GE
1 მაისი, 2025 10:18

მოსწავლეთა გაცდენების ექსტერნი გამოცდების სტანდარტი სკოლებისთვის – ყველა პრევენციული ღონისძიება გამოცდილი სასწავლო ნაწილისგან

სკოლაში რეგულარული დასწრება მოსწავლის აკადემიური წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსწავლეებს შესაძლოა გაუჭირდეთ ყოველდღიური გამოცხადება გაკვეთილებზე, რაც საბოლოოდ დიდი რაოდენობით გაცდენებს იწვევს.

EDU.ARIS.GE-ს  რესპონდენტი, თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელობის 94-ე საჯარო სკოლის გამოცდილი სასწავლო ნაწილი, დირექტორის მოადგილე, ეკა ლიჩელი-ხერხეულიძე იქნება, რომელიც სპეციალურად სკოლებისთვის, ყველა იმ პრევენციული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გთავაზობს, რაც ექსტერნის გამოცდის ორგანიზების პროცეშში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს.

ქალბატონი ეკა, საკუთარი სკოლის მაგალითზე გეტყვით, როგორ შეძლოთ ექსტერნის პრევენცია, ასევე როგორ დაგეგმოთ და დააორგანიზოთ ის.

მითითება: ეროვნული სასწავლო გეგმის მე-8 მუხლის, მე-11 პუნქტის შესაბამისად: თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

გაცდენების ექსტერნის გამოცდა – პირველი ეტაპი:

სასწავლო წლის დაწყებისთანავე სკოლის საგაკვეთილო ცხრილზე დაყრდნობით იქმნება კლასებთან გამოსაკრავი ინდივიდუალური ცხრილი, სადაც სასწავლო დღეების მიხედვით გაწერილ ცხრილთან ერთად, ასახულია კონკრეტულ საგანში გაცდენების მინიმალური ზღვრული რაოდენობა (ის 30% დათვლილია თითოეულ საგანში რამდენ გაკვეთილს უდრის, შესაბამისად მოსწავლეც და მშობელიც საკუთარ ცხრილშივე ხედავს ამას ციფრებით და მარტივად აღიქვამს სად შეიძლება იყოს ზღვარი), რომლის გადაჭარბების შემთხვევაში მოსწავლე ფასდება ექსტერნის ფორმით. ეს ინფორმაცია წლის დასაწყისშივე მიეწოდებათ მშობლებს.

მეორე ეტაპი:

გამოცდის დანიშვნასთან ერთად, იქმნება საგნობრივი კომისიები, და ასევე საპრეტენზიო კომისია.

მესამე ეტაპი;

გამოცდების დანიშვნამდე წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მოსწავლეებს უტარდებათ საგნობრივი კონსულტაციები. ასევე, მოსწავლეები ვალდებულები არიან ექსტერნის გამოცდისთვის რეგისტრაცია გაიარონ სკოლაში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.

სკოლაში დასაგეგმი და განსახორციელებელი ღონისძიებები ღონისძიებები, ექსტერნის პრევენციისთვის:

  • რეგულარული კონტროლი გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება;
  • ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან და მოსწავლეებთან;
  • გაცდენების მიზეზების ანალიზი და მიზნობრივი მენტორული მხარდაჭერა.
  • რისკჯგუფში მყოფი მოსწავლეების და მათი მშობლების სკოლის ფსიქოლოგთან შეხვედრებისა და საუბრების ორგანიზება;
  • დამატებითი სასწავლო მხარდაჭერა;
  • დამხმარე გაკვეთილები ან ონლაინ რესურსები გაცდენების ამოსანაზღაურებლად;
  • თანატოლთა მხარდამჭერი ჯგუფები;
  • მოსწავლეების ჩართვა კლუბებსა და გუნდურ აქტივობებში, რაც ეხმარება მათ სკოლასთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნაში.

დასკვნა: გაცდენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა სწორი მართვისა და პრევენციის გზით შესაძლებელია როგორც მათი რაოდენობის შემცირება, ასევე თითოეული მოსწავლის მხარდაჭერა სწავლის პროცესში წარმატების მისაღწევად.

ქალბატონმა ეკამ გვითხრა, რომ სკოლაში, რომელშიც თავად არის დასაქმებული, ამ და სხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია ექსტერნის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა. “თითქმის არ გვყავს მოსწავლე, რომელმაც უარყოფითი შეფასების საფუძველზე ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე”, – ამბობს 20 წლიანი გამოცდილების მქონე სასწავლო ნაწილი.

ასევე იხილეთ:

4 საახალწლო ნაძვის ხე და გაზიარებული პასუხისმგებლობა – დირექტორი საკუთარი სკოლის გამოცდილების შესახებ გესაუბრებათ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში