გიმნაზია აია–GESS მოსწავლეებმა იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს
გიმნაზია აია–GESS მოსწავლეებმა ელენე მელიქიძემ, ნინი ხუნძაყიშვილმა და თამარ მიქელაძემ იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს. ისინი 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.
საზაფხულო სკოლა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ახალი პროექტია, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობენ. მისი მიზანია, გააცნოს ახალგაზრდებს საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპები; დაეხმაროს მათ სამოქალაქო ღირებულებების გააზრებაში; საზაფხულო სკოლის პროექტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამისთვის 30 მოსწავლე მათემატიკური ტურის შედეგებით შეირჩა. ტური საქართველოს 5 ქალაქში − თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში − ერთდროულად ჩატარდა, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის კი, ყვარლის სასწავლო ცენტრში ტრენინგი დაიგეგმა.
ყვარლის სასწავლო ცენტრს იუსტიციის მინისტრი ესტუმრა. თეა წულუკიანი საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა და ესაუბრა.
პროექტის დასრულების შემდეგ ტრენინგის ყველა მონაწილეს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
საზაფხულო სკოლიდან მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.