GE
20 დეკემბერი, 2022 11:00

„ეს ეხება მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც“ – პედიატრი ძმების პასუხები მშობლებს გავრცელებული ვირუსების შესახებ

ზამთრის სეზონზე გრიპი და გაციება არავის უკვირს, განსაკუთრებით იმ მშობლებს, რომლებსაც სკოლამდელი თუ სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ. ვიცით, რომ სკოლაში მოსწავლეები თითქმის ნახევარ დღეს ერთად ატარებენ. მათთვის ეს სივრცე საერთოა, ახლო ფიზიკური კომუნიკაცია აქვთ და ერთმანეთის ნივთებითაც ხშირად სარგებლობენ.

ალბათ, ყველას გვახსოვს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები, რომლებიც COVID 19-ის გავრცელების პირობებში სკოლებისთვის იქნა გაცემული.

მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებები საკლასო სწავლების აღდგენის შემდეგ

დღეს, როცა სხვა ვირუსები და გრიპიც მკვეთრად გააქტიურებულია და COVID 19 კვლავ მოქმედი ვირუსია, მსგავსი რეგულაციები აღარ არსებობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული პროცედურების დაცვა აუცილებელია და მხოლოდ COVID 19 არ უნდა იყოს გამონაკლისი.

სპეციალისტები თანხმდებიან კიდევ ერთ საკითხზე – ის ფაქტი, რომ რეგულაციები მოიხსნა, სულაც არ ნიშნავს, რომ მშობლები ყურადღებით არ უნდა იყვნენ, პირიქით.

EDU.ARIS.GE მშობლების დახმარებას შეეცადა და მათთვის აქტუალური კითხვებით ძმებ პედიატრებს, დავით და კოტე ჩახუნაშვილებს მიმართა, რომლებიც მედიცინის დოქტორები არიან და პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში.

პედიატრები გვიხსნიან რომელი ვირუსებია აქტუალური ამ სეზონისთვის, უნდა გავუშვათ თუ არა ბავშვი სკოლაში თუ აქვს ვირუსული სიმპტომატიკა, მაგრამ არ აქვს კორონავირუსი, რა შემთხვევაშია სავალდებულო მოსწავლე პირბადით გამოცხადდეს სკოლაში, როგორ უნდა მოიქცეს სკოლა და მშობელი თუ ბავშვს სკოლაშივე უფიქსირდება ტემპერატურა და რა უნდა გააკეთოთ მოსწავლის ჯანმრთელობის დასაცავად.

-ჩვენს მკითხველ მშობლებს და არა მხოლოდ მათ აინტერესებთ, რომელი სეზონური ვირუსები და ინფექციებია გავრცელებული ამ სეზონზე და შეუძლიათ თუ არა მათგან თავის დაცვა?

დავით ჩახუნაშვილი: პირველ რიგში გეტყვით, რომ COVID 19-ის ვირუსთან ერთად, სეზონურ რესპირატორულ ინფექციებს შორის შედის ისეთი ვირუსებიც, რომელიც ყველას გვქონია და განსაკუთრებით გავრცელებულია ზამთრის პერიოდში. მაგალითად, გრიპი, ე.წ ძველი კორონავირუსები, რესპირატორულ სინციტიური ვირუსი, რინოვირუსები. ეს ვირუსები ბავშვებში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება, რადგანაც ამ ასაკში ისინი ძალიან აქტიურები და სოციალურები არიან. ამასთან, ხშირად არ იცავენ ჰიგიენურ ნორმებს. მშობელი უნდა დააკვირდეს, რამდენად იცავს მისი შვილი ელემენტარულ ჰიგიენას, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს საკმარისია. უფრო მეტად მნიშვნელოვანია იყოთ ყურადღებით, ეკონტაქტოთ ექიმს და, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყოთ, რომ ამ ვირუსების შემდგომი გავრცელება არ მოხდეს.

-თქვენ ახსენეთ „ვირუსის შემდგომი გავრცელება“. ხშირად, ბავშვს, რომელსაც აქვს სიცხე და ვირუსის სიმპტომები, მშობლები მაინც უშვებენ სკოლაში, უწყობს თუ არა ეს ხელს ვირუსის გავრცელებას და გვითხარით, რა სიმპტომების დროსაა დაუშვებელი ბავშვის სკოლაში გაშვება?

კოტე ჩახუნაშვილი: ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს ინფექციაზე,  უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ბავშვი არ გავუშვათ ბაღსა თუ სკოლაში. მაგალითისთვის, სიცხის გარდა, შეიძლება იყოს ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ხველა, თვალიდან გამონადენი, კონიუქტივიტი, კუნთების ტკივილი და ნებისმიერი სხვა სიმპტომი, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ინფექციის დროს. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თუ   თქვენს შვილს მსგავსი სიმპტომები აქვს, ესტუმროთ ექიმს და არ გაუშვათ სკოლაში, რადგან ასეთ დროს, ინფექცია სხვებსაც აუცილებლად გადაედებათ.

-თუ ბავშვს სკოლაში სიცხე დაუფიქსირდება, როგორია თქვენი რეკომენდაცია სკოლის ექიმისა და ზოგადად სკოლისთვის, რა უნდა გაკეთდეს, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს?

დავით ჩახუნაშვილი: თუ სკოლაში ბავშვს ცხელება უფიქსირდება და აქვს იმ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც, პირველ რიგში, ბავშვმა უნდა თქვას ეს სკოლაშივე და მიმართოს სკოლის ექიმს. გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა აუცილებლად უნდა მისცეს პირბადე და პაციენტმა ანტიბაქტერიული ხსნარით დაიმუშაოს ხელები. რაც უფრო მალე ჩააყენებს სკოლა საქმის კურსში მოსწავლის მშობელს და სახლში გაუშვებს, მით უკეთესია, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სკოლიდან წასვლამდე, ჩემი რეკომენდაციაა, პაციენტი ექიმის ოთახში დარჩეს, რათა სხვა ბავშვებთან კონტაქტი აღარ ჰქონდეს. ამასთან გეტყვით, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ნებისმიერი ტიპის ჭურჭელი, ნივთი თუ ზედაპირი, ისედაც უნდა მუშავდებოდეს და სკოლებს ვურჩევ, აწარმოონ ე.წ დეზინფექცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ ბავშვს ნამდვილად ჰქონდა ინფექცია.

-პირბადის ტარების ვალდებულება სკოლებში აღარ არის, მშობლებს კი განსაკუთრებით აინტერესებთ ეს საკითხი, ურჩევდით თუ არა, ამ სეზონზეც დაიცვან თავი პირბადით?

კოტე ჩახუნაშვილი: ხშირად, საზოგადოებაში დამკვიდრებულია ასეთი წარმოდგენა, რომ პირბადე მხოლოდ ინფექციური პანდემიის დროს უნდა გაიკეთონ, ანუ მაშინ, როცა ეს რეგულაციად გაიწერება და სავალდებულო გახდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვირუსია გავრცელებული და გვაქვს თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება. თუ გაქვთ ვირუსული სიმპტომები, ან არის საფრთხე, რომ გარემოში, რომელშიც იმყოფებით იყოს ვირუსით ინფიცირებული ადამიანი, უნდა გაიკეთოთ პირბადე. ეს ეხება მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ თუ ბავშვები სხვა რეგულაციებს არ იცავენ, მხოლოდ პირბადის ტარება ვერ გამოიღებს შედეგს.

გვესმის, რომ ეს ყველაფერი – პირბადის ტარება, დისტანცია, პირადი ჰიგიენა, ძალიან რთულია, მოსწავლემ სკოლაში შეასრულოს, თუმცა ბევრ სკოლის მოსწავლეს ეს უნარ-ჩვევები უკვე გამომუშავებული აქვს და ნაკლებად უჭირთ მათი შესრულება. ამ უნარების განვითარებისთვის მშობლები აუცილებლად უნდა დაეხმარონ შვილებს და მაგალითიც მისცენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, სკოლაში ამ სეზონზეც უტარდებოდეთ მოსწავლეებს გაკვეთილები, რომლის დროსაც ისინი გაიცნობენ ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პროცედურებს და იმ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

EDU.ARIS.GE მადლობას უხდის პედიატრ ძმებს ინფორმაციული ინტერვიუსთვის, ჩვენს მკითხველ მშობლებს და არა მხოლოდ მათ კი შევახსენებთ, რომ ჩვენთან გამოგზავნილი არც ერთი აქტუალურ კითხვა არ რჩება უპასუხოდ და კვლავ შევეცდებით მიიღოთ პასუხები თქვენთვის საჭირო, აქტუალურ და მნიშვნელოვან შეკითხვებზე.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში