GE
18 თებერვალი, 2022 12:05

„ბედნიერი ცხოვრებისთვის აუცილებელია ბევრი მეგობარი“ – „თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მე-3 კლასის მოსწავლეები პანდემიის პირისპირ

„ადამიანის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის აუცილებელია ბევრი მეგობარი, სიცილი, მოძრაობა, სიახლეების ძიება“, „ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს არამარტო ფიზიკურ აქტივობას, სწორ და ჯანსაღ კვებას, არამედ ურთიერთობებს, გართობას, ჰიგიენას“,- ასეთი წარწერები გააკეთეს თბილისის საერთაშორისო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბანერებზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მიუძღვნეს.

როგორც კლასის დამრიგებელი, თამთა მანდარია EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ბავშვებს ძალიან უჭირთ ონლაინ სწავლების რეჟიმზე ყოფნა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, რაც იმ წესების დაცვაში გამოიხატება, პანდემიასთან საბრძოლველად რომ გამოიყენება.

„ჩვენს მოსწავლეებს გათვიცნობიერებული აქვთ, როგორ უნდა დაიცვან თავი კორონავირუსის პირობებში, როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე და ეს ყველაფერი ბავშვებმა თავად ასახეს წარწერებითა და ნახატებით პროექტის სახით დიდ თაბახის ფურცლებზე. ბავშვებისთვის სერიოზული ტრავმაა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა და მუდმივად ცდილობენ, პანდემიასთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ, ცნობიერება აიმაღლონ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. ბავშვებმა ბანერებზე ასევე დაწერეს,  რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია 8 საათიანი ძილის რეჟიმი, სწორი კვება, ჰიგიენის დაცვა, სუფთა ჰაერი. ფიქრობენ, რომ თუ ყველაფერს დაიცავენ, პანდემიაც მალე დასრულდება“ – ამბობს თამთა მანდარია, რომელიც EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, ყველაზე მეტად რა უჭირთ ბავშვებს პანდემიისას, პასუხობს:

„უჭირთ ერთმანეთისგან განშორება, კომპიუტერთან ჯდომა… ის, რომ პირბადის ტარება უწევთ მუდმივად, ეს მათთვის ძალიან დამაბრკოლებელია. ამბობენ, ჩვენს ემოციებსაც ვერ გამოვხატავთ პირბადის გამოო. მუდმივად ვახსენებთ, რომ აიწიონ პირბადე, დაიბანონ ხელები, დისტანციით იყვნენ ერთმანეთთან თუ სხვა კლასის მოსწავლეებთან, რაც თანამშრომლობითი უნარების განვითარებასაც უშლის ხელს. იმდენად არ უნდათ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, ყველა წესს ასრულებენ. სულ ამბობენ, რომ ეს მეგობრობაში ხელს უშლით, ბედნიერებაში ხელს უშლით…“

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში