ფანტაზიის, მოთმინების, კონცენტრაციის და მათემატიკური უნარების განვითარება – სკოლაში გამართული საჭადრაკო ტურნირის მიზანი
რუსთავის 13-ე საჯარო სკოლაში ჭადრაკის შიდა ტურნირი “გაზაფხულის მერცხლები – 2022” გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა:
I ადგილი – ანდრეა სუხიტაშვილი
II ადგილი – გიორგი ძებისაშვილი
III ადგილი – დემეტრე ტატაშიძე.
სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი, ვახტანგ წვერავა EDU.ARIS.GE-ს მოუყვა, როგორ შეარჩია სკოლის მოსწავლეები ტურნირისთვის და რა უნარები უვითარდებათ, როდესაც ბავშვები ჭადრაკს თამაშობენ.
„პირველ ადგილზე გავიდა III კლასის მოსწავლე და მეორე და მესამე ადგილებზე – VI კლასელები. საუკეთესო მოთამაშეები შევარჩიეთ სხვადასხვა კლასიდან და ისე ჩავატარეთ ეს ტურნირი. ჭადრაკი ისეთია, არ აქვს მნიშვნელობა, III კლასელი VIე კლასელს ეთამაშება, თუ უფრო პატარას ან უფრო დიდს. მთავარია, როგორ თამაშობს ბავშვი. ისე არ ყოფილა, რომ III კლასელმა ყველას მოუგო – იკრიბება ქულები და მერე დგინდება გამარჯვებული. ყველა მონაწილემ ერთი პარტია მაინც წააგო და ასევე, ყველამ თითო პარტია მაინც მოიგო. მონაწილეები თანაბარი ძალის მეტოქეეები იყვნენ.
„ჭადრაკის თამაში ბავშებს მათემატიკურ აზროვნებას, ლოგიკას უვითარებს და ზოგადად, სწავლის პროცესში ეხმარება მხოლოდ მათემატიკის კი არა, სხვა საგნების დაძლევაში. უვითარდებათ ფანტაზიის, მოთმინების, კონცენტრაციის უნარი. მოთმენა, დაცდა უნდა შეგეძლოს და არც მოდუნება შეიძლება ჭადრაკის თამაშისას.
„ტურნირებში მონაწილეობა აუცილებელია გამოცდილების მისაღებად. ეს ამბავი კარგად ესმის სკოლის დირექტორ ლელა ქურდაძეს, რომელიც ყველანაირად დაგვიგდგა მხარში. ამ დროს ბავშვი უფრო მეტად მოტივირებულია და ბრძოლისუნარიანობა უყალიბდება. მომავალში რომ განვითარდეს ადამიანი, როგორც მოჭადრაკე, ამისათვის საჭიროა, ბევრ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა, რადგან სატურნირო გამოცდილება ზრდის მოჭადრაკეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ვახტანგ წვერავამ.
ჭადრაკის შიდა ტურნირის მორიგი ეტაპი სკოლაში მიმდინარე წლის ივნისის თვეშია დაგეგმილი, თუმცა ვახტანგ წვერავას უფრო დიდი გეგმებიც აქვს – უნდა, სკოლები შეაჯიბროს ერთმანეთს ან სულაც, ქალაქ რუსთავის საჭადრაკო ჩემპიონატი ჩაატაროს.