GE
22 მაისი, 2026 14:36

„ჯადოსნური მოგზაურობა ფულის სამყაროში“ – მათემატიკის ილუსტრირებული ამოცანები პირველკლასელებისთვის

დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ცოდნა საინტერესო და გასაგები ფორმით მივაწოდოთ, უშუალოდ სწავლის პროცესი კი მარტივი და სახალისო იყოს. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა, ბაია მაჩიტიძემ სწორედ ამ მიზნით შექმნა რესურსი, სახელწოდებით „ჯადოსნური მოგზაურობა ფულის სამყაროში“, რომელსაც პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უზიარებს.

როგორც პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, ამოცანების კრებული მათემატიკის სწავლებას სრულიად ახლებურ, პრაქტიკულ კონტექსტში ათავსებს, რაც 1-ელი კლასის მოსწავლეებისთვის მასალის გააზრებას ბევრად ამარტივებს.

იხილეთ: ამოცანების კრებული

რესურსი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე, რომლებიც პატარებს არა მხოლოდ გამოთვლებში, არამედ ცხოვრებისეული უნარების ჩამოყალიბებაშიც ეხმარება და აი, როგორ:

ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება – მათემატიკური ოპერაციები (მიმატება, გამოკლება, გაყოფა) პირდაპირაა დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. ბავშვები სწავლობენ, რა არის ბიუჯეტი (ფული გვეხმარება ვიყიდოთ ის, რაც გვჭირდება და გვიხარია), ხარჯვა და დანაზოგი.

ვიზუალური სწავლება – რესურსი მდიდარია ილუსტრაციებით – მონეტებით, ყულაბებითა და პერსონაჟებით (ანა, სოფო, ანდრია), რაც აბსტრაქტულ ციფრებს კონკრეტულ, აღქმად საგნებად აქცევს. მაგალითად, ფულის შეგროვება პირდაპირ ასოცირდება ბიუჯეტის ზრდასთან, ხოლო ყიდვა – მის შემცირებასთან.

ლოგიკური აზროვნების განვითარება – ამოცანები მოსწავლეს ასწავლის არა მხოლოდ მექანიკურ გამოთვლას, არამედ დაგეგმვასა და გადანაწილებას. მაგალითად, ტასოს ამოცანაში ბავშვი სწავლობს, როგორ გაანაწილოს თანხა თანაბრად სხვადასხვა მიზნისთვის (სათამაშოსთვის და დასაზოგად).

თანამშრომლობის პრინციპი – რესურსი აცნობს ბავშვებს საერთო ბიუჯეტის ცნებას, სადაც მეგობრებთან ფულის გაერთიანებით უფრო დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი, რაც მათემატიკასთან ერთად, სოციალურ უნარებსაც ავითარებს.

ფოკუსირება ამოხსნაზე – რვეულის სტრუქტურა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დრო არ დახარჯოს ამოცანის პირობის გადაწერაზე. ამის ნაცვლად, მთელი ყურადღება გადატანილია ამოცნის ამოხსნის პროცესზე.

მშობლებო, თქვენი პირველკლასელებისთვის, შეგიძლიათ რესურსი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ და ისე გამოიყენოთ.

ასევე იხილეთ: 

„მშობლების დედაენა“ – სავარჯიშოები და არამხოლოდ

schools.ge (ნ)