GE
19 იანვარი, 2026 11:00

ეფექტური ხერხები უცხო ენაში სიტყვების მარტივად დასამახსოვრებლად – როცა სწავლა თან სახალისოა თან საინტერესო

ავტორი: ნინო უჩავა – თბილისის 158-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

სიტყვების დასწავლა უცხო ენაში რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამის გასამარტივებლად მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა ეფექტურ ხერხს ვიყენებთ:

1. ახალი სიტყვების ყუთი
ყველა შესწავლილ ახალ სიტყვას ვათავსებთ სპეციალურ ყუთში, რომელიც გვიდგას საკლასო ოთახში. გაკვეთილის ბოლო 5 წუთს ვუთმობთ ამ სიტყვების გამეორებას მათი განმტკიცების მიზნით. სიტყვებს ვცლით ყოველთვიურად, რათა პროცესში ახალი ლექსიკა მუდმივად მიემატოს და გასულიც არ დაგვავიწყდეს.

მიზანი:
მოსწავლეებში ახალი ლექსიკის სისტემატური გამეორების ჩვევის ჩამოყალიბება, სიტყვების გრძელვადიან მეხსიერებაში განმტკიცება და მათი აქტიურ მეტყველებაში გამოყენების ხელშეწყობა.

შედეგი:
მოსწავლეები უკეთ და სწრაფად იმახსოვრებენ შესწავლილ სიტყვებს, იზრდება მათი ლექსიკური მარაგი, უმჯობესდება მეტყველების სიზუსტე და თავდაჯერებულობა. რეგულარული გამეორება ამცირებს დავიწყების პროცესს და სწავლას უფრო სტრუქტურირებულსა და ეფექტურს ხდის.

2. სურათის და სიტყვების დაწყვილება
დაფის ერთ მხარეს ვათავსებ ფოტოებს, ხოლო მეორე მხარეს სიტყვებს, მოსწავლეებს ვთხოვ დააწყვილონ ისინი.

მიზანი:
ახალი ლექსიკის ვიზუალური აღქმის გზით დამახსოვრების ხელშეწყობა, სიტყვის მნიშვნელობასა და ვიზუალურ ასოციაციას შორის კავშირის ჩამოყალიბება.

შედეგი:
მოსწავლეები უფრო მარტივად და სწრაფად იმახსოვრებენ ახალ სიტყვებს, უვითარდებათ ყურადღება და დაკვირვების უნარი, ხოლო სწავლის პროცესი ხდება უფრო აქტიური და საინტერესო. ვიზუალური მასალის გამოყენება ხელს უწყობს სიტყვების ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანას.

3. ანბანის ასოებისა და სურათების დაკავშირება
ფორმატზე წინასწარ გამზადებულია ოთხკუთხა უჯრები, რომლებშიც ჩაწერილია ანბანის ასოები. მოსწავლეებს ვურიგებ სხვადასხვა სურათს. მათ უნდა გაიხსენონ სურათზე გამოსახული ნივთის სახელწოდება და განათავსონ შესაბამის უჯრაში, იმ ასოსთან, რომლითაც იწყება მოცემული სიტყვა. აღნიშნული თამაში განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებით კლასებში, როგორც ლექსიკის დასამახსოვრებლად, ასევე ანბანის განსამტკიცებლად.

მიზანი:
მოსწავლეებში ანბანის ასოების ცოდნის განმტკიცება, სიტყვის საწყისი ბგერის ამოცნობა და ახალი ლექსიკის გააქტიურება ვიზუალური მასალის გამოყენებით.

შედეგი:
მოსწავლეები უკეთ იმახსოვრებენ ანბანის ასოებსა და სიტყვებს, უვითარდებათ ლოგიკური აზროვნება და დაკვირვების უნარი. სწავლა მიმდინარეობს თამაშის ფორმით, რაც ზრდის ჩართულობასა და მოტივაციას და ამარტივებს უცხო ენის ათვისების პროცესს.

4. სიტყვების დასახელება კონკრეტულ ასო-ბგერაზე
გაკვეთილის ბოლო 5 წუთს პერიოდულად ვუთმობ ამ თამაშს. მოსწავლეებს ვაძლევ კონკრეტულ ასო-ბგერას (მაგალითად, „Bb“) და ვთხოვ, მორიგეობით დაასახელონ სიტყვები, რომლებიც აღნიშნულ ასო-ბგერაზე იწყება.

მიზანი:
მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გააქტიურება, ანბანის ცოდნის გამყარება და სწრაფი აზროვნების უნარის განვითარება.

შედეგი:
მოსწავლეები თავისუფლად იხსენებენ უკვე ნასწავლ სიტყვებს, უმჯობესდება გამოთქმა და მეტყველების სისწრაფე. აქტივობა ზრდის ჩართულობასა და თავდაჯერებულობას და ხელს უწყობს უცხო ენის ბუნებრივად გამოყენებას.

5. სურათზე სისწრაფით რეაგირება
საკლასო ოთახში ვაკრავ სხვადასხვა სურათს. გამოვიყვან რამდენიმე მოსწავლეს, ვასახელებ სიტყვას უცხო ენაზე და მოსწავლეებმა სწრაფად უნდა მიირბინონ და ხელი დაადონ იმ სურათს, რომელიც დასახელებულ სიტყვას შეესაბამება.

მიზანი:
მოსწავლეებში მოსმენილის სწრაფად აღქმის, სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობისა და რეაგირების უნარის განვითარება.

შედეგი:
მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში, უმჯობესდება მოსმენისა და ლექსიკის აღქმის უნარი, იზრდება ყურადღება და კონცენტრაცია. სწავლა მიმდინარეობს თამაშის ფორმით, რაც განსაკუთრებით ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს სიტყვების მყარად დამახსოვრებას.

6. სიტყვების აწყობა ასოებიან კუბიკებზე
ასაწყობ კუბიკებზე წინასწარ ვაკრავ ანბანის ასოებს. მოსწავლეებმა კუბიკები სწორ თანმიმდევრობით უნდა დააწყონ ისე, რომ მიიღონ სწორი სიტყვა. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს როგორც ახალი ლექსიკის დამახსოვრებას, ისე ანბანის განმტკიცებას.

მიზანი:
მოსწავლეებში ანბანის ასოების ცოდნის გამყარება, სიტყვების სწორად აწყობისა და წერის უნარის განვითარება.

შედეგი:
მოსწავლეები უკეთ იმახსოვრებენ სიტყვების მართლწერას, უვითარდებათ ლოგიკური აზროვნება. სწავლა თამაშის ფორმით მიმდინარეობს, რაც ზრდის ინტერესს, ჩართულობას და ეფექტურად ამარტივებს უცხო ენის შესწავლას.

7. „სისწრაფის ერთი წუთი“
სემესტრის შეჯამების მიზნით, ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეებს ვუნიშნავ ერთ წუთს. ამ დროის განმავლობაში მე ვამბობ უკვე შესწავლილ სიტყვებს ქართულად, ხოლო მოსწავლეები სწრაფად ასახელებენ მათ ინგლისურ შესატყვისებს. აქტივობისას ვითვლით, ვინ რამდენი სიტყვის სწორად დასახელება შეძლო. მოსწავლეები დიდი ინტერესით ელიან ამ თამაშს ყოველი სემესტრის ბოლოს, რაც მათ დამატებით მოტივაციას აძლევს ლექსიკის დამახსოვრების პროცესში.

მიზანი:
შესწავლილი ლექსიკის ცოდნის შემოწმება და შეჯამება, სწრაფი აზროვნებისა და რეაგირების უნარის განვითარება.

შედეგი:
მოსწავლეები ავლენენ საკუთარი ცოდნის დონეს, უმჯობესდება სიტყვების სწრაფად გახსენებისა და სწორად გამოყენების უნარი. აქტივობა ზრდის მოტივაციას.

schools.ge (ნ)