GE
26 ოქტომბერი, 2026 13:09

AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

24 ოქტომბერს, გაეროს დღესთან დაკავშირებით, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სივრცეებში UN Experience მოაწყვეს.

გიმნაზიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა, ემსჯელათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და ერთმანეთისთვის იდეები გაეზიარებინათ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა მისია მოამზადეს: სტუმრები გაეცნენ მსოფლიოს ქვეყნებს, შეამოწმეს საკუთარი ცოდნა გაეროს შესახებ, იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე და სხვადასხვა საკითხს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედეს. აქტივობების ნაწილი საერთო გადაწყვეტილებების მოძიებასაც ითვალისწინებდა.

თითოეულ სტუმარს გადაეცა ე.წ. UN Passport – გაეროს პასპორტი, რომელშიც შესრულებული მისიების დამადასტურებელ ბეჭდებს აგროვებდნენ. მონაწილეებს ათი მისიის შესრულება შეეძლოთ, თითოეული მათგანი კი გაეროს საქმიანობასა და გლობალურ საკითხებზე მეტის გაგების შესაძლებლობას იძლეოდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მომავალი პროფესიებისთვის საჭირო უნარებიც გამოსცადეს. მაგალითად, მონაცემთა ჯგუფში ეკონომიკით, ფინანსებითა და მარკეტინგით დაინტერესებული მოსწავლეები მუშაობდნენ. ისინი აკვირდებოდნენ ღონისძიების მიმდინარეობას, აგროვებდნენ მონაცემებსა და მონაწილეთა უკუკავშირს, რათა ანალიტიკური ანგარიში მოემზადებინათ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ისინი ღონისძიების შეფასებასა და სამომავლო აქტივობების გაუმჯობესების რეკომენდაციებზეც იმუშავებდნენ.

ღონისძიების სტუმრები იყვნენ ლიკა გუმბერიძე – აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი და ჯოზეფ ბოკუზი – კულტურათაშორისი კომუნიკაციის სპეციალისტი. გიმნაზია მადლობას უხდის მათ სტუმრობისთვის, მოსწავლეებთან საუბრისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS