ციყვები თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ეზოში – დირექტორი ახალ „მეგობრებზე“ გვიამბობს (ვიდეო)
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ეზოს, სადაც არაერთი მცენარე და საგულდაგულოდ მოვლილი ხეები ხარობს, ახალი ბინადრები ჰყავს. ისინი არც მეტი, არც ნაკლები ციყვები არიან. რუხი ფერის ცელქი ციყვების შესახებ სკოლის დირექტორი, ეკატერინე ენდელაძე 19 აპრილს EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს და იმ კადრებსაც გვიზიარებს, რომლის გადაღებაც თავად მოახერხა.
დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში, სადაც 1480 მოსწავლე სწავლობს, ციყვებს დიდი სიხარულით და ამაღელვებელი ემოციებით ხვდებიან. თუ რამდენი ციყვია სკოლის ეზოში, ეს ცხოველების სწრაფი გადადგილების უნარის გამო, ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სკოლის ეზოში 2-ზე მეტი ციყვი ცხოვრობს.
“სკოლაში მშობელთა დიდი მხარდაჭერითა და მაქსიმალური ჩართულობით ვარხების ბაღი გავაშენეთ და უსაყვარლესი ციყვებიც მაშინვე ჩვენი ბინადრები გახდნენ. არა მარტო ბავშვებისთვის, მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მათი დანახვა დიდი სიხარულია. მათთვის სანოვაგეც წინასწარ გვაქვს გამზადებული. ახალ-ახალ ინფორმაციებსაც ვიღებთ. ბევრს ვკითხულობთ, რომ გავიგოთ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს პატარა მეგობრებზე”, – მოგვითხრობს დირექტორი.
როგორც ეკატერინე ენდელაძე აღნიშნავს, სკოლაში ციყვების მიმართ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენენ. სკოლის საზოგადოების მიზანია, ახალი ბინადრები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს და დედაქალაქის ხმაურმაც არ შეაშინოთ.