„ანაზღაურება სულ რაღაც 576 ლარია, დიდი ნაწილი წამლებში მიგვდის“ – სკოლის დამლაგებლების სათქმელი და ხელფასების მატების მოლოდინი
ის არ ატარებს პედაგოგის ტიტულს, მაგრამ მისი შრომის ფასი ზუსტად იცის მთელმა სკოლამ. სამუშაო დღე სკოლაში სხვებზე ადრე იწყება, დილის სიჩუმეში გულმოდგინედ დალაგებული, ყოველი სუფთა საკლასო ოთახი სწორედ მისი ზრუნვის შედეგია.
დღეს EDU.ARIS.GE-ს რეპონდენტი თბილისის ერთ-ერთი მრავალკონტიგენტიანი სკოლის დასუფთავების თანამშრომელი, 70 წლის მარინა დანიელოვა იქნება. ის თავად ისაუბრებს საკუთარი სამუშაოს შესახებ და გეტყვით, რატომაა ხელფასების მატება მნიშვნელოვანი მისთვის და მისი კოლეგებისთვის.
ქალბატონი მარინა საჯარო სკოლაში 2005 წლიდან არის დასაქმებული. სკოლაში, სადაც 2 200 მოსწავლე, 150-მდე თანამშრომელი და მოსწავლეების სამი ცვლაა, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორია დასუფთავების სამსახურის ღვაწლმისილი წარმომადგენლის სამუშაო.
ქალბატონ მარინას, კოლეგების მსგავსად, გასულ წელთან შედარებით, ხელფასი 10%-ით გაეზარდა, თუმცა მისი ანაზღაურება 3 ციფრიან, მიზერულ ბარიერს მაინც ვერ სცდება.
„აბა, წარმოიდგინეთ ჩემი სამუშაო დღე დილის 08:30 საათზე იწყება. სასწავლო პროცესი და ბოლო გაკვეთილი 19:00 საათსა და 15 წუთზე მთავრდება. ამ დროს მე მიწევს ყველა საკლასო ოთახის სველი წესით დალაგება. ასევე სველი წერტილების და დერეფნის დილისთვის მოწესრიგება. განსაკუთრებით გვიჭირს წვიმიან ამინდებში, ჩვენი სკოლა გარეუბანში მდებარეობს და აქ ძალიან ბევრია მოსწავლე, რომლებსაც მოუწესრიგებელი ქუჩებიდან უწევთ სიარული, რის გამოც უამრავი ტალახიანი ფეხი ხვდება სკოლაში“, – გვიყვება ქალბატონი მარინა.
კითხვაზე, რა ანაზღაურებას იღებს ის და რატომ არის არსებითი მისი და მისი კოლეგებისთვის ხელაფსების მატება, ასე გვპასუხობს:
„ჩვენი კოლოსალური შრომა სათანადო ხელფასით რომ იყოს დაფასებული, კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ანაზღაურება ძალიან ცოტაა. ბოლო რამდენიმე წელია, მთავრობის დადგენილების შესაბამისად 10% მომატება ხდება(ჩვენმა სკოლამ შარშან 10 კი არა, 20%-ითაც გაგვიზარდა), მაგრამ ეს მაინც მიზერული თანხაა გაძვირებული ცხოვრების საპირწონედ. დღეს ჩვენი ხელფასი სულ რაღაც 576 ლარია (ხელზე ასაღები, დარიცხული -720), რომლის დიდი ნაწილი წამლებში მიგვდის“.
როგორც ქალბატონი მარინა აღიშნავს, რომ არა მხარდაჭერა სკოლის დირექტორისგან, სასკოლო პერსონალისა და მშობელ-მასწავლებლებისგან, ამ პოზიციაში ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა.
„ასეთი მძიმე შრომა, ცოტა ანაზღაურება – ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა – რა გვაძლებინებს აქ?! ამაზე მე მარტივი პასუხი მაქვს – უკეთესი პერსპექტივის არქონა და პირველ რიგში, თანამშრომლობითი, ოჯახური გარემო და ის მხარდაჭერა, რომელიც სკოლისგან გვაქვს. დირექცია სისტემატიურად წაგვახალისებს ხოლმე მე და ჩემს კოლეგებს როგორც მატერიალურად (პრემია -დანამატის სახით), ასევე აღიარება-დაფასების მიმართულებითაც“, – გვესაუბრა სკოლის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.