GE
6 მაისი, 2022 17:27

ილუზიების სამყარო, მელოდიები კინოფილმებიდან თუ იაპონური ბაღი – რომელს აირჩევდით?

EDU.ARIS.GE გთავაზობთ იმ ადგილებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებსაც 6-13 მაისის პერიოდში შეგიძლიათ ესტუმროთ და ისიამოვნოთ:

თბილისის ილუზიების მუზეუმს შეგიძლიათ მიაკითხოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან – მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან – ერთად, ვინაიდან მუზეუმი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის და ყველა თაობის წარმომადგენელზეა გათვლილი.

„გამოიჩინეთ სიმამაცე და შეაბიჯეთ ილუზიების გვირაბში, რომელიც გაგაოცებთ და დაგაჯერებთ, რომ ნაბიჯის გადადგმა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე, მბრუნავი ცილინდრისკენ არც თუ ისე მარტივია. იხილეთ თქვენი დეფორმირებული გამოსახულება მრუდე სარკეების ოთახში, გათავისუფლდით უსასრულობის ოთახში, გაუწიეთ წინააღმდეგობა მიზიდულობის კანონს და გადაიღეთ ამ გამოცდილებების აღმბეჭდავი უამრავი სელფი! მოატყუეთ თვალი და ავარჯიშეთ გონება! ეს ბრწყინვალე და მხიარული შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. ჩვენი ექსპონატების დათვალიერებისას, თქვენ აუცილებლად გაოცდებით!“ – ასე წარუდგენს მუზეუმს ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს.

აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჰოლოგრამების კოლექციით, იხილოთ ყველა ოპტიკური ილუზია და ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული ინსტალაცია. მუზეუმის საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ. აუცილებლად უნდა მოინახულეთ სათამაშო ოთახი, რომელიც სავსეა დამაინტრიგებელი და ამავე დროს საგანმანათლებლო თამაშებითა და გამოცანებით, რაც გონების ერთგვარი ვარჯიშიც არის.

ილუზიების მუზეუმი მდებარეობა თბილისში, ბეთლემის N10-ში და მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა. სამშაბათი – პარასკევი: 16:00-22:00 საათამდე და შაბათ-კვირას 13:00-22:00 საათამდე.

8 მაისს, 20:00 საათზე თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს ქართველი კომპოზიტორების -არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, ბიძინა კვერნაძის, გიორგი ცაბაძის, გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძისა და და ვახტანგ კახიძის პოპულარულ სიმღერებს, სხვადასხვა ქართული კინოფილმებიდან, რომელსაც შეასრულებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ქართველი მომღერლები – ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დავით ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძე.

კახიძის მუსიკალური ცენტრი მდებარეობს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N123-ში.

კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასვენების დღეები ან თუნდაც საათები გაატაროთ, თბილისის ბოტანიკური ბაღია. აქ ყველა სეზონი საუკეთესო პერიოდად ითვლება.

ბოტანიკური ბაღი სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს და შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქ ნახავთ მრავალფეროვან ვარდებს, იასამნების კოლექციას, წიწვოვანთა კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში ჩაფლულ ხიდებსა და შადრევნებს. ბაღში მოწყობილია დასასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები ხეივნებსა და მოყვავილე ბაღებს შორის, ბელვედერი, საიდანაც ბოტანიკური ბაღის ზედხედით დატკბებით.

ბოტანიკურ ბაღში, რომელიც მუშაობს ყოველდღე, 09:00 – 18:30 საათამდე, არის საბავშვო სივრცეც საქანელებითა და სხვა გასართობებით. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ბაღის ტერიტორიაზე ასევე არის საცოცი კლდეც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის. ბაღის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო ტურებსაც შემოგთავაზებენ, როგორიცაა: შემეცნებითი ტური, საბავშვო მარშრუტი, ველო მარშრუტი და ტური ელექტრომობილებით.

6, 7, 8, 9 და 10 მაისს 16:20 საათზე კავეა სითი მოლში შეგიძლიათ დაესწროთ ფილმის, – „სპაიდერ-მენი: სახლისკენ გზა არ არის“ – ჩვენებას.
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო
რეჟისორი: ჯონ უოტსი
როლებში: ზენდაია, ტომ ჰოლანდი, ბენედიქტ კამბერბეჩი, მარისა ტომეი
სცენარი: კრის მაკკენა,ერიკ სომერსი, სტენ ლი,სტივ დიტკო

ფილმზე რეკომენდირებულია მშობლის დასწრება.

„საგზაო ნიშნები“ – ასე ჰქვია რეჟისორ მარიამ გაგლოშვილის სპექტაკლს, რომელიც თბილისის გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ 8 მაისს, 12:00 საათზე. სპექტაკლი რეკომენდებულია 4 წლიდან.

„წარმოდგენა ექსპერიმენტული თეატრალური ფორმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც მოქმედი პერსონაჟები ავტომობილებისა და საგზაო ნიშნების სახით არიან წარმოდგენილნი. სპექტაკლი ემიჯნება დადგმის ტრადიციულ კულტურას და თავისი ორიგინალური სიუჟეტით მაყურებლის ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. თუკი ჯერ კიდევ არ იცით საგზაო ნიშნების ცნობა, მაშინ ჯადოსნურ სამყაროში თქვენი მეგზურები პატარა ავტომობილები იქნებიან. წინ საინტერესო თავგადასავალი გელით, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გზის სირთულის დაძლევა და რაც მთავარია, პირადად გაიცნობთ საგზაო ნიშნებს“, – იტყობინება თოჯინების თეატრი, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N136-ში მდებარეობს.

თოჯინების თეატრი 10 მაისი 12:00 და 14:00 საათზე ასევე გეპატიჟებათ სპექტაკლ „ბატის ჭუკის“ სანახავად. ცელქი ბატის ჭუკის მხიარულ ამბავში თავად შეგიძლიათ ჩაერთოთ, რადგან ეს გახლავთ ინტერაქტიული სპექტაკლი, რომელშიც მაყურებელი მონაწილეებთან ერთადაა ჩართულული.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში