არ მუშაობს „დაჯექი, იმეცადინე“ – რა სჭირდება მოსწავლეს ამის სანაცვლოდ მშობლისგან
ავტორი: ნაილი დათუნაშვილი – მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი
ერთხელ, ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე ძალიან შეცვლილი მომეჩვენა, თითქოს ნაკლებს მეცადინეობდა, საკუთარ თავს არ ჰგავდა… ჩემთვის ვფიქრობდი – რამ დაუკარგა მოტივაცია, მე რა გავაკეთე არასწორად… ამ თვითგამორკვევის პერიოდში კი აღმოვაჩინე, რომ მშობლები დროებით (იგულისხმება, დაახლოებით, სამი-ოთხი კვირა) ქალაქიდან იყვნენ გასულები და არავინ ჰყავდა, ვინც სწავლას შეახსენებდა, მოუწოდებდა მეცადინეობისკენ და ა.შ. ამ ფაქტმა ძალიან შემაფიქრიანა. ყოველთვის მეგონა, ეს მოსწავლე საკუთარ თავს თავად მართავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედის გარეშე უმართავი იყო სწავლასთან დაკავშირებით.
შევფიქრიანდი და დავსვი კითხვა: ნეტავ, რა არის გასაღები იმისა, რომ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია ჰქონდეთ? ამ კითხვაზე პასუხის ძებნა ჯერ საკუთარი თავიდან დავიწყე, საკუთარი ბავშვობა გავიხსენე და ის ფაქტი, რომ მეც მმართავდა დედა ბევრი წელი, მომიწოდებდა მეცადინეობისკენ, მაძლევინებდა სიზარმაცეს, მაიძულებდა არ დამეტოვებინა უსწავლელი ესა თუ ის თემა, საათობით მეჯდა გვერდით და იბარებდა გაკვეთილებს, მესაუბრებოდა მომავალზე, ნასწავლის გამოყენების საჭიროებაზე, პროფესიაზე, თავისუფალ დროზე, ჩემს მომავალ შვილთან ურთიერთობაზე და ვინ მოთვლის კიდევ რაზე არ… მისი მხარდაჭერით „ძალით“ სწავლა კი გრძელდებოდა იქამდე, სანამ მიზანი არ გამიჩნდა, რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში გრანტით, რადგან ჩემს ოჯახს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი და უგრანტოდ გამიჭირდებოდა გადამეხადა სწავლის გადასახადი.
ახლა რომ ვფიქრობ, არ ვიცი, სწორი იყო თუ არა დედის მიდგომა, მაგრამ მან მოახერხა ჩემი მომავალი დამენახა მასწავლებლად. შესაბამისად, მან ჩემზე ადრე შენიშნა ჩემი ხასიათის და უნარების გამოყენების საუკეთესო ადგილი. არ ვიცი, ამ გადასახედიდან მიზანი იყო თუ არა სწორედ ის შინაგანი მოტივაცია, რამაც დამოუკიდებელი სვლები განმახორციელებინა, მაგრამ მახსოვს, რა მამოძრავებდა სკოლის ბოლო წლები, მამუშავებდა დამოუკიდებლად ყველანაირი დაძალების და მოწოდების გარეშე (გარეგანი მოტივატორების გარეშე) – მიზანი, გავმხდარიყავი მასწავლებელი…
თუმცა, გგონიათ, ბოლომდე შევინარჩუნე ეს ტემპი? არა, არა, უნივერსიტეტში კვლავ ჩაქრა შინაგანი მოტივაცია, როცა ჩაბარებულ ფაკულტეტზე ისეთ საგნებს შევეჯახე, რომელიც ვერაფერში დამეხმარებოდა, გავმხდარიყავი ის, ვინც მინდოდა (ეს ჩემი პირადი აზრი იყო მაშინაც და იგივე აზრზე ვარ ახლაც)… ანუ უმიზნო და უმართავი ვიყავი სწავლის კუთხით.
სწორედ ამიტომ, ვიპოვე გამოსავალი და მასწავლებლობის მომზადების პროგრამაში ჩავერთე. ანუ გავიჩინე შინაგანი მოტივატორი და მერე ისევ ჩქარი ტემპით მივიწევდი მიზნისკენ. ეს იყო პერიოდი, როცა ისევ არ მჭირდებოდა გარეგანი მოტივატორები და შინაგანი მყოფნიდა – წარმატებით დამემუშავებინა მთელი პროგრამა…
და რა მოხდა მერე? ან რა მოხდებოდა მაშინ, როცა სამსახურში წავიდოდი? დავფიქრდი… თუ ეს სამსახური იქნებოდა არასასურველი, ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიშველიდა ვერანაირი იძულება და მოწოდება, ვერც საჩუქარი მაღალი ხელფასის სახით. ერთადერთი, რაც გრძელვადიან პროცესში შემაძლებინებდა ჩემი საქმის სიყვარულით კეთებას, იქნებოდა კვლავ შინაგანი მოტივაცია და სწორედ მისი წყალობით ვარ იქ, სადაც მიხარია ყოფნა. მე ხომ თავიდანვე მიზნად მქონდა დასახული, ვყოფილიყავი მასწავლებელი.
წარმოიდგინე, რა საშინელება იქნებოდა ყოველ დილით გამეღვიძა და წავსულიყავი იქ სამუშაოდ, სადაც წასვლა არ მენდომებოდა. არავის ვუსურვებ ამას, ამაზე ძნელი ყოფა ვერც წარმომიდგენია…
მშობლებს და მათ შორის ჩემს თავს, როგორც მშობელს, მინდა ვუთხრა ერთი რამ:
არ მუშაობს არანაირი „დაჯექი და იმეცადინე“!!! ბავშვს სჭირდება ემოციური მხარდაჭერა, მოსმენა, მისი პრობლემის გაზიარება, ყველანაირი გამოსავლის დატესტვა და საუკეთესოს არჩევა… ამას გეუბნებით საკუთარი მწარე გამოცდილებით, რადგან მეც, თქვენსავით, არ მაქვს დრო, ჩემს შვილს სათანადო მხარდაჭერა გამოვუცხადო. როცა ამ გზაზე ჩიხში აღმოვჩნდი მივხვდი, რომ მჭირდებოდა სახლში ასისტენტ-მასწავლებელი, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც მიეჯაჭვებოდა, არამედ ისეთი, რომლისგანაც სკოლაში ახსნილ თემას, თავიდან დაამუშავებდა. ამიტომაც გამოვიგონე მოლაპარაკე წიგნი. მე ამ გზაზე შემიძლია, კონკრეტულად მათემატიკასთან ბრძოლაში მოსაგებად დაგეხმაროთ წიგნით (ვიდეო გაკვეთილები), რომელიც ილაპარაკებს თქვენი შვილისთვის გასაგებ ენაზე, აუხსნის მას სკოლაში გაგებულ თუ ვერ გაგებულ ნებისმიერ თემას. ამას გააკეთებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მას დასჭირდება, რომ გაიგოს და მეორე დღეს სკოლაში მშვიდად წავიდეს, იმის არ ეშინოდეს, ვაითუ, მასწავლებელმა გამოიძახა და დაფასთან ვერ შეასრულა ესა თუ ის სავარჯიშო. მოამზადებს შემაჯამებლისთვის, რომ დამოუკიდებლად დაწეროს სკოლაში ტესტი. და რაც ყველაზე მთავარია, შეიძენს ცოდნას და უნარს, იმუშაოს საკუთარ თავზე, ყველანაირი რეპეტიტორთან მიჯაჭულობის გარეშე. მაგრამ მე ვერ დაგეხმარებით, გაუჩინოთ მათ მოტივი, დამოუკიდებელი მეცადინეობის ჩამოსაყალიბებლად. ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა! თქვენ უნდა მოახერხოთ, უნდოდეთ მათ ამ დახმარების მიღება.