GE
30 ოქტომბერი, 2024 11:59

„ჩემო პატარა, ეს უნდა გასწავლო მთელი გულით..” – პირველკლასელების დამრიგებლის ემოციური წერილი მომავალ თაობას

სწავლა-სწავლება ხელოვნებაა და თანაც ისეთი ხელოვნება, რომელიც ადამიანის სულებს ძერწავს, ეს კარგად იცის ქუთაისელმა პედაგოგმა ნათია აბულაძემ, რომელიც 30 წელია ქუთაისის პირველი და 24-ე საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგი და პირველკლასელების გამოცდილი დამრიგებელია.

ქალბატონი ნათია 30 ოქტომბერს EDU.ARIS.GE-ის წერილს უზიარებს, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის დაწერა და მომავალ თაობას – პირველკლასელებს ეკუთვნის.

დამრიგებლის წერილი

ჩემო პატარა, ეს უნდა გასწავლო მთელი გულით..

“ჩემო პატარა, მე შენი მასწავლებელი ვარ. მე უნდა გასწავლო ჯადოსნური ქართული ანბანი, ხელი ჩაგჭიდო და შეგიძღვე ცოდნის საინტერესო სამყაროში, იქ სადაც საოცარი თავგადასავალი გელოდება. უნდა ვიზრუნო, რომ ამ მოგზაურობისას მრავალი სიძნელე და ზოგჯერ მარცხიც ღირსეულად გადალახო. მე მინდა შენი გამარჯვების სიხარულით ისიამოვნო. ამ გზაზე ვეცდები რწმენა, სიყვარული და მხნეობა შეგმატო.

ისეთ თანაგრძნობასა და გულწრფელ ღიმილს გასწავლი, მოწყენილობის დროსაც რომ არ დაგავიწყდება. დაგანახებ წიგნების სასწაულს, რათა შენმა ფანტაზიამ ფრთა გაშალოს და მთელი სისავსით შეიგრძნოს ბუნების მშვენიერება, აყვავებული ველ-მინდვრების სილამაზე, ფრინველთა ლაღი ფრენა და გალობა. ჩემო პატარა, შეგძენ სიმტკიცეს და ნებისყოფას, რათა გქონდეს საკუთარი აზრი. შენ უნდა შეძლო სხვების მოსმენა. ერთმანეთისგან შეძლებ კარგისა და ცუდის გარჩევას. მოგცემ საშუალებას გამოიჩინო გამბედაობა და იყო ისეთი კარგი ადამიანი, რომ არ მოითმინო უსამართლობა.

ჩემო პატარა, ეს უნდა გასწავლო მთელი გულით.. მე გასწავლი მოთმინებას და ამით ღვთისა და ადამიანის რწმენასაც ჩაგინერგავ გასწავლი მთელი ემოციით და იცი რატომ?!  მასწავლებლობა ეს უბრალოდ საქმე კი არა, ღვთისგან ნაბოძები ნიჭია!.

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში