GE
16 აგვისტო, 2017 13:38

დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა

გასულ კვირას, დემირელის კოლეჯის წარმატებულ მოსწავლეებს: ლექსო ფიჩხაძეს, დავით რიჟინაშვილს, გიორგი კლდიაშვილსა და ლევან გოჯიაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. კოლეჯის მოსწავლეები ქიმიისა და ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები არიან. მათ ქვეყანას მხოლოდ ერთ თვეში 4 მედალი მოუტანეს.

ლევან გოჯიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი და დავით რიჟინაშვილი კლასელები არიან. ბიჭები უკვე რამოდენიმე წელია STEM დისციპლინებით არიან დაინტერესებული და სხვადასხვა ოლიმპიადებშიც წარმატებით მონაწილეობენ. ლექსო ფიჩხაძეც დემირელის კოლეჯიდანაა და ისიც ბიჭების თანაგუნდელია. წელს ლევანი და დათო საკუთარი გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშიც გადავიდნენ. მათი გამოგონება „სმარტ ვოჩი“ რვა საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა.

ბიჭები ლექსო ფიჩხაძესთან ერთად რთული კონკურსის შემდეგ საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდნენ და არაერთ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა ნაკრებთან ერთად მენდელეევის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზეს, ხოლო მოგვიანებით ტაილანდში გამართულ ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაზეც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები.

ახალგაზრდა ქიმიკოსებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. კიდევ ერთი მოსწავლე, რომელიც პრემიერ მინისტრმა დააჯილდოვა გიორგი კლდიაშვილია. იგი კოლეჯის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭირი მოსწავლეა. გიორგი წარმოშობით ქუთაისიდანაა. იგი დემირელის კოლეჯში სასწავლო გრანტის საფუზველზე სწავლობს და უკვე რამოდენიმე წელია არაერთი მედალი მოუტანა სკოლასა და ქვეყანას. მისი წლევანდელი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის. წელს გიორგი ინფორმატიკის ევროპის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მან ოლიმპიადაზე უმაღლესი ქულები დააგროვა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

გასულ კვირას ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების წევრმა კიდევ ერთი მედალი შემატა ქვეყანას და ჯამში მხოლოდ ერთი თვის შუალედით ორი მედალი მოიპოვა.

ოფიციალურ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.

Aris.ge - განათლება განათლება