GE
27 დეკემბერი, 2016 15:18

დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლე წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელდა

დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლე წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელდა. XII კლასის მოსწავლე კარლო ხუციშვილი, ნომინაციაზე ახალი პროექტით იყო წარდგენილი, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ახალგაზრდა გამომგონებლის უკვე მეორე აღიარებაა ამ კონკურსზე.

გასულ წელს ნასაში მოგზაურობის შემდეგ ახალციხელმა გამომგონებლმა შექმნა მოწყობილობა, რომლითაც ნაღმის გაუვნებელყოფაა შესაძლებელი. დრონი, სახელწოდებით Life saver, Ipad-ის საშუალებით იმართება და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს. სწორედ ამ ინოვაციური პროექტით დემირელის კოლეჯის მოსწავლე ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის IYIPO 2016-ის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

კარლოს ბოლო პროექტი, რომელიც „წლის საუკეთესო“ დასახელდა, შშმ ბავშვების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად შექმნა ახალგაზრდა ინოვატორმა. ეტლით მოსარგებლეებისთვის ნიჭიერმა ახალგაზრდამ გამოიგონა სპეციალური აპლიკაცია, რომლის განხორციელებითაც შშმ პირებს მთავარი დაბრკოლების გადალახვა მარტივად შეეძლებათ. პროექტზე მუშაობისას დემირელის კოლეჯის მოსწავლემ შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებიც ჩართო და პროექტზე მუშაობისას, სწორედ შშმ ბავშვებთან ერთად იმუშავა.

გარდა ამისა, კარლო თავისი პროექტით ,,Non Stop’’ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტია, მან დაფინანსებაც მოიპოვა. კარლო წლის ნოვატორთა სამეულშიცაა, მისი სხვა პროექტები წარდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე ,,წლის საუკეთესო“ ნომინაციაში ,,წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში“.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი