GE
30 დეკემბერი, 2020 15:10

ესთეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებული საინტერესო შეხვედრა მაარიფის სკოლაში

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლაში ესთეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. ამ საღამოს წარმოდგენილი იყო სემესტრის განმავლობაში განხორციელებული პროექტები.

წლის დასაწყისში კათედრის წევრებმა მიზნად დაისახეს, მოსწავლეებისთვის ონლაინ სწავლება სახალისო და სასიამოვნო გაეხადათ; მათი ამოცანა იყო ბავშვების შემოქმედებითი უნარების წინ წამოწევა, ნიჭის გამომჟღავნებაში ხელის შეწყობა და მოსწავლეთა მიღწევების სასკოლო საზოგადოებისთვის წარდგენა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ისეთ პროექტებში, როგორებიცაა ,,გააცოცხლე მხატვარი” და ,,ჩარლი ჩაპლინი”. თითოეულ ბავშვს აქტიურობისათვის გადაეცა სერტიფიკატი. თუმცა მოსწავლეთა აქტიურობა მხოლოდ პროექტებში ჩართულობით არ გამოიხატებოდა, მათი საკითხისადმი ინტერესი ყოველდღიურად, საგაკვეთილო პროცესის დროსაც, იგრძნობოდა. ამას მოწმობს მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები – ნაშრომები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ქმნიდნე.

“თემატური ბლოკის ფარგლებში ,,მუსიკის როლი კინოში“ ვიმუშავეთ პროექტ ,,ჩარლი ჩაპლინზე“. ამ პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება კინომუსიკის გამომსახველობითი ხერხების გამოყენება პერსონაჟთა შინაგანი განცდების გადმოსაცემად; შეიტყვეს, რომ მუსიკა თეატრში, კინოსა თუ ტელევიზიაში სხვადასხვა როლს ასრულებს; გაიგეს, რომ იგი შეიძლება იყოს მთავარი ან მოქმედების ილუატრაციას ახდენდეს, გადმოგვცემდეს ამა თუ იმ რეჟისორის განწყობასა თუ ემოციურ მდგომარეობას.

მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას მოირგეს ჩარლი ჩაპლინის როლი და შექმნეს მოკლე ვიდეორგოლი. ამგვარი აქტივობა თითოეულ მათგანს დაეხმარება როგორც მოსაზრების თავისუფლად გამოთქმაში, ისე საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში. მათთვის ეს არის მოტივაცია და დიდი სტიმული სამომავლო მიზნების განსახორციელებლად.

შემაჯამებელმა საღამომ ყველას დაანახა, რომ ესთეტიკის კათედრა ზრუნავს მოსწავლეების განვითარებაზე, ხელს უწყობს მათში ახალი ინტერესების აღმოჩენასა და გაღვივებას”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ.

Aris.ge - განათლება განათლება