GE
2 მარტი, 2022 14:25

„ჩემი მამიკო მესაზღვრეა, მეგონა, წამოვიდოდა უკრაინაში და ძალიან ვინერვიულე“ – მეორეკლასელი ბავშვების განცდები ომზე

„მოგესალმები, ჩემო პატარა უკრაინელო მეგობარო. ვიცი, ახლა რასაც განიცდი. ცოტა ხნის წინ ჩემს ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და მაშინ მივხვდი, რა არის, როცა უსაფრთხოდ ვერ გრძნობ თავს და უძლური ხარ სიკვდილის წინაშე. ჩემი მამიკო მესაზღვრეა. ის დღეს საქართველოს საზღვარს იცავს. როდესაც გავიგე, რომ ჩვენი ქვეყნიდან ქართველები ჩამოდიოდნენ თქვენს დასახმარებლად, მეგონა, მამაც წამოვიდოდა და ძალიან ვინერვიულე, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ისიც ჩამოვა, უკრაინა კარგად იქნება“, – ეს წერილი უკრაინელ თანატოლს თბილისის 39-ე საჯარო სკოლის მეორე კლასელმა მისწერა, რომლის თანაკლასელებმაც ასევე მსგავსი შინაარსის წერილები დაწერეს და ნახატებზეც ასახეს საკუთარი განცდები.

უკრაინელი თანატოლებისთვის მიძღვნილ წერილებში ბავშვები  წერენ:

„იმედი მაქვს, ეს ომი დასრულდება და ყველა ბავშვი გახარებული იქნება. ყველა უნდა ცხოვრობდეს მშვიდად. მიყვარხართ“;

„რუსები ვერაფერს დაგიშავებენ. ის პუტინი ძალიან ცუდი ადამიანია… შეგიძლიათ, საქართველოში ჩამოხვიდეთ, შეგიფარებთ“;

„მეც ვტირი, როცა ტელევიზორში პატარა ბავშვებს ვხედავ ატირებულებს“;

„ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა ამქვეყნად. ძალიან ვნერვიულობ, როცა ვუყურებ ამ ყველაფერს“.

39-ე სკოლის მეორე კლასის მასწავლებელი თეა ჩხეიძე EDU.ARIS.GE-ს ბავშვების განცდებზე მოუყვა:

„ბავშვები ძალიან კარგად აზროვნებენ. ონლაინ სწავლების რეჟიმში ვართ და ერთ-ერთ გაკვეთილზე ბავშვმა მითხრა, ჩემი მამიკო მესაზღვრეა და შეიძლება ომში წაიყვანონო. დავმალე ცრემლები… სრულიად აპოლიტიკური ადმიანი ვარ, მაგრამ როდესაც ბავშვების გრძნობებს ეხება საქმე… შევატყვე, ყველას რაღაცის თქმა უნდოდა. 20-30 წუთში ვერ მოვასწრებდი, რომ ყველასთვის მეკითხა აზრი. დავალება მივეცი, დაეწერათ, თუ რას მისწერდნენ თავიანთ უკრაინელ მეგობრებს და როგორ გაამხნევებდნენ. ზოგმა დახატა, რასაც გრძნობდა… ერთმა კომიქსი ააკეთა, რომელიც ძალიან ბევრის მთქმელია – ცრემლის ბურთი აქვს ნახატზე გოგონას და აწერია, „უკრაინა ჩემი ცრემლია“. ბევრი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილია ამ კლასში, ჩემი ბებია-ბაბუაც  სამაჩაბლოდან იყვნენ და ძალიან მტკივა ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება“.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში