GE
16 მარტი, 2026 13:58

AIA-GESS-ის მოსწავლე შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა

გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლე ანასტასია ბოლქვაძე International Swiss Talent Forum 2026-ში – ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა.

გიმნაზიის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მთელი საქართველოდან ფორუმზე სწორედ ანასტასია ბოლქვაძე იყო წარმოდგენილი. ანასტასია ასევე არის ევროკონკურსის – EUCYS 2023 მონაწილე და კონკურსის – „მე ახალგაზრდა მეცნიერი” გამარჯვებული.

International Swiss Talent Forum (ISTF) ყოველწლიურად ტარდება შვეიცარიაში და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამედროვე გლობალური გამოწვევების გააზრებასა და მათზე ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიებაზე ერთად მუშაობენ.

ფორუმის 2026 წლის მთავარი თემა იყო „Water – Elixir of Life”, რომელიც შეეხებოდა წყლის მნიშვნელობას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საერთაშორისო გუნდებში სამი დღის განმავლობაში ემუშავათ იდეებსა და პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა წყლის რესურსებთან დაკავშირებული გლობალური პრობლემების გადაჭრას.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები, ვორკშოპები და მენტორთა სესიები, სადაც ახალგაზრდები დარგის პროფესიონალებსა და ცნობილ მეცნიერებთან ერთად მუშაობდნენ.

ფორუმის მონაწილეთა ყველა ხარჯი დაფარული იყო ორგანიზაციის Swiss Youth in Science მიერ, რომელიც ყოველწლიურად, ახალგაზრდა მეცნიერებს შვეიცარიაში მასპინძლობს.

გიმნაზია ულოცავს ანასტასიას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებას უსურვებს სამეცნიერო გზაზე!

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS