დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მასწავლებლები და მოსწავლეები შსს-ს არქივს ესტუმრნენ
9 ნოემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,პროგრესული თაობის“ წევრები და მასწავლებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივს) სტუმრობდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს იყო არქივში მოსწავლეების სტუმრობის პირველი შემთხვევა. არქივის მე-2 განყოფილების უფროსმა, პოლიციის კაპიტანმა ივანე ჯახუამ, ისაუბრა როგორც ყოფილი უშიშროების, ისე პარტიული არქივის შესახებ. მან მოსწავლეებს მოუთხრო არქივის შექმნის ისტორია, გააცნო თუ რა მასალებია არქივში დაცული, როგორ ხდება საარქივო დოკუმენტების დამუშავება და სხვადასხვა ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში შეტანა, ასევე რამდენად ხელმისაწვდომია აღნიშნული დოკუმენტები და როგორ ხდება ინფორმაციის გაცემა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ „საარქივო მოამბის“ სხვადასხვა ნომერი. მათ მიერ დასმულ კითხვებს კი ამომწურავი პასუხები გასცა განყოფილების უფროსმა ი. ჯახუამ.
მოსწავლეები და მასწავლებლები კმაყოფილები დარჩნენ სტუმრობით. მათ მადლობა გადაუხადეს არქივის თითოეულ თანამშრომელს მასპინძლობისთვის.