GE
30 მარტი, 2022 12:59

ბათუმელი XII კლასელი ბიჭი საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

ბათუმელი მიშო დარჩიძე პარიზის IESEG-ის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან ონლაინ ჩააბარა გამოცდა, ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და დაფინანსებაც მოიპოვა.

მიშო დარჩიძე XII კლასის მოსწავლეა. კერძო სკოლაში – „სკოლა ევრო-2000“, – სწავლობს. ამბობს, რომ ამ სკოლამ დიდი როლი ითამაშა მისთვის განათლებისა და მოტივაციის მიცემის თვალსაზრისით. საოცნებო პარიზისკენ გზის გახსნაში კი უმთავრესად საკუთარი შრომისმოყვარეობა დაეხმარა.

„ვემზადებოდი საერთაშორისო გამოცდისთვის და პარალელურად – ეროვნული გამოცდებისთვისაც, მაგრამ ახლა აღარ არის აუცილებელი ეროვნულების ჩაბარება და ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ. საერთაშორისო გამოცდა, ILTS რომ ჩავაბარე, შედეგები გადავუგზავნე უნივერსიტეტებს. მერე კი შიდა გამოცდები ჩავაბარე ონლაინ რეჟიმში. ძირითადად მათემატიკის და ინგლისურის ცოდნას აქცევენ ყურადღებას და კიდევ, IQ ტესტი ჩავაბარე. დაახლოებით სამ კვირაში მომივიდა პასუხები, რომ გერმანიის, ესპანეთის, უნგრეთის და საფრანგეთის სხვადასხვა  უნივერსიტეტებმა მიმიღეს. კიდევ ვაპირებდი სხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასაც, მაგრამ საფრანგეთის პასუხი რომ მოვიდა, აღარ მოვინდომე, სხვაგან წასვლა. ამ უნივერსიტეტში დაფინანსებაც მოვიპოვე”, – ამბობს მიშო დარჩიძე.

XII კლასელმა ბიჭმა არჩევანი საფრანგეთზე იმის გამო შეაჩერა, რომ ეს ქვეყანა მისთვის ბევრად მიმზიდველად გამოიყურება, უნივერსიტისგან კი საუკეთესო განათლებას ელის იმ სფეროში, რომლითაც დაინტერესებულია.

„მრავალფეროვანი ქვეყანაა და ეს მრავალფეროვნება მიზიდავს, რასაც სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვი. თან, ბიზნეს-მენეჯმენტის შესწავლაა ჩემი მთავარი მიზანი. როგორც გავერკვიე, ამ ფრანგულმა უნივერსიტეტმა, სწორედ ეს გამოცდილება უნდა მომცეს. მინდა, ჩემგან კარგი ბიზნესმენი დადგეს – ამისთვის ვწვალობ. სამშენებლო ბიზნესი მიზიდავს და ამ კუთხით მინდა ქვეყნის განვითარებაში წვლილი შევიტანო“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს მიშო დარჩიძე.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში