GE
15 ივნისი, 2023 14:15

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

თუ შვილისთვის საუკეთესო გინდა, მის განათლებაში ინვესტიცია უნდა ჩადო! – ამ ტიპის რჩევა-დარიგებებს ხშირად მოისმენთ იმ მშობლებისგან, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს და წარმატებითაც გამოუვიდათ.

შვილის განათლებაში ინვესტიციის ჩადება სულაც არ არის მარტივად გასათვლელი პროცესი და მშობელს საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით უწევს გადაწყვეტილების მიღება მათ შორის იმის თაობაზე, რამდენი და რატომ უნდა დახარჯოს შვილისთვის განათლების სხვადასხვა საფეხურზე.

EDU.ARIS.GE, ამ საკითხით დაინტერესებული მშობლების დახმარების მიზნით, ახალგაზრდა მშობელსა და პიანისტს, სოფო ხოჯაძეს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გეტყვით, თავად რა სტრატეგიით ხელმძღვანელობს, როცა შვილების განათლებისთვის, ფინანსებს გაწერს; რა თანხებს ხარჯავს წლიდან-წლამდე შვილის განათლების ხელშეწყობისთვის და რატომ ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მისი შვილების წარმატებული მომავლის წინაპირობა.

– სოფო, მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ, სად სწავლობენ და რა სამომავლო გეგმები აქვთ?

– მყავს 2 შვილი, გოგონა და ვაჟი. ორივე სწავლობს თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ჯერჯერობით მათი სამომავლო გეგმები არის შემდეგი – გაიუმჯობესონ სხვადასხვა უნარ-ჩვევები. სკოლაში საკმაოდ დადებითი შეფასებები აქვთ და ცდილობენ, საკუთარი შესაძლებლობები იპოვონ. გარდა სასკოლო განათლებისა, იღებენ არაფორმალურ განათლებასაც, დამყავს რამდენიმე წრეზე.

-კარგი განათლების მიღება საქართველოში და მითუმეტეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაკავშირებულია საკმაო ხარჯებთან, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

– რასაკვირველია, ეს ასეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბავშვის, მოზარდის ოჯახს საკმარისი ფინანსები არ აქვს, ის ვერ მიიღებს კარგ განათლებას. აქვე მინდა დავამატო, ყველა მოსწავლეს თანაბრად არ შეუძლია კონკრეტული საგნის ათვისება, გნებავთ უცხო ენები. არიან მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, მუსიკის, ცეკვის, აქვთ სპორტული შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში, მშობლებს ისინი კერძო გაკვეთილებზე დაჰყავთ, ეს გაკვეთილები ფასიანია, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გეტყვით, მუსიკალური ნიჭი და შესაძლებლობები ვისაც აქვს, არსებობს სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, სადაც სწავლა უფასოა. ამასთან, არსებობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამები უნივერსიტეტებში, პროფესიული კოლეჯებიც, სადაც სწავლა უფასოა. განათლების ხარისხს რაც შეეხება, ჩვენს კერძო სკოლას ვენდობით. ჩვენთან არის სხვადასხვა არაფორმალური წრეც, სადაც დადიან მოსწავლეები და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ ვაკეთებთ არჩევანს კერძო სკოლაზე.

– გაგვიზიარეთ, რა შედეგს მივიღებთ, თუკი რიცხვებში გადაიყვანთ იმ ფინანსებს, რომელიც შვილების განათლებას მოახმარეთ და როგორ ფიქრობთ, რა თანხა უნდა ჰქონდეს ინვესტირებული მშობელს შვილის კარგი განათლებისთვის?

– ხარჯი საკმაოდ გვაქვს. ზუსტ თანხას ვერ დავასახელებ, მაგრამ მხოლოდ სასკოლო ხარჯი, გადასახადი, რომელსაც ერთი ბავშვის სასკოლო განათლებაში ვიხდით, 6000 ლარამდე გვაქვს. ამას ემატება სხვადასხვა საგანმანათლებლო ხარჯები. რაც შეეხება თანხის ოდენობას, რაც მეტი ექნება, მით უკეთესი. თუ უცხოეთშიც აპირებს შვილი სწავლის გაგრძელებას, ხარჯიც მეტი იქნება. კონკრეტულ რიცხვს ვერც აქ დავასახელებ, რაც მეტი, მით უკეთესი.

– რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როგორი იქნება თქვენი რჩევები როგორც რესურსების მოძიების, ისე შვილის განათლებაში შედეგიანი ინვესტირებისთვის?

1.ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები. თუ ოჯახს აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო მეტი მისცეს შვილს, ვიდრე ეს არის სკოლის განათლება, რატომაც არა? მაგრამ თუ არ აქვს შესაძლებლობები, უნდა დაიწყოს ალტერნატიული გზების მოძიება, გაარკვიოს, სად შეუძლია უფასოდ მოამზადოს. მაგალითად, ატაროს ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცეკვაზე… გამოიყენოს ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც, დღეს ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით, დისტანციურად და თანაც სრულიად უფასოდ.

2. შვილის სურვილები, ნიჭი და შესაძლებლობები. თუ შვილს არ სურს იაროს ცეკვაზე, ძალით ნუ ატარებთ და ამაში ნუ დახარჯავთ ფინანსებს, მით უფრო, თუ არ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობები. სადაც თავად სურს, იქ მიიყვანეთ და მიიღეთ მისი არჩევანი. თუ ნიჭიერია, მიეცით მის ნიჭს შესაძლებლობები.

3. არ გაქვთ საკმარისი თანხა განათლების ინვესტიციისთვის? დაიწყეთ ფიქრი სხვა ალტერნატივებზე! როგორც უკვე აღვნიშნე უფასოდაც არის შესაძლებელი განათლების მიღება და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მშობელმა.

4. არ გახდე შვილის დემოტივაციის წყარო. განათლების ინვესტირება, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ დიდი თანხა გვქონდეს მობილიზებული. დაუშვებელია, შვილს უთხრათ: „ვერ ისწავლი, კარგ განათლებას ვერ მიიღებ, რადგან ფული არ გვაქვს“, „მდიდარი ოჯახის შვილი უკეთეს განათლებას მიიღებს“… ასეთი ფრაზები მხოლოდ დემოტივატორი გახდება მისთვის და თქვენთვისაც.

5. მოიძიეთ დაფინანსების წყარო. არის უამრავი შემთხვევა, როცა შვილი აბარებს სხვადასხვა საოცნებო სასწავლებელში საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩვენს ქვეყანაშიც, მშობელს კი არ შეუძლია სასწავლო გადასახადის გადახდა. ასეთ დროს მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული შვილის დაფინანსების წყაროს მოძიების პროცესში და მარტო არ აგრძნობინოს თავი, უნდა აჩვენოს მებრძოლი ხასიათი.

– მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შვილის განათლებაში დიდი ინვესტიციის ჩადება არ ღირს, რადგან აქ განათლება არ ფასდება. რას ეტყოდით მათ, არის განათლებაში ინვესტირება შვილის წარმატებული მომავლის წინაპირობა?

– ვფიქრობ, რომ კარგ განათლებას არ აქვს ალტერნატივა. პირადად ჩემს გარშემო არიან ის ადამიანები, რომლებიც იმავეს ფიქრობენ და მაგალითებსაც ასახელებენ, მაგრამ ასევე მრავლად მოიძებნებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს და მათი განათლებაც დაფასებულია. ვურჩევ მშობლებს, ცრურწმენებს არ აჰყვნენ და რაც შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ შვილის ხელშეწყობისთვის.

ასევე იხილეთ:

ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში