის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მუზეუმში შესაძლებელია სიცილი და ხმამაღლა საუბარი. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე (ორშაბათის გარდა), 12.00-19.00 სთ-ებში.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც 9 აპრილს, 19:30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლიდარობის აქცია-კონცერტს წარმოგიდგენთ. საქველმოქმედო საღამო 1989 წლის 9 აპრილსა და უკრაინის 2022 წლის ომში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნება. შესრულდება ქართველი და უკრაინელი ავტორების ნაწარმოებები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლორან კორსია, გიორგი ცაგარელი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი. პირველ განყოფილებაში შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური სურათი „რატომ“ და უკრაინელი კომპოზიტორის – ვალერი ანტონიუკის სიმფონია N5 „ომის შესახებ“, რომელიც კომპოზიტორმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველისთვის შექმნა. მეორე განყოფილებაში შესრულდება გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ სოლისტების, გოგონათა გუნდისა და კამერული ორკესტრისათვის.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზს, სადაც 10 აპრილს, 18 საათზე აღიარებული მუსიკოები, მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალების ლაურეატები პიანისტი თამარ ლიჩელი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი ფონდ „იავნანასთან“ ერთად სოლიდარობის აქციას გამართავენ. შესრულდება ლისტის, შუმანის, რახმანინოვისა და პაგანინის ცნობილი ნაწარმოებები. საქველმოქმედო საღამო ასევე თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს მიეძღვნება.