„გიორგი, ბებიკო, ნიჭიერი ხარ და ვიცი, გახდები კომაროველი!“ – გულშემატკივრების უწყვეტი რიგი კომაროვში მისაღები წვიმიანი გამოცდიდან (+ფოტო)
მომავალი ინჟინრები, მათემატიკოსები, ასტრონომები, გამომგონებლები, მეცნიერები.. აბა, გამოიცანით, ასე ერთად სად შეიძლება შეიკრიბონ ამ პროფესიებზე მეოცნებე პატარები და მათი ერთგული გულშემატკივრები. მათი გაჩერება ამჯერად 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრია და ეს ბავშვები დღეს, 20 ივლისს, ასეთ წვიმიან ამინდში, კომაროვის სკოლაში მოსახვედრად მოვიდნენ. როგორც გავარკვიეთ, 900 გამოსაცდელიდან მხოლოდ 125 ბავშვი უნდა შეირჩეს. იმ ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდის ჩასაბარებლად, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავად ატარებს, ბავშვები მზად არიან.
ბებოები, ბაბუები, მამები, დედები, ოჯახის ახლობლები… ასეთი ერთიანობა ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტებისთვისაც კი უცხოა.
“კომაროვის სკოლაში სწავლის გაგრძელება ჩემი დიდი ოცნებაა. მინდა, გამოვიგონო ახალი მათემატიკური ფორმულები და ყველა რთული ამოცანა ამოვხსნა “, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მომავალი ინჟინერი, მეექვსეკლასელი ლუკაკო.
ჩვენს ყურადღებიან თვალს არ გამორჩენია აღელვებული ბებოებისა და ბაბუების რიგიც. მაია ბებო, რომელიც შვილიშვილის, გიორგი ნინიკაშვილის, საგულშემატკივროდ დილიდან აქ არის, გვიხსნის, რატომ უნდა მისი შვილიშვილი კომაროველი გახდეს.
“გიორგი ძალიან ნიჭიერია. ვიცით, რომ მარტივი არ არის, მოხვდე 900 კანდიდატიდან 125-ში, მაგრამ ჩვენ გვჯერა მისი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების. გიორგი, ბებიკო, ნიჭიერი ხარ და ვიცი, გახდები კომაროველი” , – ასე აცილებს შვილიშვილს გამოცდაზე აღელვებული მაია ბებო.
გაინტერესებთ რატომ სურს გიორგი ნინიკაშვილს კომაროველობა? – აი, მისი ისტორია:
“გამოცდას მე-7 კლასში მოსახვედრად ვაბარებ. კომაროვი მამაჩემსაც აქვს დამთავრებული. ძლიერი ვარ მათემატიკაში, აქ სწავლობენ ჩემი მეგობრები. ისე კარგად მოვემზადე, ღამე რომ გამაღვიძონ, მახსოვს ყველა ფორმულა. ძალიან კარგად ასწავლიან სხვა საგნებსაც, მაგრამ მინდა, მათემატიკოსი ვიყო და იმ 125 წარმატებულ მოსწავლეს შორის მოვხვდე. დიდ გოჩა მასწავლებელთან დავდივარ შაბათის სკოლაში და მინდა გოჩა მასწავლებელმა და თაზო მასწავლებელმა [თაზო ლოლიშვილი] მასწავლოს იქაც”.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბავშვებმა ცენტრის თანამშრომლებისგან უდიდესი სიყვარული და აღფრთოვანება დაიმსახურეს. მათ ყველა ეფერება და გულშემატკივრობს. ამბობენ, რომ ასეთი მობილიზებული პატარა ახალგაზრდები ჯერ არ უნახავთ. პატარები იმდენი არიან, 20-20 რიგად შეჰყავთ.
როგორც ხედავთ, აქ ყველას მიზანია, გახდეს კომაროველი. კომაროველობა კი მარტივი რომ არ არის, ამაზე ეს რიცხვებიც მეტყველებს – 900-დან 125 რჩეული მოსწავლის შერჩევა, მართლაც გამარჯვება და დიდი წარმატებაა.
EDU.ARIS.GE წარმატებას უსურვებს თითოეულ გამოსაცდელს და მათ ერთგულ გულშემატკივრებს.
მოამზადა მზეო შველიძემ