„ბედნიერება არჩევანშია” – გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება გაიმართა
ბედნიერების დღის ფარგლებში, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში გაიმართა თემატური ღონისძიება – „ბედნიერება არჩევანშია”, რომელშიც მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გიმნაზიის მიერ 4 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც კეთილგანწყობას, ურთიერთპატივისცემასა და ყოველდღიურ არჩევანს უკავშირდებოდა. პროგრამა მოიცავდა „ბედნიერების რუკებს”, სოციალური ექსპერიმენტების ელემენტებს, ურთიერთობის წესების ფორმულირებას და გზავნილების გაზიარებას.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბედნიერების თემის კვლევითი განხილვა. მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აკადემიურ მიდგომაზე, მათ შორის ჰარვარდის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევაზე, მარტინ სელიგმანის თეორიებსა და ცნობილ „ბედნიერების ფორმულაზე”:
- S (Set point) – გენეტიკური/ბუნებრივი განწყობის დონე;
- C (Circumstances) – გარემო და ცხოვრების პირობები;
- V (Voluntary control) – ინდივიდუალური არჩევანი და ქმედებები.
მთავარი დასკვნა: ბედნიერებაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს ინდივიდის არჩევანსა და ყოველდღიურ ქცევებს.
პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გააზრებულად მიუდგნენ ბედნიერების თემას და იგი პირად გამოცდილებასთან, მიზნებსა და ღირებულებებთან დააკავშირონ.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმარს, ბედნიერების ელჩ არსენ გვენეტაძეს და ჟურნალისტებს – ლიზა მოსიძესა და კახა ჭაბაშვილს, რომლებმაც ეს დღე ჩვენთან ერთად გაიზიარეს.
მადლობა მეცხრე კლასის მენტორებს მხარდაჭერისთვის და მერვე კლასის მოსწავლეებს – აქტიური მონაწილეობისთვის“, – აცხადებენ გიმნაზიაში.