ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე საპრიზო ადგილი გიმნაზია აია-GESS-ის ერთ-ერთმა გუნდმა დაიკავა
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე საპრიზო ადგილზე გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლის გიორგი ნიორაძის გუნდი გავიდა. კონკურსის ფინალში გიმნაზიიდან სამი გუნდი მონაწილეობდა.
გუნდების წევრები: ვახტანგ კონტრიძე, ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე, თემურ პეტაშვილი, დავით ცუცქირიძე და ბახვა ერისთავი. მათ წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები და სანდიეგოს უნივერსიტეტის 50%-იანი სასწავლო გრანტი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა „სოლარი“ მონაწილეობა მიიღო, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის ცენტრში, ფლორიდაში. ამ გუნდის წევრებიც აია-GESS-ელები არიან.
ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
2016–2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.