ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის VI კლასელებმა „გასართობი პარკი“ შექმნეს
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა STEM პროექტის ფარგლებში ,,გასართობი პარკი“ შექმნეს. სკოლაში ამ პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი მაგდა ხაბაძე ხელმძღვანელობს, რომელიც მალე ფიზიკის მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეებთან ერთად, ისეთი „გასართობი პარკის“ შექმნას აპირებს, მექანიკურად რომ იმოძრავებს კიდეც.
„ორი პროექტიდან ერთ-ერთი უნდა აგვერჩია – „გასართობი პარკი“ ან „როგორ იკვებება ჭიანჭველა“. მოსწავლეებისთვის „გასართობი პარკი“-ს გაკეთება უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. ჯგუფურად იმუშავეს და მიუხედავად იმისა, რომ შიგა და შიგ ონლაინ რეჟიმში ყოფნაც გვიწევდა, მაინც ახერხებდნენ ოჯახებში, სკოლის ლაბორატორიაში შეკრებას და მუშაობას. საბოლოო ჯამში, საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. ახლა ვგეგმავთ, რომ ფიზიკის მასწავლებელთან ერთად მოვახდინოთ „გასართობი პარკის“ ამუშავება ანუ მექანიკა განვახორციელოთ ამ ყველაფრისა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაგდა ხაბაძემ.
ბიოლოგიის მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვებმა „გასართობი პარკის“ შექმნისას ბევრი რამ ისწავლეს და განსაკუთრებული უნარებიც გამოავლინეს.
„ისწავლეს, როგორ გამოეჭრათ დეტალები, როგორ დაემაგრებინათ… იმდენად მოახდინეს საკუთარი თავის რეალიზება, რომ მეც კი გამაოცეს. თან, ბედნიერები იყვნენ, რომ თავიანთი იდეებიც შეიტანეს ამ ყველაფერში. ბავშვებში, პირველ რიგში, შემოქმედების უნარს აღვიძებს ასეთი პროექტები და ასევე, – თვითრეალიზების, თვითშეფასების უნარებსაც. ბავშვი ხვდება, რა და როგორ შეუძლია, როგორია მისი ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ბათუმელმა მასწავლებელმა.