GE
13 აპრილი, 2023 11:00

აღდგომის დღესასწაული და მოსალოდნელი ხალხმრავლობა – ფსიქოლოგის მიმართვა მშობლებს და არა მხოლოდ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს უმრავლეს ოჯახში ტრადიციების სრული დაცვით აღინიშნება. როგორც წესი, ადამიანები ჯერ გარდაცვლილი ოჯახის წევრის საფლავზე იკრიბებიან, შემდგომ კი, სხვა ახლობლების საფლავებს სტუმრობენ. ეს ხალხმრავალი შეკრება საფლავებსა თუ ოჯახებში და „საუკუნის უნახავი“ ახლობლების ნახვა, გარკვეულ სტრესთანაც არის დაკავშირებული.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელზეც უსათუოდ მოგვიწევს უამრავი ადამიანის ნახვა, ჩვენგან გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს.

EDU.ARIS.GE ესაუბრა სოციალურ ფსიქოლოგსა და ფსიქო კონსულტანტს, ანა ცირიკიძეს, რომელიც მშობლებს, თინეიჯერებსა და არა მხოლოდ მათ, საჭირო რეკომენდაციებს უზიარებს.

– ანა, პირველ რიგში, გვითხარით, როგორია ჩვენი ფსიქოემოციური მზაობა, როცა ხალხმრავალ გარემოში მოსახვედრად ვემზადებით?

– ჩვენს ამჟამინდელ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა ბოლოდროინდელმა საყოველთაო მოვლენებმა, განსაკუთრებით კი კორონავირუსულმა პანდემიამ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსის ტალღამ ჩაიარა, ადამიანთა დიდ ნაწილს მაინც დარჩა შიშები და შფოთვები. ხალხმრავალ სიტუაციებში მოხვედრის მზაობის ნაკლებობა განსაკუთრებით იმჩნევა მშფოთვარე, ჩაკეტილ და შიშებისკენ მიდრეკილ ადამიანებში, ასევე ადამიანებში, რომელთაც აქვთ OCD იგივე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელიც ვირუსმა კიდევ უფრო გაავრცელა და ფართოდ მოედო საზოგადოებას. ამის პარალელურად, არსებობენ ექსტრავერტი ადამიანები, რომლებიც ენერგიას სწორედ ხალხმრავალ სიტუაციებში ივსებენ, შიშის ფაქტორი უკანა პლანზე აქვთ და შესაბამისად, მათთვის თუნდაც აღდგომის დღესასწაული დიდ სიხარულთან ასოცირდება.

– თინეიჯერებს, როგორც წესი, აქვთ ხოლმე პროტესტი ხალხმრავალი დღესასწაულების აღნიშვნის მიმართ და ხშირად წუწუნებენ, რომ სახლში/ოთახში დარჩენა ურჩევნიათ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთ დროს?

  • პირველ რიგში, პატივისცემა გამოხატონ შვილის სურვილის და შეხედულების მიმართ; აგრძნობინონ, რომ მისი ესმით და სასურველია, მოუყვანონ თავიანთი მაგალითი, როდესაც დიდ სტუმრიანობას მათაც სახლში დარჩენა ერჩივნათ;
  • გამოიყენონ ფრაზები, როგორიცაა: „მესმის შენი…“, „ ალბათ, როგორ გეზარება წამოსვლა“, „გწყინდება ხოლმე, ზრდასრულების საუბრის მოსმენა ხომ?!“
  •  სთხოვონ, ცოტა ხნით (წინასწარ შეთანხმდნენ ზუსტ დროზე) წამოვიდნენ მათთან ერთად. შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ კი, მოზარდს მისცენ უფლება, მისთვის სასურველი აქტივობით დაკავდეს.
  • აუხსნან, რომ ადამიანები ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ სულ, რაც გვინდა, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და ურთიერთპატივისცემა, რაც ჩვენგან გარკვეულ ქმედებებს მოითხოვს;
  • თუკი მოზარდი მაინც წინააღმდეგია და სურს სახლში დარჩენა, მშობელი უნდა ეცადოს გამოარკვიოს, კერძოდ რა იწვევს მასში სახლში დარჩენისას ასეთ ძლიერ სურვილს, რამე მნიშვნელოვანი საკითხი ხომ არაა, რაც საჭიროებს ყურადღებას.

– გაუზიარეთ ჩვენს მკითხველს ის ფრაზები, რომელიც ერთმანეთს არ უნდა ვუთხრათ თუ გვინდა, რომ ასეთმა დღეებმა პოზიტიურად ჩაიაროს..

– არაეთიკური და დისკომფორტულია, დიდი ხნის უნახავი ნათესავის მიმართ მის გარეგნულ მახასიათებლებზე, კერძოდ წონაზე აქცენტის გაკეთება : „უი, როგორ გასუქებულხარ შენ“, „რა გამხდარი ხარ, ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი, არ გაჭმევენ?“. ასევე დისკომფორტულია და პირად სივრცეს არღვევს შეკითხვები და ფრაზები, რომლებიც ეხება პირად ურთიერთობებს: „მეორე შვილს არ აპირებ?, „ორსულად ვერ დარჩი აქამდე?“, „რა ხდება შენს პირადში, გყავს ვინმე?“, „რატომ დაშორდით?“ და ა.შ. ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ იკავებს თავს შეკრებებისგან, რომ თავი აარიდოს მსგავს ფრაზებს და შეკითხვებს, რადგან ეს მათთვის სტრესული და დისკომფორტულია.

– ანა, ბოლოსკენ, გვითხარით, როგორ ვიზრუნოთ ჩვენი განწყობის ამაღლებაზე, როცა გარემოსგან თუ ადამიანებისგან ნეგატიურ სტიმულს ვიღებთ?

– ადამიანები ხშირად დაუფიქრებლად ამბობენ რაღაცებს ან შეიძლება, დაფიქრებითაც გვტკენდნენ გულს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, უფრო ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს და გავიაზროთ, ვის რა მოტივი ამოძრავებს ასეთ დროს, რამ განაპირობა მისგან ეს ნეგატიური სტიმული. შეგვიძლია, ყურადღება მომენტალურად გადავიტანოთ პოზიტიურ სტიმულზე და არ ვფოკუსირდეთ უარყოფითზე.

ასევე იხილეთ:

ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში