„ჩემი პირადი დღე-სასწაული“ – პედაგოგი კოლეგებს დაწყებით კლასებში გამოსაყენებელ მრავალფეროვან აქტივობებს უზიარებს
ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, სკოლის პირველ დღეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პედაგოგები გაორმაგებული ფუსფუსითა და მღელვარებით ატარებენ გაკვეთილებს. ურთიერთობა დაუვიწყარი, ხოლო გაკვეთილები მხიარული, მსუბუქი, დაუძაბავი, სიხარულითა და ხალისიანი განწყობით სავსე რომ იყოს, ისინი ახალ-ახალ და საჭირო აქტივობებს ამზადებენ. გორის მე-10 საჯარო სკოლის მე-2 კლასის პედაგოგი, ნინო ჯამბაზიშვილი სწორედ ასეთ აქტივობებს გვიზიარებს.
დროში მოგზაურთა რუკა – წარმოადგენს სასწავლო რესურსს, რომელიც ყველა საგნის სასწავლო რესურსად გამოდგება და თანაც, ყოველდღიური გამოყენებისთვის. ფორმატზე მოცემულია ინფორმაცია როგორც კვირის დღეების, თვეების, სეზონებისა და კალენდარული რიცხვების შესახებ, ასევე ამინდი და საათი.
მოსწავლეები სპეციალური სარჭის და მიმათითებელი ისრების გამოყენებით აჩვენებენ, რა რიცხვია იმ კონკრეტულ დღეს, კვირის რომელი დღეა, წელიწადის რომელი დრო, რომელი თვე, როგორი ამინდი და რა დროს აჩვენებს საათი. რა თქმა უნდა, ყველაფრის შესწავლა ეტაპობრივად, თამაშ-თამაშით და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება.
იხილეთ ფოტო:
„ჩემი პირადი დღე-სასწაული“ – დამეთანხმებით, ფაქტობრივად არ მოიძებნება ადამიანი, მით უმეტეს მცირე ასაკის, რომელსაც საკუთარი დაბადების დღე არ უყვარს. ყველა ბავშვს სურს, მეგობრებმა, მასწავლებლებმა და ახლობლებმა მისი იუბილეს შესახებ იცოდნენ, ახსოვდეთ და ულოცავდნენ, უზიარებდნენ თბილ სიტყვებსა და პოზიტიურ ენერგიას. სწორედ ამ შინაგანი მოთხოვნილების დაკმაყოფილების რესურსია “ჩემი პირადი დღე-სასწაული”, რაც, თავის მხრივ, სწავლის მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ამ აქტივობის ფარგლებში, კლასში გამოკრულ კალენდარში ავსახავთ მათ დაბადების დღეებსაც. თუ რომელიმე მოსწავლის დაბადების დღე სწავლის დაწყების დღესაც ემთხვევა, ორმაგად სასიხარულოა და ჩახუტების კიდევ ერთი მიზეზია.
„უსტარი“ – დაფაზე ფერად კონვერტებში განთავსებულია ფერადი გრაგნილები, რომლებშიც მისალოც და სამოტივაციო ტექსტთან ერთად, მოცემულია დავალება, რაც ეხება ზაფხულთან დაკავშირებულ ერთ ამბავს, რომელსაც ისინი გაიხსენებენ. გარდა ამისა, მოსწავლემ გრაგნილის მისაღებად აუცილებლად უნდა ამოხსნას სახალისო გამოცანა ან თავსატეხი. მხოლოდ ამ დავალების შესრულების შემდეგ ეძლევათ კონვერტში განთავსებული სამახსოვრო ბარათის აღებისა და გახსნის საშუალება. აქვე აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ისტორიებიდან ყველაზე საინტერესო, სახალისო და მხიარული ამბის მთხრობელები იღებენ ტკბილეულს, საბოლოოდ კი ტკბილეული ყველას ხვდება.
ასევე იხილეთ:
„ტკბილი აქტივობა ტკბილი მოსწავლეებისთვის“ – ინსტრუქცია და გაფრთხილება პედაგოგისგან