AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლე, ნენე ზუბაშვილი, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ჩინეთში გამართულ მე-10 Belt and Road Teenager Maker Camp and Teacher Workshop-ში მონაწილეობდა, რომელიც გუანსის რეგიონში, ქალაქ ნანნინგში გაიმართა.
გიმნაზიის მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო ბანაკმა 25-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, ტექნოლოგიების მიმართულებით ემუშავათ, ახალი ცოდნა და გამოცდილება მიეღოთ და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ თანატოლებთან ეთანამშრომლათ.
პროგრამის ფარგლებში ნენე ზუბაშვილმა მონაწილეობა მიიღო AI Maker-ის აქტივობებში, რომლებიც გუანსის მინძუს უნივერსიტეტში გაიმართა. პრაქტიკული საქმიანობისა და ტექნოლოგიებთან მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ჩინეთ-ASEAN-ის 23-ე ექსპო, სადაც ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით არაერთი საინტერესო გამოფენა იყო წარმოდგენილი.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილობრივ სკოლებსაც ეწვივნენ და ჩინეთის საგანმანათლებლო სისტემაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების მიდგომებს გაეცნენ.
პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილი ასევე მოიცავდა ვიზიტებს ASEAN-ის მეცნიერების პოპულარიზაციის პარკში, სუბტროპიკულ ბოტანიკურ ბაღსა და გუანსის ანთროპოლოგიის მუზეუმში, სადაც მონაწილეებმა რეგიონის ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ მეტი შეიტყვეს.
ბანაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და გამოცდილებისა და იდეების გაზიარება იყო. საერთაშორისო გარემოში მუშაობამ მონაწილეებს ახალი კულტურების გაცნობისა და თანამშრომლობის გამოცდილება მისცა.
„AIA-GESS ამაყობს ნენეს წარმატებით და მოხარულია, რომ გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც მათ ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო ხედვის განვითარებაში ეხმარება“, – აცხადებენ სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის გუნდი Solana Hackathon-ის გამარჯვებულია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS