სკოლის დირექტორი: სანამ საგნის სწავლებას დავიწყებთ, ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მისთვის დიდი დასაყრდენი ვართ
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ მასწავლებლობა თავისი პირველი მასწავლებლის მიბაძვით გადაწყვიტა. ამბობს, რომ ბავშვები უზომოდ უყვარს და პედაგოგებს ურჩევს, პირველ რიგში, თავი შეაყვარონ მოსწავლეებს და უსაზღვროდ უყვარდეთ საგანი, რომელსაც ასწავლიან.
ნაზი ნადირაძემ, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს კითხვებს უპასუხა, ამბობს, რომ დირექტორობა მიზანი არ ყოფილა და ეს მისმა უნარ-ჩვევებმა განაპირობა.
– რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა და ბავშვებთან ურთიერთობა?
– ჩემი პირველი მასწავლებლის დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ელენე მასწავლებელი იყო სამაგალითო, საყვარელი, თბილი და ბავშვების მოსიყვარულე. მახსოვს მისი თბილი საუბარი, მოფერება… შეცდომების გამო ისეთ შენიშვნას მოგცემდა, რომ გულს კი არ გატკენდა, პირიქით, გსიამოვნებდა, რომ ლამაზად მოგცა მითითება, როგორ უნდა გამოგსვლოდა უკეთესად, მაგალითად, ასო-ბგერის მოხაზვა, მოთხრობის წაკითხვა და ა. შ.
ისე ძალიან მიყვარს ბავშები, ვერც გამოვხატავ. ნოდარ დუმბაძეს აქვს ასეთი გამონათქვამი: ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი – უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები, უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ის ასწავლის, ჰქონდეს უნარი, ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი და იყოს უაღრესად თანამედროვე. სწორედ ეს არის ჩემი პრინციპებიც და მოვალეობებიც.
– როგორ ფიქრობთ, ისეთი დირექტორი ხართ, როგორიც თავად გინდოდათ გყოლოდათ, როდესაც სკოლაში სწავლობდით?
– ჩემი სკოლაში სწავლისას არ მყოლია დიქტატორი დირექტორი. ეს იყო გასული საუკუნის 70-იანი წლები და ჩემი სკოლის დირექტორიც თბილი და ბავშვების მოყვარული, გაწონასწორებული პიროვნება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი იყო, მისგან ბავშებს არასოდეს გვიგრძვნია სიუხეშე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ის ეტალონი იყო, თუმცა მე დირექტორობაზე არ მიოცნებია. დირექტორობა მოვიდა თავისით. ჩემმა შრომამ, ბავშვებისადმი თუ თანამშრომლებისადმი სიყვარულმა და ურთიერთობამ მოიტანა ეს თანამდებობა. მე არჩევნებით მოვედი ჯერ დირექტორის მოადგილედ და შემდეგ დირექტორად. საჯარო სკოლის პარალელურად, კერძო სკოლა „ცოდნის“ დირექტორიც გავხდი. ჩემმა უნარ-ჩვევებმა, რომელიც ჩემთვის ცხოვრების გზამკვლევი იყოს, ნელ-ნელა მიმიყვანა აქამდე. დირექტორობა ჩემი მიზანი არ ყოფილა. მიზანი იყო, ვყოფილიყავი ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი. წლების განმავლობაში გეოგრაფიას ვასწავლიდი და მუდამ ვცდილობდი, ბავშვებს გახარებოდათ სკოლაში მოსვლა, ახლაც ასე ვარ.
– რას ურჩევდით მასწავლებლებს – როგორ გამონახონ ბავშვებთან საერთო ენა?
– აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა. ყველა ბავშვი ინდივიდია და სხვადასხვა ხასიათი აქვს. არის ბავშვთა კატეგორია, რომელსაც, როგორც კი ხმამაღლა საყვედურს გამოუცხადებ, ჩაიკეტება და ვერასდროს გახდება ჩვენი პატარა მეგობარი. ურთიერთობებია განმსაზღვრელი. სანამ საგნის სწავლებას დავიწყებთ, მანამდე ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მისთვის დიდი დასაყრდენი ვართ. თანამედროვე, „მითხარი და დამავიწყდება“-დან ჩვენ გადავედით „გამაკეთებინე და გავიგებ“ რეჟიმში, როცა ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს, დაწყებული ჩვენი პიროვნული თვისებებიდან, დამთავრებული იმით, თუ როგორ გავხდეთ წარმატებული.
მასწავლებლებს ვურჩევ, პირველ რიგში, მოსწავლეებს თავი შევაყვაროთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათზე ვზრუნავთ. უნდა დავანახოთ, ვასწავლოთ, როგორ გაიადვილონ ცხოვრება იმისთვის, რომ მარტივი გახდეს ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც მათ ცხოვრების გზაზე შეხვდებათ. ჩვენ თავიდანვე უნდა ვუთხრათ, რომ ვეხმარებით ზუსტად იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც შემდგომ თავიანთი გასავლელი ცხოვრების გზაზე გამოადგებათ.
– და მაინც, რატომ აქვთ დირექტორებს მუდამ მკაცრი იმიჯი?
– სკოლაში ზოგჯერ ზომიერი სიმკაცრე საჭიროა, რომ ბავშვმა პასუხისმგებლობაც იგრძნოს, თუმცა ისე უნდა მოექცე, რომ სიყვარულიც ჰქონდეს ჩვენი. კი ვართ ახლოს ბავშვებთან, მაგრამ მაინც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები. მოსწავლეს აქვს თავისი ვალდებულებები სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე, რომელსაც უნდა დაემორჩილოს და ჩვენც გვაქვს ჩვენი ვალდებულებები.
თან, როგორც ჩანს, ზოგიერთი მასწავლებელი ეუბნება, რომ „დირექტორთან ჩაიყვანს“, „დირექტორი გაგრიცხავს“, „დაგსჯის“ ეს მაშინ ხდება, როდესაც მასწავლებელს თვითონ აქვს პრობლემა კლასში. ცოტა, მაგრამ მაინც არის სკოლებში მასწავლებელთა ერთი ნაწილი, რომელიც ბავშვებს ასეთ შიშს უნერგავენ დირექტორის მიმართ, რაც ძალიან ცუდია. ზომიერი სიმკაცრე საჭიროა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვს ჩვენი სიყვარული ჰქონდეს.