„ჩემი მისიაა, სკოლა გახდეს ემოციური კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების ადგილი“ – AIA GESS-ის დირექტორი
რუსუდან ბოლქვაძე, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“-ის დირექტორი
„სკოლის ხელმძღვანელობის უმთავრესი ამოცანაა მენტალურად ჯანმრთელი და წარმატებული მომავლის მოქალაქის აღზრდა, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ბავშვს შეეძლება საკუთარი პოტენციალის აღმოჩენა, განვითარება და ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული მომავლისთვის მომზადება. ჩემი, როგორც აია-ჯესს-ის სკოლის დამფუძნებელის მისიაა, სკოლა გახდეს არა მხოლოდ აკადემიური წარმატების, არამედ ემოციური კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების ადგილი“.
სკოლის ხელმძღვანელი AIA GESS-ის ისტორიაზე, მის დღევანდელ შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა წარმატების მაგალითებზე EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს:
სკოლის ისტორია და შესაძლებლობები დღეს
ჩვენი სკოლა დაარსდა 2002 წელს, პირველი სასწავლო წლის ბოლოს 88 მოსწავლე გვყავდა დღეს მათი რიცხვი ათჯერ მეტია და შევსებულია ის ლიმიტი, რაც სამ სასწავლო კორპუსში განთავსებული სკოლის ფართით განგვესაზღვრა.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს ახორციელებს სასწავლო პროგრამას სწავლების სამივე საფეხურზე. გეგმავს და მასპინძლობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებს და სამეცნიერო კონფერენციებს.
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას საერთაშორისო დონეზე.
დიდი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი კაპიცა წერდა: „მოაზროვნის მომზადება, როგორც ბალერინასი, ბავშვობიდან უნდა დაიწყოს“. ვცდილობთ, სწორედ ბავშვობიდან დავნერგოთ მოსწავლეებში ძიების ნებისყოფა, წიგნზე მუშაობის ჩვევა, კრიტიკული აზროვნება, აზრის ლოგიკური ჩამოყალიბების და ამ აზრის აუდიტორიამდე მიტანის უნარები. ამ პროცესს პირველივე კლასიდან ვავითარებთ სხვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაშებით, კონფერენციებითა და კვლევითი პროექტებით. მერვე კლასიდან კი ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში. მეცნიერული პაექრობა ინგლისურ ენაზე, მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია.
ამ წლების მანძილზე, არაერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ავტორები არიან ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები, სოლიდურია ის მიღწევები, რაც სერვანტესის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს ახალგაზრდა მეცნიერთა სტატუსით.
მე მეამაყება, რომ ეს არის სკოლა, რომლის მოსწავლეები, როგორც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები, სახელმწიფოსა და ამერიკის საელჩოს სრული დაფინანსებით, უკვე ექვსგზის იმყოფებოდნენ NASA-ს კოსმოსურ ცენტრში და მონაწილეობდნენ სპეციალურ სასწავლო პროგრამაში. ასევე, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, არაერთგზის, სხვადასხვა წლებში, წარმატებით იღებდნენ მონაწილეობას ამერიკაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენა-კონკურსში INtel-ISEF (პიტსბურგი – პენსილვანიის შტატი, ლოს ანჯელესი- კალიფორნია, ფინიქსი – არიზონას შტატი), როგორც გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები.
ჩვენი მოსწავლეები არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსების- კონფერენციებისა და ოლიმპიადების- საპრიზო ადგილის მფლობელები არიან და სკოლის მუზეუმს მრავალი ოქროსა და ვერცხლის მედალი შემატეს: USAYPT – ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი (აშშ), ITYM – ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (რუმინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი), ICYS – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია, გენიოსთა ოლიმპიადა (ოსვეგოს უნივერსიტეტი -აშშ), EUCYS ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი (ირლანდია-ქალაქი დუბლინი, გერმანია -ქალაქი დორტმუნდი). აი, ასეთი დიდია ჩვენი მოსწავლეების წარმატებების გეოგრაფიული არეალი.
რას აძლევს მოსწავლეს სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“
მართალია, სკოლის ბიოგრაფია გამდიდრებულია სხვადასხვა წლებში მოპოვებული სერიოზული გამარჯვებებით, მაგრამ სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა წარმატებული, კონკურენტუნარიანი, განათლებული, საუკეთესო პიროვნებების აღზრდაა, რომელთა ოცდაორ თაობას უკვე დავულოცეთ ცხოვრების გზა. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების შედეგების ნათელსაყოფად არასრულ ჩამონათვალს მოვიყვან: ანა ცოცხალაშვილი, ევროკავშირის სრული დაფინანსებით სწავლობს ბელგიაში, AP University-ში, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; თეონა ხელაძე ბარსელონას უნივერსიტეტის, გრენობლის უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის მაგისტრია; პანტელეიმონ კობახიძე სრული დაფინანსებით სწავლობს ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, ელექტრო-ინჟინერიის პროგრამაზე; დავით შავდათუაშვილი სრული დაფინანსებით სწავლობს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე; ნანა ქაჯაია სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში; ბექა მიქაძე, სწავლობს New York University-ში, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით; დეა ილარიონოვა, სწავლობს ლონდონში, University College London-ში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით; ბარბარე ბიჭიკაშვილმა, წარმატებით დაამთავრა Bergen Community College- პოლიტიკურ მეცნიერებათა ხარისხით და მოიპოვა $34,000-იანი დაფინანსება Drew University-ში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს პრე-იურიდიული მიმართულებით შეისწავლის…;
ამ ახალგაზრდების წარმატებაში რომ სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები უმნიშვნელოვანესია, თავად ერთ-ერთი კურსდამთავრებულის ინტერვიუდან ჩანს:
„სკოლა ჩემთვის არის რეალობად ქცეული ოცნებების ადგილი. ის, რაც ერთხელ აია- ჯესსის კედლებში ჩავიფიქრე, დღეს უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. სკოლის დამსახურებაა რომ გავხდი იმ სივრცის ნაწილი, სადაც არაერთი ცნობილი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის მფლობელი სწავლობდა“ – ბარბარე ბიჭიკაშვილი.
რამდენად აქტიურია მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება „აია-ჯესს“-ში და რაში გამოიხატება ეს
მოსწავლეთა სასკოლო, არაფორმალურ თუ ფორმალური განათლების მრავალფეროვან- ინტენსიურ ცხოვრებაზე ნათელ სურათს მოგცემთ თუნდაც ერთი სასწავლო სემესტრის აქტივობების ჩამონათვალი. ყველა ეს მასალა შეტანილია სკოლის სემესტრულ პერიოდულ გამოცემაში. აი ერთ-ერთი გამოცემის სტატიების სათაურები: „საპრიზო ადგილი რუმინეთში გამართულ ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე“; „მშვიდობის მსოფლიო კონფერენცია შვედეთში“; სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ჟენევაში“; „პროგრამა პოლონეთში“; „სასწავლო გაცვლითი პროგრამა ესპანეთში“; „სასწავლო პროცესი ინგლისში“; „აია -ჯესს-ის მოსწავლეების კიდევ ერთი გამარჯვება ათასწლეულის ინოვაციის პროექტში“; „Euro Fusion” -ის პრიზი ბელგიის მასშტაბურ კონკურსში, „აია-ჯესს-ის წარმატება გერმანიაში, „მომავლის ლიგის“ ფესტივალზე; „Fulbright TEA” პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგობარ სკოლაში-(Francis Parker Charter Essential School); Erasmus + საფრანგეთში“; სასწავლო-გაცვლითი პროგრამა იაპონიაში Yasuda Gakuen -ის ტოკიოს უმაღლეს სკოლაში; „სკაუტური თავგადასავალი ფინეთში“; „ეკო-მეგობრული პროექტი ლატვიაში“… ყველა ამ საერთაშორისო პროექტს დაუმატეთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი შიდა რესპუბლიკური და სასკოლო პროექტები და ნათელია, რაოდენ აქტიური სასწავლო ცხოვრება აქვთ ჩვენ მოსწავლეებს.
სკოლის დირექტორის შესახებ
სკოლის ხელმძღვანელობის უმთავრესი ამოცანაა მენტალურად ჯანმრთელი და წარმატებული მომავლის მოქალაქის აღზრდა, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ბავშვს შეეძლება საკუთარი პოტენციალის აღმოჩენა, განვითარება და ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული მომავლისთვის მომზადება. ჩემი, როგორც აია-ჯესს-ის სკოლის დამფუძნებლის მისიაა, სკოლა გახდეს არა მხოლოდ აკადემიური წარმატების, არამედ ემოციური კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების ადგილი.
ჩვენი სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ მშვიდობისა და ბედნიერების ელჩი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არსენ გვენეტაძე და მისი დახმარებით სკოლაში შევქმენით „ბედნიერების საელჩო“ – სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ ზრუნვას, ემპათიას და საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე პასუხისმგებლობას. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს კეთილდღეობის მენტორების პროგრამა, რომელშიც ჩვიდმეტი უფროსკლასელი მენტორი კვირაში ერთხელ მეორე და მესამე კლასელებისთვის ატარებს მხიარულ და საგანმანათლებლო გაკვეთილებს ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სწავლის გარდა ვასწავლოთ საკუთარი თავისა და სხვების დაფასება. სწორედ ამიტომ დავაარსეთ „საკუთარი თავის სიყვარულის დღე“, რომელიც ეხმარება ბავშვებს თვითშეფასების გაძლიერებაში და პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ბედნიერების საელჩოს ერთ-ერთი განსაკუთრებული ინიციატივაა მასწავლებლების მხარდაჭერა და დაფასება, რისთვისაც „ბედნიერების საელჩო“ სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ასახავს ჩვენს ზრუნვას პედაგოგებზე, არამედ ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების გაძლიერებას და ჰარმონიულ ურთიერთობებს.
ჩვენი სკოლა აქტიურად აღიარებს და აღნიშნავს ისეთ საერთაშორისო დღეებს, როგორებიცაა ბედნიერების საერთაშორისო დღე, ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღე და სიკეთის საერთაშორისო დღე. ამ ღონისძიებების მიზანია მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მოტანა.
საბოლოო ჯამში, ჩემი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც აერთიანებს აკადემიურ განვითარებას, ემოციურ კეთილდღეობას და ჰუმანურ ღირებულებებს. ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერი და მენტალურად ძლიერი ბავშვები არიან წარმატებული მომავლის მოქალაქეები.