„ეს იყო ემოციების ფოიერვერკი“ – თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი ფრენბურთის ჩემპიონატზე
19-20 მარტს, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ფრენბურთის შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. სკოლის დირექტორი, მაგდა ბარამაძე გვიყვება, რომ თავადაც იყო ჩართული ჩემპიონატის საკითხების მოგვარებაში.
„ჩავატარეთ კენჭისყრა, შევარჩიეთ სიგელების დიზაინი, თასები… ორ ასაკობრივ კატეგორიად დავყავით მოსწავლეები. VII და VII კლასები -ცალკე და X-XI კლასები ცალკე ასპარეზობდნენ. ცალ-ცალკე გადაეცათ ჯილდოები პირველ და მეორე კატეგორიაში გამარჯვებულებს. გვყავდა მოწვეული მსაჯები – პროფესიონალი ფრენბურთელები, რომ გამოგვერიცხა და მინიმუმამდე დაგვეყვანა მიკერძოება.
„ამ ჩემპიონატის ჩატარებამ სკოლაში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. თამაშებიც ძალიან საინტერესო იყო და ბავშვებიც უზომოდ კმაყოფილები არიან, თუმცა ჯერ გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, რომ შეგვეჯამებინა შედეგები, თუ როგორი გამოხმაურება გვაქვს თვითონ ბავშვებისგან. როგორც წესი, ყველა აქტივობის შემდეგ ვატარებთ ასეთ გამოკითხვას, რათა დავადგინოთ ხარვეზები და შემდგომისთვის გავითვალისწინოთ. ის კი ვიცით, რომ ეს იყო ემოციების ფოიერვერკი. მართალია, ცოტა გაგვიჭირდა ამ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ძალიან სერიოზულად ვაკონტროლებდით დამსწრეთა შემოსვლას და ვცდილობდით, დაგვეცვა რეგულაციები. ამიტომაც, ღონისძიება არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც სჩვევია ჩვენს სკოლას“, – ამბობს სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან.
მაგდა ბარამაძე მიიჩნევს, რომ სპორტული აქტივობა, გარდა იმისა, რომ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას უწყობს ხელს, მათ აჩვევს ასევე გადაწყვეტილების მიღებას და მოსალოდნელი საფრთხეების განსაზღვრას.
„მიმაჩნია, რომ სპორტული აქტივობა არის აუცილებელი. რადგან მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ იყო ინიცირებული ეს ღონისძიება, მოსწავლეებს ხელი შეუწყო იმაში, რომ თავიანთი წინადადებების დაყენება ისწავლონ, ასევე – მოსალოდნელი საფრთხეების განსაზღვრა, დაგეგმილის განხორციელება და შეჯამება. ამის გარდა, მოსწავლეთა მოტივაციას და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, მანამდე, ორი კვირის განმავლობაში, მოსწავლეების იკრიბებოდნენ იმისთვის, რომ ევარჯიშათ. გრაფიკი გვქონდა შედგენილი, რომ სპორტდარბაზში მორიგეობით შესძლებოდათ ვარჯიში.
„ყველაზე კარგი რაც იყო, ისიც არის, რომ ფრენბურთის ჩემპიონატზე გვყავდა ინტეგრირებული ჯგუფები, ანუ კლასებს ჰყავდათ გოგოებისა და ბიჭებისგან დაკომპლექტებული გუნდები და ფაქტობრივად გენდერული დისბალანსიც აღმოიფხვრა, რაც ძალიან მიხარია. დავადასტურეთ, რომ არ არის პრობლემა, გოგოებმა და ბიჭებმა ერთ გუნდში ითამაშონ და მისცენ ერთმანეთს შანსი, საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ სქესის მიუხედავად“, – გვითხრა მაგდა ბარამაძემ.
სკოლის დირექტორს თქმით, სკოლაში დაგეგმილია ასევე ფეხბურთის და კალათბურთის ჩემპიონატების ჩატარება. VII კლასელთა შორის ფეხბურთის ჩემპიონატის ორგანიზებას კი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით, ძველი თბილისის რაიონის მასშტაბით გეგმავენ.
„ჯერ ფრენბურთის ჩემპიონატი ჩავატარეთ. აპრილის თვეში კალათბურთის ასპარეზობას ვატარებთ. სააღდგომო არდადეგების მერე რომ დავბრუნდებით, ბიჭებისა და გოგონების გუნდების ფეხბურთის ჩემპიონატს გავმართავთ.
„VII კლასელთა შორის ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარება რაიონის მასშტაბით გვინდა, რაშიც რესურსცენტრი დაგვეხმარება. გააჩნია, რამდენი სკოლა გამოთქვამს სურვილს. თუ 4 სკოლა მოინდომებს, შეგვიძლია, ვუწოდოთ ოთხთა ტურნირი, რომელსაც მომავალშიც დავამკვიდრებდით. კონკრეტულად VII კლასელებში გვინდა ამის განხორციელება, რადგან ეს ისეთი ასაკობრივი კატეგორიაა, რომ ვერც პატარების ჩემპიონატებზე გადიან და ვერც – უფროსების, ზღვარივით არის. ვინც ფეხბურთს თამაშობს, მათ მოტივაციას ამ ასაკში, დიდი მნიშვნელობა აქვს და ასე დავეხმარებით“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ფრენბურთის ჩემპიონატის შედეგების თანახმად, 23-ე საჯარო სკოლაში I ასაკობრივ კატეგორიაში 2021-2022 სასწავლო წლის ჩემპიონია XI გ კლასი, ხოლო II ასაკობრივ კატეგორიაში 2021-2022 სასწავლი წლის ჩემპიონია VIII გ კლასი.