GE
6 მარტი, 2017 15:59

დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლემ საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ზამთრის მე-4 ოლიმპიადაში პირველობა მოიპოვა

2017 წლის 25 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-4 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელიც უკვე ტრადიციულ, მაღალრეიტინგულ შეჯიბრებად იქცა და მასში მონაწილეობა და გამარჯვება პრესტიჟულად ითვლება.

ოლიმპიადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ოლიმპიადა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა: VIII კლასამდე ასაკის, IX-X კლასები და XI-XII კლასები. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მოსწავლეებს ამოსახსნელად მიეცათ სამ-სამი ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადამ გამოავლინა ათ-ათი საუკეთესო მოსწავლე სამ ასაკობრივ ჯგუფში. უფროს ასაკობრივ ჯგუფში (XI-XII კლასები) აბსოლუტური გამარჯვებული და I ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა დემირელის კერძო კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი კლდიაშვილი. საშუალო ასაკობრივ ჯგუფში (IX-X კლასები) გამარჯვებულის დიპლომები დაიმსახურეს ამავე კოლეჯის მე-9 კლასის მოსწავლემ იოანე კაპანაძემ და მე-10 კლასის მოსწავლემ – ნიკოლოზ შენგელაიამ. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში (VIII კლასამდეასაკის მოსწავლეები) პირველი-მეორე ადგილი გაიყო მე-7 კლასელმა დავით მემარნიშვილმა და მეორე ხარსიხის დიპლომი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კლდიაშვილმაც და იოანე კაპანაძემაც 300 შესაძლებლიდან 300 ქულა აიღეს, ხოლო დავით მენარნიშვილმა კი 290 ქულით დაასრულა შეჯიბრი, ისევე, როგორც პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელმა და მხოლოდ დროის მაჩვენებლით მცირედით ჩამორჩა მას.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ულოცავს ყველა გამარჯვებულს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, ასევე მთლიანად კოლეჯს ამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი