დედის დღის ორიგინალური საჩუქარი მშობლებს – სპორტის მასწავლებელმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების მშობლებს სიგელები გადასცა
„სიგელი გადაეცემა მასზედ, რომ არის საუკეთესო, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე დედა“ – ასეთი წარწერაა იმ სიგელებზე, რომელიც თბილისის 146-ე საჯარო სკოლის V ა კლასის მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებელმა, მამუკა ჯიქიამ გადასცა.
მამუკა ჯიქია სპორტის მასწავლებელია. 2 მარტს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს დედებისთვის სიგელები სახლში გაატანა. ბავშვებმა კი იმ დღეს მშობლებს უთხრეს, რომ დილით, 3 მარტს, დედის დღეზე „მაგარი სიურპრიზი“ ელოდათ. სიურპრიზი მართლაც ორიგინალური გამოდგა. აღფრთოვანებულმა მშობლებმა EDU.ARIS.GE-ს მისწერეს, რომ მასწავლებლისგან საოცარი სიურპრიზი მიიღეს.
„თავისი სადამრიგებლო კლასის ყველა მოსწავლის მშობელს სიურპრიზი გაგვიკეთა. მსგავსი პრეცედენტი არ მახსოვს არც ჩვენს და არც სხვა სკოლაში. წინა დღეს ბავშვებს გამოატანა და დაარიგა, რომ 3 მარტს გადმოეცათ ჩვენთვის. ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, რადგან არ არის ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი სიგელი, ხარისხიანი, პრიალა ქაღალდია. სული და გული ჩადო, რომ მშობლები გაეხარებინა. თან, ამით ბავშვებსაც აჩვევს ყურადღებას და ჩვენც ხომ აღფრთოვანებულები დაგვტოვა. სასწაული სიურპრიზი გამოვიდა, მშობლები ემოციებს ვერ ვმალავთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა მშობელმა, სოფო რაფავამ.
სპორტის მასწავლებელი ამბობს, რომ უყვარს ადამიანების გახარება და ყველაფერი იღონა, რომ მშობლები დედის დღეზე ორიგინალური და საინტერესო საჩუქარით გაენებივრებინა.
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ დედებისთვის გამიზნული საჩუქარი. მათი მშობლები კი, ამ პანდემიის პერიოდში, სიგელებს კი არა, მედლებს იმსახურებდნენ, იმდენად იდგნენ ბავშვების გვერდით სასწავლო პროცესში. თანამედროვე გმირები არიან დღევანდელი მშობლები. დედის დღე კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან ვინც გაგვაჩინა, მოგვავლინა ამ სამყაროში, მათი დღეა და ძალიან მიყვარს“, – გვითხრა მამუკა ჯიქიამ.