ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს
მშობლებს შვილებისთვის ყოველთვის საუკეთესო სურთ. ისინი ხშირად სვამენ შემდეგ კითხვებს: როგორ გავზარდო წარმატებული, თავდაჯერებული, კეთილი, პატივსაცემი შვილი, დისციპლინური ვიყო, თუ პირიქით? ზედმეტად მეგობრული, რომ ვიყო? იქნებ არც ვარგა?…
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორი აღზრდის მეთოდები აქვთ შერჩეული თანამედროვე მშობლებს და რამდენად გამართლებულია ისინი. ამ საკითხზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგს, ანანო გოგინავას. ჩვენი რესპონდენტი მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხებს და გეტყვით როგორ მიხვდეთ, თანამედროვე მშობელი ხართ, თუ პირიქით.
– ანანო, პირველ რიგში, გვითხარით ჩვენი საუკუნის მშობლების ტიპების შესახებ?
– ადამიანთა კლასიფიცირებას, ცალკეული ტიპების მიხედვით, ძალიან დიდი ისტორია აქვს. პირველი ასეთი საკლასიფიკაციო სისტემა ცნობილ ფილოსოფოსს -ჰიპოკრატეს ეკუთვნის, (ძვ.წ. Vს) სწორედ მან სცადა პირველად პიროვნების ტიპების დიფერენცირება და შედეგად, დაასკვნა ის, რაზეც ყველა ვთანხმდებით – ადამიანი უნიკალური ინდივიდია. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მშობელთა ტიპებიც მრავალფეროვანია, თუმცა, მათ ყველას ერთი საერთო აქვთ – შვილების სიყვარული, რომელსაც, რასაკვირველია, განსხვავებულად გამოხატავენ. ასევე, არსებობს ორი ძირითადი სკოლა მშობლობის შესახებ – თანამედროვე და ტრადიციული სკოლა. მაგალითისთვის, თუ 70-იან ან 90-იან წლებში დაიბადეთ, სავარაუდოდ, ტრადიციული მშობლობის სტილში აღიზარდეთ და მიუხედავად შესაძლო პროტესტისა, მაინც ცდილობდით, საზოგადოებაში დამკვიდრებულ გარკვეული წესებსა და ტრადიციებს მიჰყოლოდით. უკვე 2000-იან წლებში დაბადებული მშობლები კი, უფრო ნაკლები ყურადღებით ეპყრობიან საზოგადოებრივ აზრებსა თუ წარმოდგენებს და შესაბამისად, შვილის აღზრდის პროცესში მათ აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ.
– საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ვინ ითვლება თანამედროვე მშობლად და ვინ პირიქით?
– ვინაიდან ბავშვები არ იბადებიან ინსტრუქციით, არ არსებობს კარგი მშობლის მზა რეცეპტი. ამიტომ, მშობლები აქტიურად იწყებენ ფიქრს, თუ რომელი მეთოდი გამოიყენონ შვილების აღზრდისას. თანამედროვე მშობლობა არის მშობლობის უფრო ჩართული, მოქნილი და კონფლიქტურთან შედარებით, თავისუფალი სტილი. თანამედროვე მშობლები თვლიან, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და თითოეული განსხვავებულ მშობლობას მოითხოვს. მსგავსი ტიპის მშობლები მორგებული არიან ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე, მათთვის პრიორიტეტულია ბავშვის კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დღეს, თანამედროვე მშობლები ცდილობენ, თავიანთი შვილები თავდაჯერებულები აღზარდონ. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ბავშვის ინტელექტისა და პირადი შეხედულებების განვითარებაზე. გარდა ამისა, მათთვის აუცილებელია სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარება. რაც შეეხება ტრადიციულ მიდგომას, მისი იდეა ეფუძნება ავტორიტარულ სტილს, რომელიც წინა თაობებში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.
– როგორ მივხვდეთ თანამედროვე მშობელი ვართ, თუ პირიქით?
თუ ასე უყურებთ შვილის აღზრდისა და ცხოვრების საკითხს, ნამდვილად ხართ თანამედროვე:
1. მე და ჩემი შვილი ერთნი არ ვართ, ის დამოუკიდებელია, ისევე, როგორც მე. მშობლები ხშირად ცხოვრებენ საკუთარი შვილების ცხოვრებით და მათ ყველაზე პირად საკითხებშიც კი ერევიან. მაგალითად, ხშირად უწუნებენ მეგობრებს, გემოვნებას, სტილს, ქცევას, ხასიათს და მუდმივად ცდილობენ, შვილი მათ ჰგავდეს და არ აქვთ მიმღებლობა. თუ მშობელი ასე იქცევა, ის, რასაკვირველია, ვერ იქნება თანამედროვე;
2. ვეხმარები, მაგრამ არ ვმბრძანებლობ. ეს არის პროცესი, როდესაც ჩართული ხართ შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, იცით მათი პრობლემებისა თუ გამოწვევების შესახებ და ნაცვლად მბრძანებლობისა, (მაგალითად: „ეს აღარ გააკეთო“, „ასე არ მოიქცე“, „შეცდომა რატომ დაუშვი“) ხართ ყურადღებიანი, დაკვირვებული და დამხმარე. თქვენი დიალოგის მიზანი ატარებს მხოლოდ მათი დახმარების და არა კრიტიკისა თუ დასჯის სურვილს;
3. ყოველთვის მაქვს დრო შენთვის და საკუთარი თავისთვის. ეს არის პროცესი, როდესაც მშობელს აქვს გააზრებული, რომ როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა შეძლოს დროის გამონახვა შვილის მოსასმენად, მის დასახმარებლად თუ უბრალოდ, ურთიერთობისთვის. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოახერხოს, რომ ჰქონდეს საკუთარი დროც, არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ შვილზე. ეს უკვე თანამედროვე მიდგომაა, რადგან პატივს ცემ საკუთარ თავსაც და შვილსაც;
4. შემიძლია ამოვიცნო შენი ფიქრები, საჭიროებები და სურვილები. ეს არის ვითარება, როცა შვილს იმდენად კარგად იცნობ შვილს, რომ მისი სურვილებისა და ფიქრების ამოცნობა შეგიძლია. ეს ნიშნავს, რომ შენ მას ესაუბრები და ურთიერთობ. ურთიერთობა აუცილებელია;
5. როცა ვკამათობთ, ჯანსაღი კომუნიკაციის უნარს არ ვკარგავთ. შესაძლოა, შვილს არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ იყოს კონტაქტური და ნაცვლად დიალოგისა, არ იყოთ მონოლოგით წარმოდგენილი. კონკრეტულ პრობლემაზე საუბარი არ მიდიოდეს კონფლიქტამდე, რაც შეიძლება, დამაკნინებელი იყოს რომელიმე მხარისთვის;
– შეიძლება, მშობელი იყოს უფროს ასაკში, მაგრამ იყოს თანამედროვე?
– დიახ, რა თქმა უნდა. თუ მშობელი მიჰყვება ახალგაზრდა თაობის ცხოვრების რიტმს, მუდმივად საუბრობს შვილთან, მისი თაობის წარმომადგენლებთან, თინეიჯერებთან, ბავშვებთან, არის კეთილგანწყობილი მათ მიმართ და ინარჩუნებს ჯანსაღ კომუნიკაციას, ის აუცილებლად არის თანამედროვე და ასაკი აქაც მხოლოდ ციფრებია.
– მიმართეთ მშობლებსა და მომავალ მშობლებს, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი?
– სახლში, სადაც ბავშვი, მოზარდი, თუ ზრდასრული იზრდება, ვითარდება და ყალიბდება, აუცილებელია, შვილმაც და მშობელმაც იგრძნოს სიყვარული და პატივისცემა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეთ, დავიცვათ „ოქროს შუალედი“ და იცოდეთ, რომ მშობლებს გვაქვს ბედნიერების უფლებაც და საჭიროებაც, რადგან სწორედ ბედნიერი მშობლების შვილები არიან ბედნიერები და მუდმივად იბრძოლებენ ამისთვის. ამიტომ, მშობლებმა დრო არა მხოლოდ შვილებს, არამედ ერთმანეთს და საკუთარ თავსაც დაუთმეთ.
ასევე იხილეთ:
„დიალოგი შვილთან“ – როგორ აღვზარდოთ შვილი პასუხისმგებლიან მოქალაქედ