მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებები საკლასო სწავლების აღდგენის შემდეგ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.
15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და იმერეთის მოსწავლეებიც.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ირკვევა, მშობელთა დიდი ნაწილი არ არის დარწმუნებული გაუშვას თუ არა შვილი სკოლაში და აქვთ არაერთი კითხვა, EDU.ARIS.GE შეეცდება მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებით გამოაქვეყნოს სხვადასხვა ინფორმაციები.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ეხება სხვადასხვა რგოლსა დასაკითხს. მათ მიერ დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სკოლაში უსაფრთხოების წესები. მათ შორის საუბარია მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებებზე:
მოსწავლეების ვალდებულებები:
- დაიცავით ჰიგიენის წესები;
- დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
- დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
- დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
- დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
- სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
- არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
- ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
- სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
- სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
- სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
EDU.ARIS.GE-მ განათლების სამინისტრის მიერ სკოლებისთვის გადაგზავნილი ის დოკუმეტიც მოიპოვა, სადაც ასევე საუბარია იმაზე, რომ მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია და აღნიშნულია რა უნდა გაითვალისწინოს მათ:
- ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
- სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37O და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;
- ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;
- უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;
- სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;
- დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;
ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიიღოს სკოლისგან ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge.
- ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტით გაწერილია მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვის საკითხიც, რისი ორგანიზებაც სკოლას ევალება, მშობლებმა კი უნდა ითანამშრომლონ:
თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი:
“უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის საკითხებზე. იქონიეთ უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV-2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება