GE
9 მარტი, 2022 14:11

„არდადეგებზე ისეთი დავალებები უნდა მივცეთ, რაც ბავშვებისთვის მაქსიმალურად სახალისო იქნება“ – დაწყებითი კლასების მასწავლებელი დასვენების დროს მიცემულ დავალებაზე

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო და 14 მარტამდე გაგრძელდება. შედარებით ხანმოკლე არდადეგებზე მასწავლებლების ნაწილი ბავშვებს სხვადასხვა დავალებას აძლევს ან რომელიმე წიგნის კითხვას ურჩევს.

EDU.ARIS.GI-მ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ნატო ნავდარაშვილს ჰკითხა, თუ რა დავალება შეიძლება მიეცეთ მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებზე შესასრულებლად. მესამე კლასის დამრიგებელი ფიქრობს, რომ არდადეგებზე მიცემული დავალება სწორ გზად არ მიაჩნია, თუმცა პანდემიურ პერიოდში არსებულ სწავლის ხარისხზე წუხს და ამბობს, რომ დღეს, როგორც არასდროს, მშობლის როლზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

„არდადეგებზე მიცემულ დავალებას, ბავშვები, როგორც წესი, არ ასრულებენ. ამიტომ, ვცდილობ, არდადეგებზე დავალება არ მივცე, თუმცა, მალე „პეპი გრძელწინდას“ შემოკლებული ვერსია უნდა გავიაროთ ამ კლასში და ვთხოვე, ეს ნაწარმოები მთლიანად წაიკითხონ, რადგან მათთვის უკეთესი იქნება. ამ არდადეგებზე ვერ მოასწრებენ და შეუძლიათ, მერე გააგრძელონ კითხვა. მათემატიკაში კი, გამრავლების ტაბულაზე ვმუშაობთ და მინდა, მისი ცოდნა მაინც გაიმყარონ. როგორც წესი,  ვცდილობ, არდადეგებზე ისეთი დავალებები მივცე, რაც ბავშვებისთვის მაქსიმალურად სახალისო იქნება, თორემ, როგორც წესი, არ ინტერესდებიან, უფრო ბეზრდებათ სწავლა და თუ სწავლა შესძულდათ, მერე აღარაფერს აკეთებენ.

მესამე კლასს ვასწავლი და ამ ხნის განმავლობაში ყველა ბავშვს თავი ერთად ამ დრომდე ვერ მოვუყარე – ხან ონლაინ სწავლებაზე ვართ, ხან არ დადიან… ძალიან ვდარდობთ ამ ამბავზე. შედარებაც არ მინდა, სხვა პერიოდთან. მშობლებიც აღნიშნავენ, წინა წლებში რომ მათმა სხვა შვილებმა ისწავლეს ჩემთან, იმ დონის შედარება არც შეიძლება ახლანდელებთან. ერთადერთი, ვისი მშობელიც დაინტერესებულია და ონლაინ სწავლების დროს ხელს უწყობდა ბავშვებს, მათ ემჩნევათ და სწავლობენ კიდეც უკეთესად. მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს ამ პანდემიაში“ , – ამბობს ნატო ნავდარაშვილი.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში